ნენსი პელოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქალის სახელი და გვარია. 82 წლის ნენსი უკვე წლებია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს პოლიტიკის ავანგარდშია. ის ათწლეულებია პოლიტიკური თეატრის მთავარი მოთამაშეა. მას ახასიათებენ როგორც გამბედავ და უშიშარ ქალს, რომელიც თავისი გადაწყვეტილებებით მსოფლიო პოლიტიკაში ამინდს ქმნის.
ნენსი პელოსის სახელი არაერთ გაბედულ ნაბიჯს უკავშირდება, ბოლო ქმედებამ კი ის კიდევ ერთხელ აიყვანა უმაღლეს საფეხურზე – საზოგადოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, თუ როგორ ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანში დიპლომატიური ვიზიტით, ჩინეთის მუქარისა და გაფრთხილების მიუხედავად და უშუალოდ ტაივანიდან განაცხადა, – ამერიკელებს მუდამ უნდა ახსოვდეთ თავიანთი ვალდებულება დემოკრატიის მხარდასაჭერად როგორც ტაივანში, ასევე მთელ მსოფლიოშიო.
პელოსი არის აშშ-ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანს ეწვია.
- ნენსი პელოსის როლი აშშ-ის პოლიტიკაში
ნენსი პელოსი არის პირველი ქალი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატას ხელმძღვანელობს და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა არაერთი პრეზიდენტის დღის წესრიგის შეცვლაში, ზოგიერთის წარმატებაში და ასევე ზოგიერთის პოლიტიკური მიზნების ჩაშლაში.
ის 2021 წელს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად მეოთხე ვადით აირჩიეს. გამჭრიახობამ, უნარმა შეენარჩუნებინა “დემოკრატიული პარტიის” ერთიანობა ყველაზე კრიტიკულ მომენტებში და პოლიტიკურ თეატრში მისმა ინსტინქტებმა, ნენსი კაპიტოლიუმის ყველაზე გავლენიან ქალად აქცია, თუმცა კრიტიკოსების მთელი არმიაც შემატა.
პელოსი პირდაპირ და ღიად უპირისპირდებოდა დონალდ ტრამპს. 6 იანვარს, როდესაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, მათი მთავარი სამიზნე პელოსის კაბინეტი იყო, რომელიც დაარბიეს.
- აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შუალედური კამპანიის დროს, რესპუბლიკელმა დევიდ ბრატმა ერთ დებატებში 21-ჯერ ახსენა ნენსი პელოსი და მისი “ლიბერალური დღის წესრიგი.“
ამ ნაბიჯმა უკუშედეგი გამოიღო რესპუბლიკელებისთვის, რადგან მაშინ დემოკრატებმა მიაღწიეს ისტორიულ გამარჯვებას პალატაში, მაგრამ ამჯერად მას დაბრკოლებად ჰყავდა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი.
ნენსი პელოსი თავდაპირველად თავს არიდებდა ტრამპის იმპიჩმენტის წარმართვას, მაგრამ 2019 წელს თქვა, რომ დონალდ ტრამპი ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა და რომ ამის იგნორირება არ შეიძლებოდა.
- ოჯახი
ნენსი პელოსი პოლიტიკოსების ოჯახში გაიზარდა და იყო შვიდი შვილიდან ყველაზე უმცროსი. ოჯახი ბალტიმორში ცხოვრობდა. ნენსის მამა ქალაქის მერი იყო. ნენსი ვაშინგტონთან ახლომდებარე კოლეჯში სწავლობდა, სადაც გაიცნო და საბოლოოდ დაქორწინდა ფინანსისტ პოლ პელოსზე.
წყვილი ჯერ მანჰეტენზე გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო შემდეგ – სან ფრანცისკოში, პელოსი თავდაპირველად არ მუშაობდა, დიასახლისი იყო. მან ექვს წელიწადში ხუთი შვილი გააჩინა – ოთხი გოგონა და ერთი ვაჟი.
- პოლიტიკური კარიერის დასაწყისი
ნენსი პელოსი პოლიტიკაში 1976 წლიდან ჩაერთო. გამოიყენა თავისი ძველი ოჯახური კავშირები და დაეხმარა კალიფორნიის გუბერნატორს, ჯერი ბრაუნს მერილენდის პრაიმერის მოგებაში, როდესაც ის საპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობდა.
შემდეგ, ამავე შტატში, “დემოკრატების” რიგებში იყო, საბოლოოდ კი, “დემოკრატების” თავმჯდომარე გახდა, რის შემდეგაც, 1988 წელს კონგრესში ადგილი მოიპოვა.
2001 წელს წარმომადგენელთა პალატაში თანამდებობრივად მეორე პირი გახდა. მომდევნო წელს კი უმცირესობის ლიდერი.
- უმაღლეს საფეხურზე ასვლა
2003 წელს ნენსი პელოსი იყო ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ამერიკის შეერთებული შტატების ერაყში შეჭრის. ის საკუთარ პოზიციას ღიად, ხმამამღლა ამბობდა. ამგვარმა დამოკიდებულებამ კი დივიდენდები 2006 წელს მოიტანა, როდესაც დემოკრატებმა 12 წლის განმავლობაში პირველად აიღეს კონტროლი პალატაზე.
პარტიამ ის პალატის სპიკერად აირჩია და გახდა პირველი ქალი აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც ამ პოსტზე უმუშავია.
ოთხი წლის შემდეგ, დემოკრატებმა კონგრესის ქვედა პალატაზე კონტროლი დაკარგეს. მიუხედავად ამისა პელოსმა დაამარცხა გამოწვევები და 2018 წელს კიდევ ერთხელ მოექცა სათავეში.
- გავლენა
ამერიკის შეერთებულ შტატებში პალატის სპიკერის თანამდებობა გავლენისა და თანამდებობის თვალსაზირისით, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების შემდეგ, მესამეა.
პრესტიჟს მისი უზარმაზარი ოფისიც უსვამს ხაზს. პალატაში უმრავლესობას, პრაქტიკულად, შეუზღუდავი კონტროლი აქვს საკანონმდებლო პროცესზე.
სპიკერი, მისი მოადგილეები და კომიტეტის თავმჯდომარეები განსაზღვრავენ, რომელი კანონპროექტი განიხილონ და უყარონ კენჭი. ადგენენ დღის წესრიგს და წყვეტენ დებატების მარეგულირებელ წესებს.
წყარო ამბები.ჯი.
ხატია ვარდოსანიძე
კომენტარები