„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დავით, მედიით, დოკუმენტებზე დაყრდნობით გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ექსპერტთა ერთ ჯგუფს, ე.წ. გარე სპიკერებს, ყოველთვიურ გასამრჯელოს უხდიდა, რომ მედიაში ეს პარტია და ბიძინა ივანიშვილი დაეცვათ, ხელისუფლების ინტერესები გაეტარებინათ და ოპონირება გაეწიათ „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის. ამ პროცესს, „ტვ–პირველის“ ინფორმაციით, ლაშა ნაცვლიშვილი კურირებდა. თქვენ „ტვ–პირველს“ განუცხადეთ, რომ იცოდით ამის შესახებ და ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ. თუ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გვითხარით ამის შესახებ. თავიდანვე ლაშა ნაცვლიშვილი კურირებდა ამ ამბავს?
– სიმართლე გითხრათ, ეს ლაშა ნაცვლიშვილის იდეა მგონია. ეტყობა ხოლმე ნაცვლიშვილის ხელი და ხელწერა „ქართულ ოცნებას“. ზოგადად ეს ჩვეული ამბავია უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლებისა. მათ უყვართ ყველაფერზე კონტროლი, სადამდეც მიუშვებენ, იქამდე აკონტროლებენ და კომენტატორების კონტროლზეც არიან გადასულები. ლაშა ნაცვლიშვილიც ხომ უშიშროების ყოფილი თანამშრომელია? ეს ამბავი იმის მერე დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ქება სამარცხვინო გახდა. ყოველთვის მოიძებნება ადამიანების კატეგორია, რომლებიც ფულის გულისთვის ყველაფერს ჩაიდენენ და ეს იმ კატეგორიის ხალხია, რომელიც დღეს გამოდის და ფულის გულისთვის აქებს და ადიდებს „ქართულ ოცნებას“. ყველა თავმოყვარე პიროვნებას, დეპუტატს თუ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ იყო, გულწრფელად თუ ჩაეკითხებით, გიპასუხებენ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე აღარ არის ის პოლიტიკური ძალა, პარტია, რომელიც შეიძლება ადამიანმა აქოს. მაგ პარტიაში აღარანაირი პატრიოტული სული აღარ დარჩა. იქ არის მონური სული, ყველაფერი აწყობილია ერთი კაცის საამებლად. მუდამ იმის ფიქრში არიან, რა მოიგონონ იმ კაცის, ბიძინა ივანიშვილის საამებლად და ამითაც მას ძირს უთხრიან, რადგან მონები ვერასოდეს ვერავის ვერ იცავენ. პირიქით, მონები სხვებს აზიანებენ.
– ბიძინა ივანიშვილი რომ დაბრუნდა პოლიტიკაში და ხელახლა გახდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 2018 წლის გაზაფხულზე, მაშინ დაიწყო ამ ვითომ ნეიტრალური ექსპერტებისთვის, ამ „გარე სპიკერებისთვის“ ფულის გადახდა?
– კი, მანამდე ეს არ იყო. ეს ადამიანები არ იყვნენ გიორგი კვირიკაშვილის დროს, როდესაც ის იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. მაშინ ბევრად მეტი თავისუფლება იყო, აზრის გამოთქმა მაინც შეიძლებოდა, ამაში ბევრი დამეთანხმება. უმრავლესობა იკრიბებოდა, საკითხების საკმაოდ ჯანმრთელი განხილვები მიდიოდა, ჩვენ ასე გვეგონა, ყოველ შეთხვევაში. თუმცა, მანამდეც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მერე (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ნოემბერში გაიმართა. – ლ.ჯ), დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში, თურმე კვირიკაშვილს ცალკე იბარებდნენ… ეს მერე გამოჩნდა კიდეც, როდესაც რამდენიმე მინისტრი გადაუყენეს, რომელთა შეცვლასაც ის არ აპირებდა და ძირისმთხრელები დაუნიშნეს მინისტრებად.
