პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:
“მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს მელია და ვის არ მოსწონს. მელია, განსხვავებით “ნაცმოძრაობის” სხვა ლიდერებისგან, შემდეგ შემოუერთდა იმ პარტიას. ის 9-წლიანი მძიმე ისტორია მის კისერზე არ არის. განსხვავებული ტიპის ლიდერია და ნამდვილად არ შეიძლება, მისი ერთ სიბრტყეში დაყენება იმ ადამიანებთან, ვინც წინა ხელისუფლებას და იმ სისტემას ქმნიდა.
სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ერთმნიშვნელოვნად დარღვეული იყო პროცედურა და სამართლებრივი ნორმები. მისი დაპატიმრების დროს სასამართლო გამოჩნდა ისევ, როგორც პოლიტიკური იარაღი. ის მოსამართლე, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, თავისი ბიოგრაფიით უნდობლობას იწვევს და ამ ფაქტით ისევ გამოჩნდა, რომ ქვეყანაში სასამართლოს ხელით ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. აქაც სასამართლო აღმოჩნდა მთავარი აქილევსის ქუსლი, მთავარი პრობლემა, რომელსაც შეუძლია, მთელი დღის წესრიგი და ქვეყანა ააყირავოს. სასამართლო რომ იყოს ამ ქვეყანაში, ასეთი ქაოსი არ იქნებოდა, ამდენს ვერავინ გაბედავდა და ასეთი პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნებოდა. ისევ იქამდე მივედით, რის გამოც მოხდა ჩემი კონფლიქტი “ქართულ ოცნებასთან” – ეს იყო მართლმსაჯულების რეფორმა. პოლიტიზირებული სისტემაა, მელიას საქმე განსაკუთრებით დამაზიანებელია “ქართული ოცნებისთვის”, მით უმეტეს, 20 ივნისის საქმეს უკავშირდება მისი დაკავება და 20 ივნისი “ქართული ოცნებისთვის” უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე იმისთვის, ვისაც ბრალი აქვს წაყენებული. მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაა აქ მნიშვნელოვანი, როცა გყავს მაკო გომური, რომლის თვალის დათხრის გამო არავინ გყავს დასჯილი, არავის პასუხისმგებლობა არ აუღია, არავინ დაგიკავებია და ამ დროს მელიას აპატიმრებ. ისეთი სპეცოპერაცია ჩაატარეს მძაფრსიუჟეტიან სერიალში მეგონა თავი. ეს როგორ მთავრდება, ამის გაუთვლელობა პოლიტიკური სიბეცეა. ვისაც ამის გათვლა არ შეუძლია, როგორ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს.
შეცდომებს უშვებენ იმიტომ, რომ არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება. ვიღაცამ თქვა, ეს ასე უნდა მოხდეს, მე ასე მინდა და მორჩა. არ გათვალეს, ამას რა შედეგები მოჰყვებოდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არის არავითარი ინსტიტუტი, არავითარი მაკონტროლებელი ორგანო, განსხვავებული აზრი, პარლამენტში ყველა ერთ ხმაზე ამღერდა და ყველა ერთ ხმაში ლაპარაკობდა. ამიტომ ხდება ეს შეცდომები და მივიღეთ კატასტროფული შედეგი – გადასვლა უკანა პერიოდში.
ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა. ისეთ ჩიხში შევიდა ეს პროცესი, კომპრომისზე ხელისუფლება უნდა წავიდეს, მისი პასუხისმგებლობაა. უნდა გაეთვალა, რა მოჰყვებოდა ამას და ძალიან მარტივი მისახვედრი იყო, რა ზიანს მოიტანდა მელიას დაკავება. მელია არ გადაიხდის გირაოს, ეს იქნება მის არჩეულ სტრატეგიაზე უარის თქმა. მას მორალური უპირატესობა აქვს და ეს მოიპოვა იმიტომ, რომ კანონის სახელით უკანონობის ჩადენა არის დიდი დანაშაული. ახლა იშველიებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, არადა, დღეს უამრავ ადამიანს ხელში უჭირავს სასამართლო გადაწყვეტილებები, მაგრამ წლებია, ვერ ხერხდება აღსრულება. დღეს ველაპარაკე ერთ ოჯახს, 6 წელია, სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს, დავა მოიგო, მაგრამ აღსრულება არ ხდება და საკუთარ სახლში ვერ შედის. ასეთი უამრავი საქმეა, თაროზე შემოდებული, უამრავი სასამართლო გადაწყვეტილება აღუსრულებელი, არავინ არ არის პატრონი და გამკითხვი და ეს უნდა აღსრულებულიყო სასწრაფოდ და სხვა გადაწყვეტილებები არ უნდა აღსრულდეს? იქ არ ირღვევა კანონი? ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა. კანონი უნდა შეასრულოს ყველამ, მაგრამ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა მისცეს კანონის შესრულების შესაძლებლობა მოქალაქეებს.”
კომენტარები