80 – მომხრე და 9 მოწინააღმდეგე – პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ოპოზიციის შეფასებით, ,,ქართული ოცნების” კანონის თანახმად, ოლიგარქების რეესტრში შეიძლება, მოხვდეს ნებისმიერი მდიდარი ადამიანი, ვინც პოლიტიკაშია.
საპარლამენტო უმრავლესობაში აანონსებენ რამდენიმე გვარს, ესენია ტელეკომპანია ,,ფორმულას” მფლობელი და თავდაცვის ექს მინსიტრი, დავით კეზერაშვილი და ასევე ,,ლელოს” დამფუძნებლები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.
მმართველმა პარტიამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში პირდაპირ გადმოიტანა დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი, რომლის მიხედვითაც, ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს, ან აუმჯობესებს; მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
პროექტის მიხედვით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი და მას სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ.,ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში არ არიან ოლიგარქები და ისინი ოპოზიციაში უნდა ვეძიოთ.
კომენტარები