– უკაცრავად ჟარგონზე და, მერე პოლიტსაბჭო „მოტეხეს“ და გადაწყვეტილებებს მის ზურგს უკან იღებდნენ მდინარაძე–თალაკვაძე–კობახიძის გუნდი, ცხადია, ივანიშვილთან შეთანხმებით.
– კი, ერთგვარი არაფორმალური მმართველობა ამ ხალხის სახით შეიქმნა შიგნით, პარტიაში. ამის მერე დაიწყო ყველა დიდი უბედურება, რაც დაატყდა თავს „ქართულ ოცნებას“. მათ შორის, ამ ხალხისთვისაც ფულის გადახდა მაშინ დაიწყო „ქართული ოცნების“ დაცვის სანაცვლოდ.
– ბატონო დავით, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ “გამპრავებლების“ და მათთვის გადახდილი თანხების უფრო გრძელი სიაც მალე დაიდება. ვგულისხმობ კოკა ყანდიაშვილსა და მის
„ტროლების ფაბრიკის“ სახელით ცნობილ ორგანიზაციას. „ფეისბუკში“ „ქართული ოცნების“ უამრავი ფეიკ–სააგენტოებია, ფეიკ–გვერდები, რეალური პიროვნებებიც, რომლებიც მის „გაპრავებაში“, ცხადია, ფულს იღებენ.
– არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რა გამოქვეყნდება და რა არა. ერთი ვიცი, რომ ყველა მისი საქებარი სიტყვა „ქართულ ოცნებას“ ფული უჯდება. ჩვენმა ხალხმა ის უნდა გაიგოს, რომ ეს მათი ჯიბიდან ამოღებული ფულია, მათი ფულის ხარჯზე ხდება მათივე გაბრუება და მათი შეცდომაში შეყვანა. ჩვენ ბოლო პერიოდში ვუყურეთ, რომ უკვე ორჯერ იყო პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში. მისი სიტყვები, რეალური მდგომარეობისგან განსხვავდება, რასაც ის ამბობს, მხოლოდ და მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნაზე რჩება. ლოჟაში მჯდომი მინისტრებიც კი არ უსმენენ მას, მათაც კი არ აინტერესებთ პრემიერის საუბარი. როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა, ზოგი მინისტრი თვლემდა, ზოგი იცინოდა და როდესაც მინისტრებსაც არ აინტერესებთ პრემიერის გამოსვლა, ეს ნიშნავს, რომ ის საპარლამენტო პრემიერ–მინისტრია და არა მთავრობის რეალური თავმჯდომარე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ როდესაც ამ დაპირებებს იძლევა გახარია, რომ იძახის, ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთ, რეალურად ის არ ფლობს სიტუაციას. ხალხი ამას უყურებს. ამბობს რაღაცას გახარია, იძლევა რაღაც დაპირებებს და შემდეგ აბსოლუტურად გაუგებარ სიტუაციაში ვარდება. როგორ შეიძლება ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ხალხს ეუბნებოდეს, მიწები დაირეგისტრირეთო და მერე ირკვევა, ვინც სოციალურად დაუცველია, ის ოჯახი თუ დაირეგისტრირებს, სოცდახმარებას დაკარგავთ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოცემული კანონით ვცხოვრობთო. ხალხს სოფლად ეუბნებიან, 200 ლარს მოგცემთ ერთ ჰექტარ მიწაზეო და მიწის აზომვითი ნახაზი რომ გააკეთო და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირო, თითქმის ეგ თანხა უნდა დაგიჯდეს. ისე კიდევ ფულს არ აძლევენ ამ ხალხს. ყველაფერი ძალიან ზედაპირულია. არაფერი კეთდება ხალხის დასახმარებლად. ტრაქტორებთან დაკავშირებით, ვითომ უნდა გამოეცხადებინათ ტენდერები და უკვე წინასწარ იყო გამზადებული სია და ის გამოკიდეს.
