„გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს“, – ამ სიმღერაში გაცოცხლებული ეს სტრიქონი 9 აპრილის ტრაგედიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
31 წლის წინ, თავისუფლებისთვის მებრძოლ მომიტინგეებს ოთხი უსინათლო ქალბატონი სიმღერით ამხნევებდა. მათგან ცოცხალი მხოლოდ ლელა ვეფხვაძეა.
ვიდეო კადრებში შემორჩენილი ხმა მეტროს სადგურებში წლების განმავლობაში ცოცხლდებოდა. ის ნამღერით მიღებული შემოწირულობით ინახავდა ოჯახს…
მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მეტრო დაიხურა, ლელა ვეფხვაძის ოჯახი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩა…
უკვე 27 წელია ქირით ცხოვრობს. ყოველთვიური გადასახადის ნახევარს მერია უფინანსებს, დანარჩენს კი, თავად იხდიდა. ახლა არ იცის როგორ უნდა დაფაროს ბინის ქირა.
„მშიერი არ ვარ, კეთილი ადამიანები მაინც მეხმარებიან“,- ამბობს ის.
„ჩემი ერთადერთი შემოსავალი მეტროში სიმღერაა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა და მეტრო დაიკეტა, სახლში ვზივარ. შემოსავლის გარეშე დავრჩი, ფული აღარ მაქვს…
მშიერი არ ვარ, ღმერთის წყალობით არიან კეთილი ადამიანები, რომლებიც მიზერულ თანხას მირიცხავენ და ჯერჯერობით საჭმლის ფულად გვყოფნის.
მთელი ცხოვრება დასვენებაზე ვოცნებობდი, მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ერთი დღე როცა სახლიდან არ გავიდოდი. საშინელება ყოფილა, არა იმიტომ, რომ სახლში ცუდად ვარ, შემოსავლის გარეშე დარჩენაა ძნელი.
ამ ბოლო დროს ერთი რამ ამეკვიატა. მე რომ რამე მომივიდეს, რა ეშველება ჩემს ოჯახს. ჯანმრთელობა შემერყა, დიდხანს ფეხზე დგომა აღარ შემიძლია.
ისევ კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს. უფალი არასდროს მწირავს და ახლაც მას ვარ ბოლომდე მინდობილი.“ – განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.
დღეს, 9 აპრილს განსაკუთრებული სიხშირით გავიგონებთ ფრაზებს: „მადლობა თავისუფლებისთვის“, „დიდება გმირებს“…
თავისუფლებისთვის მებრძოლი და ამ იდეაზე ამღერებული ცოცხალი გმირი ტრაგედიიდან 31-ე წელს გადასახდელ თანხაზე დარდობს…
პრაიმტაიმი
კომენტარები