რას წერდა “ალია” 12 წლის წინ
“ალია”, 2009 წელი, დარეჯან მეფარიშვილი, ერთი წელი აგვისტოს ომიდან…
ომი ყველაფერს ჩამოწერს, ომი და თავად ის ხელისუფლება, რომელიც ამ ომს დაიწყებს… ვარდების რევოლუციონერები, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, ომობენ: ებრძვიან საკუთარ ხალხს, ართმევენ საკუთრებას… ებრძვიან რუსებს, ლილიპუტს ეძახიან მათ პრეზიდენტს და ამ დროს თავად ზედმიწევნით იმეორებენ სალილიპუტეთის მეთოდებს, თუ პუტინი რუსეთში ძირავს ხადარკოვსკის, სააკაშვილი საქართველოში პატარკაციშვილს და ხალვაშს უტევს. უტევს და მათ ქონებას `ნაციონალურ~ ჯიბეში იდებს. 2007 წელს მიშას პუტინიზაციაზე დასავლური პრესაც კი წერდა. სააკაშვილის ოცნება _ მინიმუმ, დავით აღმაშენებელი და მაქსიმუმ, ქრისტე ყოფილიყო, მისივე “ბიჭებმა” ძვირადღირებულ სასაფლაოზე, მარმარილოთი მოპირკეთებულ სამარხში, ჩაასვენეს, პანაშვიდზე რუსლანა ამღერეს და ქელეხზე სუში დაყარეს უხვად.
ელიტარული კორუფცია ქართულად – ახდენილი ოცნებების სასაფლაო
2003 წელს მოხდა ყვავილოვანი რევოლუცია და მოიტანა იმედი, მალევე, სულ რაღაც, ერთ წელიწადში, იმედი იმედგაცრუებამ შეცვალა და ბოლოს უკვე 2009 წელს ვარდყვავილოვანი იმედი გავიდა მარილზე… დემოკრატია სტაბილურობის გარანტიაა და ძვირი ღირს, დემოკრატიის შუქურას საწვავი სჭირდება და საწვავს ფული, თავის მხრივ, ფული ხეზე არ იჭრება, მოპოვება უნდა, ლომის ხახაში (თუ უკანალს ასცდები) ხელის შეყოფა… ხალხის სახელით მოსული `ნაციონალური” სპექტრი ოცნების ასრულებას შეუდგა. ჯერ შევარდნაძისეულ ოდიოზურ სქელჯიბიანებს მიადგა ხალხის სახელით, აქაოდა, ამათ `მწვანეებს~ ხალხის ოფლის სუნი ასდის და ხალხსავე უნდა დავუბრუნოთო. ტკიცინა ასიანების ჩემოდნებით, უძრავ-მოძრავი ქონების ღიად (ტელეკამერების წინ) თუ ფარულად `ამოღება~ იმდენად `გემრიელად~ გამოსდიოდათ, რომ ამ ბოლოს ეშხში შესულ იმჟამინდელ გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილს უთქვამს კიდეც (მე არ მითქვამს, მისი წრიდან თქვა ერთმა და ჩაწერილიც მაქვს), `ხელები დამიჭირეთ, თორემ, თავს ვერ ვიკავებო”. ჯერ ოქრუაშვილს და მერე ადეიშვილს ხელებს ვინ დაუჭერდა? ვინ გაუბედავდა? მაგრამ ეს იმ დროს თქვა, როცა პროკურატურის შენობაში მწყობრად დაწყობილი მესაკუთრეები მიდიოდნენ და `სამშობლოს სიყვარულით გულანთებულები~ ნაშუაღამევს (დილაობით არ ახსენდებოდათ სამშობლო) ხელს აწერდნენ ნაჩუქრობის ხელშეკრულებას, მერე კი ცრემლად დაღვრილები სუბართან ჩიოდნენ, ძალით წაგვართვეს ქონება და გვიშველეთო, სუბარის `შველაც” დასკვნების წერით მთავრდებოდა, რომელსაც პარლამენტს კი უგზავნიდა, მაგრამ იქ არც არავინ კითხულობდა… ასე გაჩნდა ხალხში `ნაციონალური~ თიკუნები, მაგალითად, გივი თარგამაძეს `ტრიდცატიპროცენტნიკ” შეარქვეს. 