იპოთეკური სესხებისა და დეველოპერების საკითხია და ესეც კონკრეტულ ბიზნეს–ჯგუფების ინტერესებს არის მორგებული. ისევ „აქსისი“, ემ2, „საქართველოს ბანკისა“ და სხვა ბანკების სამშენებლო კომპანიები მიიღებენ ამ დახმარებას, კალაძესთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიები გაიმართებიან ბიუჯეტის ფულით წელში. პირდაპირ ვიტყვი, ამ ადამიანს, კალაძეს ამ ხალხთან რაღაც გეგმა, ანგარიში აქვს და ამ გეგმას ასწორებს თბილისელებთან, საქართველოს მოსახლეობასთან. ალბათ, იტალიის ნაკრებთან ორი გოლი რომ გაიტანა ჩვენს კარში, ამ ბოღმის ნაწილი იყო. ერთი გოლი თავით გაიტანა და ერთი ფეხით, ხელითაც რომ შეიძლებოდეს ფეხბურთში გოლის გატანა, ხელითაც გაგვიტანდა. რაც იქ ვერ შეაგდო და დგას ახლა და გვიტანს პენალტებს. მაგასაც თავის დროზე პრინციპული პასუხი გაეცემა. არ შეიძლება ყველა სახელმწიფო მოხელე საკუთარ ხალხს ანგარიშს უსწორებდეს და საკუთარ ქვეყანას ასე ექცეოდეს, როგორც ესენი ექცევიან. ახლა კალაძეს არ ვგულისხმობ მარტო, სხვებსაც. მერე, ვიღაცები გამოდიან, ამათ ქება–დიდებას მოჰყვებიან და ამას ვუყურებთ და ვუსმენთ. ორი დღე ვუყურებით ამ დებატებს პარლამენტში სამარცხვინო მთავრობასა და სამარცხვინო ოპოზიციას შორის. ამ ორი დღის განმავლობაში იქ არ იყო მთავარი აქტორი, ქართველი ხალხი, მისი ინტერესები. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ერთმანეთთან ეკინკლავათ, გაუგებარი კითხვებითა და პასუხებით ვითომ ურთიერთდაპირისპირების სურათი შეექმნათ. ყველანი ერთნი არიან, მთელი პარლამენტი, განსაკუთრებით, ეს „ევროპული საქართველო“ და მთელი „ქართული ოცნება“. ერთმანეთში არიან აზელილები, როგორც იტყვიან.
– თქვენ ძალიან არ მოგწონთ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და ბევრს აკრიტიკებთ მას.
– რაც გასაკრიტიკებელია, ცხადია, გავაკრიტიკებ. ნახეთ, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით რაც დაპირებები გაიცა, მანდ რა ხდება. სოფლად ხალხს ეუბნებიან, დიზელის საწვავი ზოგს 16 ივნისს მოგიწევთ, ზოგს ივნისის ბოლოს და ზოგსაც ივლისსა და აგვისტოში, ოღონდ ყველას მოგცემთო. აგვისტოში ვის რაღად უნდა ეს საწვავი? ან ტრაქტორების ხვნაში, 150 ლარიანი ვაუჩერი რატომ უნდა გადაიხადონ? ეს არ არის ანტიკრიზისული გეგმა, ეს არის კრიზისული გეგმა. როდესაც თვენახევრით ადრე გამოაცხადებ, რომ ვიღაცას რაღაც უნდა მისცე და არაფერი გაქვს ჯერ მიცემული, ეს ხალხის მოტყუებაა და არა ანტიკრიზისული გეგმა. 