მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს, 8 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტმაც ხაზი გაუსვა სწორედ ამ თარიღს და ფაშიზმზე გამარჯვებასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავი და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ, განაცხადა:
“გამარჯვების დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ევროპა 8 მაისს აღნიშნავს. ეს არის ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის დღე და ამ დღეს შეწყდა საომარი მოქმედებები მთელ ფრონტზე. კრემლი როგორც ყოველთვის მანიპულირებს ისტორიით. ეს გამარჯვება ეკუთვნის არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვადასხვა ხალხებს, ერებს, საერთო მონაპოვარია და 9-ში ამ დღეს აღნიშნავენ მხოლოდ რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. რომელ დღეს აირჩევს ადგილობრივი ხელისუფლება ეს არის იმის მიხედვით, თუ რომელ მხარეს უნდა მას ყოფნა. ჩვენ ხაზი გავუსვით დღეს სწორედ იმას, რომ 8 მაისს ხდება გამარჯვების აღნიშვნა მთელს ცივილიზებულ სამყაროში”
განცხადება გააკეთა მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამაც და თქვა:
“ძალიან მნიშვნელოვანია ფაშიზმზე გამარჯვების დღე დღეს აღინიშნოს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომლებმაც იბრძოლეს საკუთარი სიცოცხლის ფასად და მოიტანეს თავისუფლება. ახლა ჩვენ ვართ მემორიალურ დაფასთან, სადაც წერია, რომ დიდ სამამულო ომში 114 ხუდონელი ვაჟკაცი იბრძოდა და აქედან 67 ვერ დაბრუნდა. დიდება გმირებს, დიდება ამ ადამიანებს იმისთვის, რომ მსოფლიო გაათავისუფლეს ფაშიზმისაგან და დღეს, 8 მაისს ჩვენ მთელს ევროპასთან ერთად აღვნიშნავთ ფაშიზმისგან მსოფლიოს განთავისუფლებას”
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს. 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გერმანელი გენერალი ალფრედ იოლდი (გერმანიის სამხედრო საქმეთა დაგეგმვისა და აღსრულების უმაღლესი ორგანოს მეთაური) გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელს აწერს საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე – ომი დამთავრდა.
კომენტარები