30% იმიტომ, რომ ბევრი ქონებაჩამორთმეული სწორედ თარგამაძეს ასახელებდა `მთავარ მეწილედ”, _ 30% აგვახიაო. ამიტომაა, რომ საქართველოში `ლიბერალიზმი, დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, კანონის უზენაესობა, სოციალური სოლიდარობა~ და მსგავსი სიტყვები არა და ვერ გახდა სტატისტიკურად ქართული, სამაგიეროდ, ბაითი, `დაჩა”, მანქანა, ოქრო-ბრილიანტი, რესტორანი, `ნაშა” და რაც მთავარია, მაყუთი, ბევრი, ოღონდ, არა მუთაქებში ჩაწყობილი, არამედ საბანკო ანგარიშებზე, საამური და ადვილად დასამკვიდრებელი გახდა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რომც არ გინდოდეს, შემთხვევით გაიგებ. მაგალითად, როცა სალონში თმებს ივარცხნი, შეიძლება, გვერდით სავარძელში კეზერაშვილის ცოლი აღმოჩნდეს და `ლას-ვეგასში~ (სადაც, სხვათა შორის, 9 აპრილის წინა დღეებში წავიდნენ კეზერაშვილები, ამერიკის საელჩოს ვიზირებით) მოგზაურობის დეტალები მოგიყვეს, ან საფრანგეთიდან მეგობარმა დაგირეკოს და `გაგახაროს”, რომ მის სამეზობლოში ქართველებმა იყიდეს ბინა და სრულიად შემთხვევით მყიდველი გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩორგოლეიშვილი აღმოჩნდა (ეს ბინა აგვისტოს ომის შემდეგ შეიძინეს ბოკერიებმა). ასევე შემთხვევით შეიძლება გაიგო, რომ ზურაბ ადეიშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ ესპანეთში, ალიკანტეში (სადაც, სხვათა შორის, ქართველი `კანონიერი ქურდების” ბუდეა) იყიდა ვილა… შემთხვევით შეიძლება წააწყდე კარდეოლოგიურ კლინიკაში კეზერაშვილის ერთ-ერთ `კასირს~ და გაიგო, რომ `იქ, ზემოთ~ 120 მილიონი მიატანინეს და გულზე `ინფარქტმა ხია”. ასეა, ფულის უკან მიტანა არ არის ადვილი, მაგრამ შაშკინთან მოხვედრას სჯობს. ასე მიატანინეს, თურმე, ზურაბ ნოღაიდელს, მაგრამ მისი გული ახალგარემონტებული იყო და ამიტომ პოლიტიკაში წავიდა, გიორგი არველაძემაც მიიტანა და გაერიდა აქაურობას. ამბობენ, საქმე იმიტომ არ გაურთულეს, “ძველი კავშირები” გაიხსენაო, თავისიანებიც კი “მიშას სუტენიორს” ეძახდნენ, “ნაშების” შერჩევა იცის კარგადო… ამიტომ წაართვეს ფული და ის აპატიეს, გაყოფა რომ არ იცოდა…. `ალია” ადრეც წერდა ელიტარულ კორუფციაზე. მას შემდეგ იმდენი რამ შეიცვალა, კი ღირს, გაიგოს ქართველმა ხალხმა, როგორ დაირიგეს ძვირადღირებული მანქანები და ვილები “ნაციონალებმა” აგვისტოს ომის თუ 9 აპრილის აქციების დაწყების შემდეგ. დროა გავიგოთ, რა არ ეთმობათ ბიჭებს _ დემოკრატია თუ ფული? დიდი ფული, რომელსაც, თავის მხრივ, სხვა პასუხისმგებლობა მოჰყვება. დავიწყოთ `ქვეყნის (თუ სააკაშვილის?!) მთავარი ხერხემლიდან”, მომავლისთვის კი გავაგრძელოთ `პატარა ხერხემლებით”… მოკლედ, როგორია ვანო მერაბიშვილი და მისი ამალა ომის შემდეგ? დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ “ალიას” ამ და სხვა მასალებს აწვდის ორგანიზაცია `7 ნოემბრის~ ერთ-ერთი ლიდერი, დაჩი ცაგურია: `ყველა მოპოვებულ მასალაზე უშუალო პასუხისმგებელი ვარ, ეს მასალები ცხადად ადასტურებს, სააკაშვილი პუტინის მეთოდებით როგორ ებრძვის ქართველ ხალხს და როგორ ამდიდრებს ძალას, რომელიც მისი დასაყრდენია, რომელიც უმაგრებს სკამს და თანამდებობას, ბიზნესს და პრივილეგიებს…
ვანო მერაბიშვილს ქვეყნის ხერხემლობამდე `თავისუფლების ინსტიტუტში”, სადაც მან ფეხი აიდგა,