21 მარტს გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა და ამ დაპირებების დიდი ნაწილი იმავე დღეებში გამოაცხადეს დიდის ამბით. ერთადერთი დეპუტატი ვიყავი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობას, ქვეყნის დაკეტვას ხმა არ მივეცი. მოვითხოვე, ეკონომიკური და ფორს–მაჟორის გეგმა წარმოადგინეთ, ხალხი არ გააუბედუროთ–მეთქი. არავინ ყური არ დამიგდო. ეს ჩვენი სამარცხვინო ოპოზიცია ტაშს უკრავდა ამ გადაწყვეტილებას, დღეს კიდევ გამოდიან და უნამუსოდ ლაპარაკობდნენ, რომ ეკონომიკა შავ დღეშია და ამ ქვეყნის ჩაკეტვამ მთლად გააუბედურა. მე რომ ვამბობდი, ამ დღეში აღმოვჩნდებით, თუ ქვეყანას ჩაკეტავთ–მეთქი, მაგათ ჭკვიანებად მოჰქონდათ თავი, მცოდნეებად. დაეჯერებინათ ჩემთვის, ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდით. ადამიანი საქონელი ხომ არ არის, რომ მარტო გამოკეტო და კვებაზე გადაიყვანო, უთხრა დარჩი სახლში და ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზეო? ეს რას ნიშნავს? ეს რა განცხადებებია? როგორ შეიძლება? ადამიანმა, რომელიც ღმერთის სახედ გაჩნდა და ვიღაცების მითითებით უნდა იცხოვროს, ვიღაცებმა უნდა იზრუნონ მასზე? ადამიანები თავად იზრუნებენ საკუთარ თავზე, არ სჭირდებათ არავის მბრძანებლობა და მითითებები. არა, ამათ უნდათ რომ ყველა მორჩილი და მონა იყოს, როგორც თვითონ არიან მონები ეს ხელისუფლების წევრები, როგორც თვითონ ემორჩილებიან და ემონებიან სხვას, უნდათ, ყველა ასე იყოს, პატარ–პატარა „მონუკებით“ გაავსონ ეს ქვეყანა. არა, ეს არ გამოუვათ. ჩვენ ძალიან დიდი და ღირსეული ერი ვართ, მონობას არასდროს ვეგუებოდით და არც ახლა შევეგუებით. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებები და ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. რეალურად კი, რომელია სამართლებრივი სახელმწიფო, მითხარით. 70 წლის კაცს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, სახლში რომ გამოკეტავ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო? გამოდის დღეს გახარია და აცხადებს, ჩვენ არავინ შეგვიზღუდავს და ყველას მივეცით საშუალება, ეშრომაო. ხალხს ქუჩაში სიარული აუკრძალეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ გააჩერეს, ერთხანს კერძო ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილება აკრძალეს, ქალაქები გადაკეტეს, ზედ კომენდანტის საათიც მიაყოლეს და ეს განცხადება ახლა ცინიზმი არ არის?
– მართალს ბრძანებთ, ეგენი მონები არიან, მაგრამ მაგათ მაგ მონობაში ბევრ ფულს უხდიან და მატერიალურ გაჭირვებას ვერ გრძნობენ. ვერც სხვის სიდუხჭირეს ხედავენ, რადგან მუდმივად ერთ წრეზე ტრიალებენ, თავიანთნაირ დალხენილ ხალხს ხვდებიან ყველგან, სადაც მისვლა უწევთ. გაჭირვებულ ადამიანებს ვერც კი ნახულობენ. არადა, ხალხი უკიდურესაც მძიმე დღეშია, მართლა შიმშილის პირასაა და ეს მე და თქვენ ვიცით, რადგან ამ ხალხში ვტრიალებთ, ხშირად ვხდებით მათ და მათი ეს გასაჭირიც ვიცით. ხალხი ხომ არ იხუვლებს, გარეთ ხომ არ გამოვა და სოციალური რევოლუცია თუ სახალხო აჯანყება ხომ არ მოხდება, რაზედაც უკვე დიდი ხანია საუბარია? სამაგისო სოციალური ფონი ნამდვილად არის საქართველოში.
