ამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის უჩივის.
აქციის დაშლისას, ფავლენიშვილს რეზინის 9 ტყვია მოხვდა, მათ შორის, 1 – თავში. იგი მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
“ვითხოვ ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მომადგა 20 ივნისის ღამეს. 9 ტყვია მომხვდა, აქედან ერთი – თავში. საკმაოდ სერიოზულად ვიყავი დაშავებული, გადამიყვანეს ხეჩინაშვილის კლინიკაში. მაქვს ვიდეომტკიცებულებები – სატელევიზიო ეთერიდან ამოჭრილი კადრები და მე თვითონაც “ფეისბუქზე” ლაივი მქონდა ჩართული – სადაც ჩანს, რომ არავიზე ვძალადობდი, უბრალოდ ვიდექი და მხვდებოდა ტყვიები. დამიზნებით ტყვიის სროლა თავში კანონმდებლობით აკრძალულია და ამიტომაც შსს-ს ვუჩივი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილი მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურებისთვის 50 000 ლარს ითხოვს, თუმცა ამბობს, რომ კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, პირადი მიზნებისთვის მის მოხმარებას არ აპირებს და თანხას აქტივიზმსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობაში დახარჯავს.
ირაკლი ფავლენიშვილის ადვოკატი ბექა ბასილაიაა. საქმეზე მოსამზადებელი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 აპრილს ჩაინიშნა.
კომენტარები