“სკუნსი” (ყველაზე მყრალსუნიანი ცხოველი) შეარქვეს. ვანო მერაბიშვილი _ სააკაშვილის “წითელი ხაზი”, რომელიც არაფერს არ თმობს და რომელმაც შექმნა მითი, რომ ის უძლეველია, რომ ის ყველას და ყველაფერს აკონტროლებს (საკუთარი ცოლის გარდა ყველას უსმენს, დედასაც კი, ალბათ) და რომ ის ყველაზე წარმატებული მინისტრია (ეს მართლა ყველაზე სასაცილო მითია, მაგრამ არსებობს და რას ვიზამთ?). ვანო მერაბიშვილი `ცალ-ცალი “კალოშით ახსოვთ”, ახლა კი დაჩი ცაგურიას მონაცემებით, მერაბიშვილი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მოკლედ, მისი “ბიზნესი” ნარკოტიკებიდან იწყება. ცაგურიამ კაპიკ-კაპიკ დაიანგარიშა და დაასკვნა:
`პოსტსაბჭოთა სივრცეში, ოფიციალური მონაცემებით, საქართველო პირველ ადგილზეა ნარკომანიის დონით, მხოლოდ რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველები, მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებული პროცენტული მაჩვენებლებით. საშუალოდ, 250 ათასი ნარკომანი დღეში მოიხმარს 30 ლარის ღირებულების ნარკოტიკს, რაც დღეში 7 მილიონ 500 ათასი ლარია, თვეში _ 225 მილიონი და წელიწადში _ 2 მილიარდ 700 მილიონი. თუ ვანო ყველაფერს აკონტროლებს, როგორც ყველაზე წარმატებული მინისტრი, მაშინ გასაგებია, ვის ჯიბეშიც ჩაედინება შემოსავლების დიდი ნაწილი. ესეც რომ არა, მთელმა აჭარამ იცის ვანოს ბუნგალოებში, ბათუმში რაც ხდება. აჭარაში ნარკობიზნესს აკონტროლებდნენ ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი, დათო ხალვაში, იგივე “ქელფეთა”, რომელიც ახლა გაქცეულია, ხოლო მისი დაჯგუფების წევრები, რომლებიც რევოლუციის შემდეგ დააკავეს, მალევე გაათავისუფლეს და ისევ ძველ “ხელობას” მისდევენ. ეს ჯგუფი `ბაგრატიონების ჯგუფის” სახელითაა ცნობილი. თემურ პატარიძემ, რომელიც დღეს აჭარის “კუდ”-ის უფროსია, გამოიყვანა ეს ხალხი ციხიდან და გვერდით დაიყენა. პატარიძის მარჯვენა ხელია მოსე თელიძე და ვალერი ჟღერია, რომლებიც ყველა შავ საქმეს აკეთებს”.
რაც შეეხება ბიზნესს: იარაღის ბიზნესს აკონტროლებს სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, თუმცა ცაგურიას მონაცემებით, `ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე იარაღის მაღაზია ვანოსია და წილში მელნიკოვი ჰყავს, ისიც იმიტომ, რომ სხვანაირად მელნიკოვი არ ჩუმდებოდა. ვანოსია დაცვის სამსახური “ალგანიც”. ვანოს თათს ხედავენ საბანკო, კვების, სამშენებლო ბიზნესში, ენერგეტიკასა და ნავთობში, აგვისტოს ომის შემდეგ კი მისი ინტერესის სფერო გადასწვდა ფარმაცევტულ ბაზებს. `ვანომ მიითვისა ბადრი პატარკაციშვილის ქონება, მისია “სტანდარტ ბანკი”, (ახლა _ “კორ სტანდარტ ბანკი”), “დინამო”, ფოთის პორტი, რომელზეც გამოაცხადეს, რომ, თითქოს, არაბმა ინვესტორებმა შეიძინეს, ვანო აკონტროლებს ნავთობტერმინალს (აზერბაიჯანულ-ქართული ინვესტიცია), სადაც წილში არიან ვანო ჩხარტიშვილი, რევაზ შარანგია და თავად შინაგან საქმეთა მინისტრი”, _ აცხადებს დაჩი ცაგურია.
