რას წერდა “ალია” 7 წლის წინ
2014 წელი, “ალია”, ავტორი ნინო სამხარაძე
რატომ ცდილობენ "ჟულიკები" პოლიტიკური კარტის აჭრას? რეალურად, ვინ არის ჩოხოსანი ლევან ვასაძე - სამეფო კარის რაინდი თუ ეროვნულ თემებს ამოფარებული ხელმოცარული მოთამაშე? არის თუ არა დიდი პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ვასაძე
“მეფის” ხელში პაიკი, რომელსაც დიდი მოთამაშე მართავს?
ლევან ვასაძის პოლიტიკური ანატომია
ლევან ვასაძეს სააკაშვილის დამანგრეველი რეჟიმის წინააღმდეგ თავქუდმოგლეჯილს არ უბრძოლია, არც ქვა მოხვედრია თავში და არც ცოცხი, სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2009 წელს ბრუნდება ის საქართველოში, ხდება შპს “ბაგრატიონი 1882"-ისა და შპს
“სამოსელი პირველის” დამფუძნებელი და დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარე, მანამდე ის მოღვაწეობდა მოსკოვში. მის ბიოგრაფიაში იყო დაუზუსტებელი დეტალი, თითქოს, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქეობაში გაცვალა, თუმცა ვასაძემ უკანასკნელ პერიოდში ეს ფაქტი უარყო. ერთი კია, მისი გამდიდრება უკავშირდება მოსკოვს, ამაზე ქვემოთ, ახლა კი ერთი რამ: 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ვასაძეს პრეზიდენტობის სურვილი ჰქონდა. პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია მას “ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო გაუმძაფრდა და ორაზროვანი განცხადებების გაკეთებას შეუდგა:
“არასოდეს მნდომებია პრეზიდენტობა და არც პოლიტიკური ამბიციები მქონია, მაგრამ, მეორე მხრივ, მჯერა ერის მსახურების”. მოდი ახლა და არკვიე, ამ კაცმა რა ქვეტექსტი ჩადო ნათქვამში!
თუკი მისი პოლიტიკური განცხადებების დინამიკიდან გამოვალთ, ლევან ვასაძე მარტო არ არის და ის უფრო შორს მიდის, ვიდრე წარმოგვიდგენია, კულუარებში ჩნდება ინფორმაციები, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან მებრძოლი ლევან ვასაძე, პოლიტიკაში მოდის, ის მოითხოვს პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. საინტერესოა, როგორ შეხვდება მას ქართული პოლიტიკა?
მახსენდება “ლეიბორისტ" შალვა ნათელაშვილის
“ალიასთან” ინტერვიუ:
-ბოლო დროს საუბარია, რომ ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება, რას ფიქრობთ მასზე?
– ლევან ვასაძე არის ძველი სოროსელი, ის გახლავთ შევარდნაძის ფონდის ხელმძღვანელი 90-იან წლებში. როდესაც მე “მხედრიონს" ვებრძოდი, ლევან ვასაძე დღე და ღამე იჯდა ჯაბა იოსელიანთან. ეს არის ჩვეულებრივი
“ჟულიკი” ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც იშოვა ფული, მოუშვა წვერი, გადაიწია თმები, ჩაიცვა ჩოხა, დადის ეკლესიაში და ცდილობს, რაღაც ნიშა დაიჭიროს. მე არ ვიცი ვასაძის ზრახვები, მაგრამ ფაქტია, ჰომოსექსუალისტების წინააღმდეგ მიტინგზე რომ გამოჩნდა, არასწორად აარჩია მოედანი. ამსტერდამის ღამის ბარებში რომ გრიალებს, იქ რატომ არ ებრძვის ჰომოსექსუალისტებს?! ისეთი გაკვირვებული სახით იდგა რუსთაველზე, თითქოს პირველად ნახა ჰომოსექსუალისტები.
მითში გაცვლილი რეალობა
დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, კონკრეტული ძალები რატომღაც კარტის აჭრას ცდილობენ, ასეთად კულუარებში სახელდება სწორედ ვასაძე, რომელიც საინტერესო ბმაშია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან.
