ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.
-სოსო გოგაშვილის ბოლო ინტერვიუეს მინდა შევეხო. პირველად ჩემს სიცოცხლეში, დავეთანხმე სოსო გოგაშვილს. მჯერა, რომ მიშა უკრაინაში ტერორისტებს ამზადებს. იმაშიც ვეთანხმები გოგაშვილს, რომ ამ საქმის გამოძიებას სუს–ში და შსს–ში ჩარჩენილი „ნაცების“ კადრები აფერხებდნენ. ყველამ ვიცით, მიშას და ვანოს დღესაც ბევრი მისტირის არა მარტო ძალოვანებში, სხვა უწყებებში დასაქმებული ხალხიდან.
ტერაქტები სააკაშვილს სჭირდება სიტუაციის ასარევად, დესტაბილიზაციისთვის, ხალხს ხელისუფლების უუნარობა რომ აჩვენოს. გაიხსენე, 2018 წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ უკრაინის 6 მოქალაქე დააკავეს და ერთიც დონბასში მებრძოლი ქართველი, ლუკა ჩხეტია. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო „ბერეტას“ და“ მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ეს ხალხი მიშას შემოგზავნილი იყო და მაგათაც მაშინ აქ არეულობის მოწყობა ჰქონდათ დავალებული. მიშას აქაური მომხრეები დაიწყებდნენ და ეს უკრაინელი „ბოევიკები“ მერე ჩაერთვებოდნენ საქმეში.
ინგა გრიგოლიას გადაცემაში გოგაშვილმა ახმედ ჩატაევზეც ილაპარაკა. ჩატაევმა საქართველოს საზღვარი ე. წ. მწვანე ზოლში გადმოლახა, „მწვანე ზოლში“ კი სუს–ის ნებართვის გარეშე ვერავინ გამოივლის. ინგა გრიგოლიას მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემის მსვლელობისას, მესიჯი გაუგზავნა და გრიგოლიამ ის პირდაპირ ეთერში წაიკითხა. მაჩალიკაშვილი ამბობდა, რომ ჩატაევი მოსკოვში აპირებდა გადასვლას და იქ 5 მილიონი დოლარი უნდა აეღოო. ახლა გეტყვი, რა 5 მილიონზეა ლაპარაკი. ჩემი ინფორმაციით, ჩატაევს ჰქონდა ჩანაწერი ორი ამერიკელი გენერლისა. ერთი ამერიკაში, პენტაგონში იჯდა, მეორე კი, საქართველოში. ამ საუბრის ჩანაწერით დასტურდებოდა, რომ პანკისის ხეობაში ნამდვილად იყო ამერიკული სპეცსამსახურების ბანაკი. ამ ბანაკში ამზადებდნენ ხალხს, სავარაუდოდ, სირიაში გასაგზავნად. ეს ჩანაწერი უნდა გაეყიდა ჩატაევს რუსეთში. ჩატაევი იმიტომ მოკლეს, რომ ეს ჩანაწერი არ მომხვდარიყო რუსეთში. ამის მერე გავრცელდა ხმები, რომ ჩატაევისა და მისი თანამებრძოლების ლიკვიდაციის სპეცოპერაციაში, თურქეთის კონტრტერორისტული სპეცრაზმიც მონაწილეობდაო და ეს დამაჯერებელია – არც თურქეთს აწყობდა ამ ჩანაწერის რუსების ხელში ჩაგდება, ამერიკა და თურქეთი ერთად ებრძვიან სირიის ხელისუფლებას.
კომენტარები