`რაც შეეხება სამშენებლო ბიზნესს, ამ სფეროში ვანოს ხელს ხედავენ `აზიმუტში”, `სასკოში”, `21-ე საუკუნეში”, ეს არის ბეტონის მწარმოებელი კომპანიები, რომელთაც, სხვათა შორის, თავის დროზე სერიოზულ კონკურენციას უწევდა ქიბარ ხალვაშის საწარმოები. როგორც ირკვევა, კვების სფეროში ვანო ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში: “კოდა”, მეღორეობის ფერმები, სასათბურე მეურნეობები, `დილა~, `მზიური” _ ეს ის ფირმებია, რომელშიც ვანოს თავისი წილები აქვს. თქვენ მეტყვით, _ ოფიციალურადო? მე გიპასუხებთ, _ ზოგან კი, ზოგან _ არა. ამ დოკუმენტების მოწოდებაც არ გაგვიჭირდება… `ეკო ფუდი” ვანოსი რომ არის და იქ გურამ დონაძის სიძე ჰყავს `ჩასმული”, ახალი და უცხო არ არის, მაგრამ მე გეტყვით თქვენ, რა მოხდა აგვისტოს ომის დროს, რაც არა მარტო თქვენთვის იქნება სიახლე: ომის შედეგად გარდაცვლილი ბიჭების გადმოსაყვანად სახელმწიფოს დასჭირდა მაცივარ-მანქანები, რომელიც გამოიყვანეს `ეკო ფუდიდან”, გორიდან მიცვალებულები გადმოასვენეს და შემდეგ ეს მანქანები ფირმაში უკან დააბრუნეს. დღეს ამ მაცივრებით ისევ რძის პროდუქტები გადააქვთ. სახელმწიფოსთვის ჩუქება რომ გაუჭირდა ვანოს, გასაგებია, მაგრამ მიცვალებულის შემდეგ პროდუქტებს რომ გადაიტან მაცივრით, ეს არის თუ არა შეგნებულად ერის მოწამვლის მცდელობა, ამაზე სპეციალისტებმა იმსჯელონ”, _ აცხადებს ცაგურია.
ვანოს `თათებს” ასევე ხედავენ ძმებ ახალაიებთან ერთად `მათე მოტორსში”. მართალია, `ალიასთან” საუბრისას ფირმის მფლობელმა ბარკალაიამ ჯერ კიდევ თვეების წინათ ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო, მაგრამ ყველამ იცის, რომ `მათე მოტორსი” ამარაგებს ძვირადღირებული მანქანებით სახელისუფლებო ეშელონებს (მანქანებზე ქვემოთ). ახალაიებთან ერთად ვანო განაგებს ხე-ტყის ბიზნესს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში, `ბატფარმაში” ჰყავს თავისი ახლობელი ახალციხიდან დანიშნული დირექტორად, ჭადრაკის სასახლე კი მესამედ გამოაქვთ აუქციაონზე, სადაც `ვანოს კაცს” ელოდებიან. სხვათა შორის, ამ შენობაში სანაკოევის ადმინისტრაციაა განთავსებული და როცა `ალია” იქ მივიდა, რათა გაგვერკვია დეტალები, გვითხრეს, რომ ვანოს ხშირად ხედავენ სასახლეში. სადაც უნდა, იქ იაროს მერაბიშვილმა, რა ჩვენი საქმეა, მაგრამ იმასაც ამბობენ, მალე სასახლეში `მოშნი” რესტორანი გაიხსნება. რესტორანზე გაგვახსენდა, ბათუმში რესტორან `გემში” ძალიან ხშირად ხედავენ ვანოსაც, ახალაიებსაც და რა თქმა უნდა, მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას. ერთხელ, ბაჩო ახალაიას ბათუმში მორიგი `გულავის” დროს `გემი”, ლამის, `ჩაიძირა”. საქმე ისაა, რომ მუდამ კუნთებზე მაყურებელმა ახალაიამ, რომელსაც თვალში არ მოუვიდა ერთი მოქეიფე, ნასვამი ბიჭის გამუდმებული ცეკვა, დაცვას ეს ბიჭი გაალახინა. `გემი” `ტალღებმა” მხოლოდ იმიტომ არ `ჩაძირა”, რომ ეს ცემა-ტყეპა ამ ბიჭის გარეთ გაყვანის შემდეგ შესრულდა, თუმცა რესტორნიდან შორს წასვლა არ დასჭირვებიათ, ისე, როგორც, მაგალითად, გირგვლიანის შემთხვევაში. ნაცემი ახალგაზრდა მხოლოდ ორი კვირა მკურნალობდა და ცოცხალია, თუმცა საქართველოდან წავიდა.