– კი, სოციალურად კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოში, მაგრამ რევოლუციისა და აჯანყებისგან ღმერთმა დაგვიფაროს. მიუხედავად იმისა, რომ ამათ უნდათ, რომ მარტო კუჭის მონებად გვაქციონ, არ ვართ კუჭის მონა ხალხი. თუმცა, თუ ეს მდგომარეობა ისეთი აუტანელი გახდება, რომ მშობელი მთელი დღე უყურებს შვილის შიმშილს, მე ვფიქრობ, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ადამიანს სხვა გზა აღარ დარჩება, რომ გამოკვებოს საკუთარი ოჯახი და სარჩო–საბადებელი ყველანაირი გზით მოიპოვოს. რა გზას აირჩევს ხალხი ოჯახის გამოსაკვებად და რა ფორმებს მიიღებს მერე, ეს იდარდოს „ქართულმა ოცნებამ“, ზოგადად, ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა. 8 წელია, „ადურაკებენ“ ამ ხალხს, თამაშობენ ფსევდო ოპოზიციონერობას, მთელი „ნაცმოძრაობა“ გადაბარგდა „ქართულ ოცნებაში“. ვინც თავიდან იყო „ქართულ ოცნებაში“, პრაქტიკულად, აღარავინ დარჩა იმათგან პარტიაში. იმ ხალხს არ ვგულისხმობ, ვინც ნებისმიერ ხელისუფლებას ერგებოდნენ და მხოლოდ თანამდებობები აინტერესებდათ. არ იმათ, ვისაც არ დაუძახეს, თბილი ადგილები არ მისცეს და მერე წავიდნენ ოპოზიციაში. არა, ვინც ქვეყნის სიყვარულით, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების სურვილით მივიდა ამ პარტიაში, ის ხალხი იქ აღარ დარჩა. რაც ამ ქვეყანაში 1991–1992 წლებში მოხდა, ვიდრე იმ მოვლენებს არ შევაფასებთ, ვიდრე არ გავიაზრებთ, არ გავითავისებთ, რა ვუქენით ჩვენს სამშობლოს, მანამდე ჩვენ ვერ დავინახავთ იმ სწორ გზას, რომლითაც უნდა ვიაროთ. იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვესროლეთ, ჩვენივე დამოუკიდებლობა და თავისუფლება საკუთარი ხელით მოსპეთ და მას შემდეგ, მივდივართ ყოფილი კომკავშირელების გზით, რომელთაც უსამართლოდ დარჩათ ამ ქვეყნისა და ხალხის კუთვნილი ყველა სიკეთე.
– დასავლეთის ჩარევის შედეგად, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, როგორც იქნა, მიაღწიეს შეთანხმებას ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. წესით, აღარაფერი უნდა შეცვალოს, პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში და არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდეს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, პარლამენტში ჩააგდოს კენჭისყრაზე და დააბრალოს ცალკეულ მეამბოხე და დაუმორჩილებელ დეპუტატებს და ძველი სისტემით ჩაატარონ არჩევნები. რამდენად შესაძლებელია ეს მოხდეს და ზოგადად, რას იტყვით მომავალ არჩევნებზე?
– სიმართლე გითხრათ, მე ამ ცვლილებებს ხმას არ ვაძლევ, რადგან ვთვლი, რომ ეს ქართველი ხალხის მონაპოვარი არ არის. ქართველ ხალხს არ აინტერესებს საარჩევნო სისტემები, მას აინტერესებს ცხოვრება. ამ კინკლაობას უყურებს 30 წელია, მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდია დაამხეს. ამ ქვეყანაში არჩევნები სულ საკამათოა, სულ გაყალბებაზეა საუბარი. იმიტომ, რომ ხალხის უპირობო მხარდაჭერა, რეალურად არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. ეს არის მთელი უბედურება. „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც 2012 წელს თითქოსდა მოიპოვა ხალხის ეს უპირობო მხარდაჭერა, ადგა და დაკარგა, თან დიდი მონდომებით. ამ არჩევნებიდან პირველსავე წელს, ჩვენ გავიგეთ სხვა და სხვა სახელისუფლებო კლანების შესახებ, კორუფციული გარიგებების, ნეპოტიზმის უამრავი ფაქტის შესახებ და ხალხი უკვე გულაცრუებული იყო „ქართული ოცნების“ მიმართ. ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ არის ნიჰილისტურად განწყობილი, რომ პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთის გინებაზეა გადასული. არავინ იძახის რა არის გასაკეთებელი, არავის არ უნდა არაფრის ცვლილება, იმიტომ რომ ამ ცვლილებებს გადაჰყვება მათი კეთილდღეობა, ამ ცვლილებებს მოჰყვება მათი ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა, მერე გამოძიება, რადგან ყველას ნაძარცვი და მოპარული ქონება აქვთ. თუ განხორციელდება ხალხის საკეთილდღეო ცვლილებები, მაშინ მოუწევთ ამ ქონებების დათმობა. ეს არ უნდა პოლიტიკურ ელიტას და ამიტომ არის საარჩევნო სისტემებზეა გადატანილი ხალხის ყურადღება. თუ პოლიტიკურ ძალას ხალხის მხარდაჭერა აქვს, ის ნებისმიერი საარჩევნო სისტემით მოიპოვებს გამარჯვებას. აქ რაღაც სამართლიანობის აღდგენაზე ალაპარაკდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. ვინ არიან პოლიტპატიმრები? ბიუჯეტის ქურდები? ამ ბიუჯეტის ქურდებს ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა, რომ მერე, როდესაც წავლენ ხელისუფლებიდან და დაჭერას დაუპირებენ თუ დაიჭერენ, თავადაც პოლიტდევნილებად და პოლიტპატიმრებად გამოაცხადონ თავი.
