დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს:
“მადლობას ვუხდით თანამოქალაქეებს კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრებისადმი გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო.
აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.
ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის!”
შეგახსენებთ, დღეს საღამოს უკვე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების მსურველთა რეგისტრაცია, თუმცა, მოქალაქეები ვერ ახერხებენ დარეგისტრირებას. როგორც ხედავთ, უცნობია, როდის გამოსწორდება პრობლემა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი კარგა ხანია ემზადება ვაქცინაციის პროცესისთვის, როგორც გვეუბნებიან, ფაქტია, საიტიც არ არის გამართული. და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში, რეალურად, ძალიან მცირე ოდენობითაა შემოსული ვაქცინა და შესაბამისად, მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვიც. რა მოხდებოდა, მართლაც ასი ათასობით ადამიანს რომ ვცრიდეთ კვირაში, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. სამაგიეროდ, ქვეყანაში, სადაც არც ვაქცინაა, ამ ეტაპზე, შემოტანილი ზრდასრული მაცხოვრებლის 60 პროცენტის სამყოფი და ვერც საიტის მუშაობის გამართვას ახერხებს ხელისუფლება, მოსახლეობის დიდ ნაწილს ეძახიან ანტივაქსერებს და მათ აბრალებენ ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას!! ვინ აფერხებს, სინამდვილეში ვაქცინაციის პროცესს, იმედია, ამ კითხვას, ოდესმე მაინც გაეცემა პასუხი.
მადლობა უნდა ვუთხრათ, გაუთვალისწინებელი შეფერხება რომ გვაქვს და არა წინასწარგანზრახული, ალბათ…
კომენტარები