`სააკაშვილთან ერთად ვანოს წილები აქვს სასტუმრო `შერატონ მეტეხში”, სადაც ადრე 20%-იანი დატვირთვა ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ, რაც `მარიოტთან” კარვები დგას, 100%-იანი წილი გაიფორმეს. მას აქვს საკუთარი ცხრა ჰესი, `ენერგო პრო ჯორჯია”, დისტრიბუცია და წარმოება იმ პირობით, რაც იყო, გაყიდვის წინადადებაში დარღვევით გაკეთდა, ერთი წელი ტარიფის დადგენის გარეშე მუშაობდნენ ე. წ. კომუნალური მრიცხველებით, რითაც, ფაქტობრივად, გაქურდეს აბონენტები, არადა, სულ 850 000 აბონენტი ჰყავთ”, _ აცხადებს დაჩი ცაგურია. ეს კომპანია, როგორც გამოაცხადეს, თავის დროზე, ჩეხური იყო, სინამდვილეში ყველამ იცოდა, რომ აქ ფიგურირებდნენ ზურაბ ნოღაიდელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კახა დამენია. `ამჟამად ჩაენაცვლა ნიკა გილაური და ვანო მერაბიშვილი, კომპანია ჩაბარებული აქვთ გილაურის მარჯვენა ხელისთვის, იოსებ ნატროშვილისთვის, მათ თვეში, დაახლოებით, 45 000 000 ბრუნვა აქვთ. ასევე ვანოს ხელშია ხეთაგურთან ერთად `გაზის საერთაშორისო კომპანია”, სადაც პრეზიდენტად დასვეს მერაბიშვილის ცოლის ნათესავი, ზურაბ ჯანჯღავა და აქ გაზის შესყიდვა ხორციელდება კორუფციული ფასდანამატებით. ვანო აკონტროლებს `საქართველოს რკინიგზას”, მისი სახელი ფიგურირებს `სოკარ-ჯორჯიაში”, სადაც ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, დავით ზუბიტაშვილს ჩააბარეს გამგებლობა. `საქართველოს ბანკში” გილაური და მერაბიშვილია წილში, დირექტორად კი გილაურის ძმა დასვეს. `სახალხო ბანკი”, რომელსაც ყველაზე მეტი ფილიალები აქვს და სადაც რიგდება პენსიები, ადრე რუსეთის მოქალაქის, ჯინჭარაძის და `ნაციონალების” სახის, გოგუაძის იყო, ახლა ბანკი შეიძინა ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა ფირმამ, რომლის უკანაც ვანო დგასო.
საქართველოს ბანკის წილში არიან ვანო მერაბიშვილი და ნიკა გილაური. გენერალურ დირექტორად დასვეს გილაურის ძმა და ყველა მსხვილ ორგანიზაციას აიძულებენ, რომ ანგარიში გახსნან ამ ბანკში და აკონტროლებენ ყველა ფულად გზავნილს”, _ აცხადებს ცაგურია. აქვე აღვნიშნავთ, რომ `ალია”, თითქმის, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა ყველამ `შეხმატკბილებულად” გვითხრა, რომ გადაგვეგზავნა კითხვები და დაფიქრდებოდნენ, უღირდათ თუ არა ჩვენი კითხვებისთვის პასუხის გაცემა. რამდენადაც ვიცით, დაჩი ცაგურია თავად აპირებს პრესკონფერენციის მოწყობას, ამ ფაქტების გახმაურებას და იმედია, მიშას კუთვნილი ტელევიზიებით მაინც გაგვცემენ კომპანიები ამომწურავ პასუხებს, რაკი `ალია” მათ გემოვნებაში არ ჯდება…
მერაბიშვილის დასაყრდენი ძალა ახალაიები და კოდუები არიან. მართალია, თავად ამ ორი გვარის წარმომადგენლები ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ფულის შოვნა დიდი სიძულვილის ფონზეც რომ შეიძლება, ეს კოდუების ქონებიდანაც ჩანს. `ნაციონალური ავიახაზები”, სასტუმრო `საქართველო”, საბაჟო ტერმინალები, სასტუმროები, ბაზრობები და სხვა ბევრი ობიექტი კოდუებისაა და ამას თავად მათი დედა არც მალავს, ან რატომ უნდა დამალოს? თუმცა ბევრი თუმცაა… როგორ შანტაჟით დაითრიეს, მაგალითად, სასტუმრო `საქართველო”, ეს ამბავი პარლამენტამდეც კი მივიდა ოფიციალური დასკვნის სახით, მაგრამ რა, რო? ფაქტობრივად, კოდუები თავის წარმატებულ ბიზნესს ვანოს სახელს უკავშირებენ და ამიტომ ყველგან, სადაც კოდუები არიან, არის ვანოც.
