საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები ქართული მხარის მიერ სადავო საკითხს არ ეხება.
როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპისთვის, სიახლე არც სპეციალურ კომისიასთან დაკავშირებით არსებობს, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე მუშაობს.
„დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარება უცვლელია. არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ვერ გადავდივართ. როგორც იყო, ისევ ისეა. კომისიის მუშაობას რაც შეეხება, არც ამ მიმართულებით გვაქვს ცვლილება. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებს, ეს არ არის შესაბამისი ფოტოები. ეს ის ადგილია, რომელზეც ჩვენ არც ვდაობთ, ეს არის ბერთუბნის ფოტოები, რომელიც აზერბაიჯანის სიღრმეში მდებარეობს. ჩვენი სადავო საკითხი კი ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერია, რომელზეც მუშაობა გრძელდება“
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ აზერბაიჯანის მხარე დავით გარეჯს ასუფთავებს, დროშებს ამაგრებს და ქართული ტაძრებიდან სიწმინდეების ნაწილი გატანილია.
კომენტარები