-მესამე პოლიტიკური ცენტრიც ამ მიზეზით არ იქმნება. ვინც ეს სცადა, ყველას დისკრედიტაცია მოახდინეს, ან იყიდეს.
– მე არ მიმაჩნია სწორედ მესამე ცენტრი და არსებული პოლიტიკური ძალებიდან სხვა ალტერნატივის შექმნა. ეს გამოსავალი არ არის. ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება, რომელიც მას სხვა და სხვა მანიპულაციებით მოპარეს. ხალხს დღეს შესწევს ძალა, დაიბრუნოს ძალაუფლება. ჩვენ ყველაფერი ვნახეთ, ყველანაირი მმართველობა ვნახეთ, ყველანაირი პოლიტიკური ვექტორის მიმდევარი ხელისუფლება ვნახეთ და საბოლოო ჯამში, ის მივიღეთ, რომ ხალხისთვის არავინ არაფერი გააკეთა და ხალხის მდგომარეობა უფრო და უფრო გაუარესდა. ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ ჩვენი გზა, გამოსავალი და თავად უნდა გადავიქცეთ ძალად, რომელიც ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს დაასრულებს. არავითარი მესამე და მეოთხე პოლიტიკური ძალა. ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ძალა – ერთადერთი რეალური და ანგარიშგასაწევი ალტერნატივა ეს არის.
– როგორ უნდა იპოვოს ხალხმა საკუთარ თავში ეგ ძალა? როგორ უნდა მოხერხდეს ხალხში არსებული მართლა უზარმაზარი რესურსის ამ ძალად გარდაქმნა და მერე მისი მოქმედებაში მოყვანა?
– დღეს მსოფლიო იყოფა ორ ნაწილად – პატრიოტებად და გლობალისტებად, მოდით, ასე ვთქვათ. ეს გაყო ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკაც ამ პრინციპით არის გაყოფილი. ამერიკაშიც კი ადამიანებს ამოუვიდათ ყელში გლობალისტების მიერ ხალხისთვის მოპარული ცხოვრება. დღეს პატრიოტიზმი ამერიკაში ყვავის. იმ ადამიანებმა შეძლეს ბანკირების დამარცხება, ხელისუფლებიდან ლიბერალების განდევნა. დღეს ამერიკაში გლობალისტებსა და პატრიოტებს შორის, სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაა გამოცხადებული და თუ ვინმე ზოგადსაკაცობრიო იდეებს იცავს, პატრიოტები იცავენ. საქართველოშიც ბევრნი ვართ პატრიოტები, ყველანი უნდა გავერთიანდეთ. არ არის საჭირო ცნობადი სახეები. არც მე ვიყავი ცნობადი სახე. ყველას შეუძლია ის გააკეთოს, რასაც ვერც ერთი ცნობადი სახე ვერ გააკეთებს.
ლევან ჯავახიშვილი, “ალია” №19
კომენტარები