`მერაბიშვილი თავის საყრდენ წერტილებს მანქანებითაც ასაჩუქრებს. მაშინ, როცა სრულიად საქართველოს მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, საპატრულოს შეფი, რომელიც დევნილია აფხაზეთიდან, დადის `პორშე კაიანის” ჯიპით, სახელმწიფო ნომრით: სპდ-707. მანქანა, დაახლოებით, 150 000 ღირს და შეძენილია აგვისტოს ომის შემდეგ. სხვათა შორის, ამ მანქანით დადიან შოუბიზნესის ისეთი ცნობილი სახეები, როგორიც არიან ჯიმი როქუაი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, მაიკლ ჯორდანი. ეტყობა, მათი მსგავსი შემოსავლები აქვს გეგეჭკორსაც (არადა, ამას წინათ თავს იგიჟებდა, _ რა `პორშე? რის `პორშე”? `პასატით” დავდივარო), გრიგალაშვილი დადის `ტოიოტა ლენდ კრუიზერი 200~-ით, ესეც ომის შემდეგ შეძენილია, თავად ვანო მერაბიშვილი დადის ბოლო მოდელის `ლექსუსის~ ჯიპით, სახელმწიფო ნომრით: რნვ-593 და `ლექსუსის” სედანით, სახელმწიფო ნომრით: აცვ-593, ეს მანქანებიც ომის შემდეგ შეიძინეს ისე, როგორც სააკაშვილის ორი დაჯავშნული `ეს კლასის მერსედესი”, რომელთა ღირებულება ნახევარ მილიონს აჭარბებს და ზუსტად 750 ათასი ღირს, ეს მანქანებიც ომის შემდეგ, სექტემბერში ჩამოიყვანეს; დათა ახალაიას შეუძინეს ბოლო მოდელის `იქს-5″, სახელმწიფო ნომრით, დოო-727 და `რეინჯოვერ სპორტი”, რომლის ნომერია ტის-427, ადეიშვილისთვის შეიძინეს `ლექსუსის” სედანი და `ტოიოტა ლენდ კრუიზერი-200″, ბარამიძეს უფეშქაშეს 2 ცალი (ერთი არ ეყოფოდა) `ტოიოტა ლენდ კრუიზერი-200″, ხეთაგური, ბაქრაძე და გილაური კი დადიან ახლად შეძენილი `ეს კლასის” ბოლო მოდელის `მერსედესებით”, შაშკინი `ტოიოტა ლენდ კრუიზერ-200″-ით დადის, ერეკლე კოდუა `რენჯროვერით” სახელმწიფო ნომრით, სვდ-011, `მერსედეს ეს ელით” (ფასი 160 ათასიდან იწყება) დადის, მისი მეუღლე, ნანუკა ჟორჟოლიანი, `რენჯ როვერ-სპორტით” (70 ათასიდან), წითელი ფერის სახელმწიფო ნომრით, ბუგ-777 და შავი `ბმვ ემ-5″-ით დაჰქრის. ეს ის კოდუებია, რომელთაც აგვისტოში ომის დაწყების შემდეგ ფრენების ფასი ორჯერ გააძვირეს”, _ აცხადებს დაჩი ცაგურია…
რაღა უნდა ვთქვათ ამის შემდეგ? ისე მოიხმარონ, როგორც ეკუთვნითო, რომ ვინატრო, მეტყვიან, მართლმადიდებელი არა ხარ, რად წყევლიო და დალოცვასაც ხომ გული უნდა?
კომენტარები