ახლა კი ვნახოთ, ვინ არის ვლადისლავ სურკოვი, ადამიანი, რომელსაც კრემლის რუხ "კარდინალს" უწოდებენ? სურკოვი, იგივე ასლამბეკ დუდაევი დაიბადა ჩეჩენო-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ დუბა-იურტში სკოლის მასწავლებლების, ანდარბეკ დუდაევისა და ზოია სურკოვას ოჯახში. 5 წლის ასლამბეკი დედას რიაზანში მიჰყავს და იქ უცვლის სახელსა და გვარს. საიდუმლოთია დაფარული სურკოვის სამხედრო სამსახურში ყოფნის წლები. ოფიციალური ვერსიით იგი, 1983-85 წლებში უნგრეთში მსახურობდა საარტილერიო ნაწილში, მაგრამ 2006 წელს გადაცემა
ვესტი ნედელი~-ში გაჟღერდა, რომ ვლადისლავ სურკოვი სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს (ეგრეთწოდებულიგრუ~) სპეცდანიშნულების რაზმში გადიოდა სამსახურს. 1987 წელს ვლადისლავ სურკოვი იყო ხოდორკოვსკის პირადი მცველი და ასე დაიწყო სურკოვის თავბრუდამხვევი კარიერა. 2004 წელს ვლადისლავ სურკოვი გახდა პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე, 2013 წელს მას ურთიერთობები დაეძაბა პუტინთან და გადადგა მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის პოსტიდან, თუმცა სურკოვმა თავისი მფარველების დახმარებით მოახერხა კრემლში დაბრუნება და მას ჩააბარეს პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ეროვნებათშორის საკითხებში. სურკოვი ახლა ცდილობს, აღიდგინოს გავლენა პუტინის კარზე და გაათამაშოს საქართველოს კარტი. სურკოვი, ვასაძის ფაქტორის გამოყენებით, იქმნის იმიჯს, რომ მას საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენების მოხდენა შეუძლია, რითაც თავის თავს კვლავ ფასს დაადებს რუსეთის პრეზიდენტის წინაშე. რატომ განიხილავს სურკოვი საქართველოში თავის მთავარ მოკავშირედ მის მეგობარსა და ბიზნესპარტნიორს ლევან ვასაძეს? სანდო წყაროს ინფორმაციით, სურკოვისა და ლევან ვასაძის ინტერესები გადაიკვეთა, ორივე ფინანსურად გაკოტრებულია, ვასაძეს სერიოზული ფინანსური პრობლემები შექმნია, სურკოვის მეშვეობით, ახლა ის ცდილობს, ქულები დაიწეროს რუსეთის ხელისუფლებასთან და მიიღოს გარკვეული ბიზნესდივიდენდები. ლევან ვასაძე, ამ მხრივ, სურკოვის პირად ორჯონიკიძედ გვევლინება, გაკოტრების პირას მისული ლევან ვასაძე, სურკოვისგან ელოდება, რომ საქართველოში გაწეული საქმიანობის სანაცვლოდ მისცემენ ადგილს დიდ ბიზნესჯგუფში და ამით გამოისწორებს ფინანსურ მდგომარეობას, ამიტომაც ძალიან უცნაურად დაემთხვა დროში ვასაძის გააქტიურება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ის მგრძნობიარე თემებით მანიპულირებს და ეს ბადებს ეჭვს, რომ რუსეთთან ქულების დაწერის მიზნით ხელს შეუშლის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას.
მას არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ საზოგადოებაში ქაოსი და გაუგებრობა შემოეტანა. პირველი თემა ეს იყო სამართლიანობის აღდგენაზე მისგან გაუგებარი განცხადებები, თუმცა მან საზოგადოება ვერ აიყოლია. ალბათ, ვასაძეს არ აღმოაჩნდა საჭირო მუხტი, ქარიზმა და პოლიტიკური ლიდერისთვის დამახასიათებელი შარმი. რატომღაც ვასაძის შემდგომი მცდელობა იყო ანტიდისკრიმინაციულ კანონი და უკვე რელიგიურ გრძნობებზე თამაში, რაც კიდევ ერთი მცდელობაა ქართველ საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შეტანისა. სანდო წყაროს ინფორმაციით, ამ თემების უკან დგას სურკოვი, რომელიც თვითშემოქმედებაზეა გადასული, როგორმე პუტინის კარზე ნდობა აღიდგინოს. საქართველოს კარტის გათამაშებით რამდენად ჩაიწერს ქულებს პუტინთან, ეს კიდევ საკითხავია. და აი, რატომ, ექსპერტები აცხადებენ, რომ სურკოვისა და ვასაძის ალიანსი პირდაპირ ეწინააღმდეგება კარასინის განცხადებას, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს განზრახვა, ხელი შეუშალოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც ევროკომისარმა ჟოზე მანუელ ბაროზომ რამდენიმე დღის წინ ღიად განაცხადა, პუტინი დაგვპირდა, რომ საქართველოს ამ გზაზე ხელს არ შეუშლისო... და მაინც, ძალიან საინტერესოა, რას ემსახურება ორი გაკოტრებული პოლიტიკოსის, სურკოვისა და ვასაძის გეგმა?
ექსპერტი სოსო ცინცაძე
“ალიასთან” საუბარში აცხადებს:
-ლევან ვასაძის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ და ის ვერ შემოვა ამ ველზე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე, რადგან მასში პოლიტიკურ რესურსს ვერ ვხედავ, ჩვენ არ ვიცით ვინ დგას მის გვერდით, ერთი რამ ცნობილია, რომ ის მოღვაწეობდა რუსეთში.
_ საუბარია, რომ ვასაძე არის სურკოვის პროექტი, ვასაძის დახმარებით სურკოვი ცდილობს, პუტინს დაუმტკიცოს, რომ მას გავლენების მოხდენა შეუძლია საქართველოზე.
_ სურკოვი პუტინის კარზე ნდობით აღარ სარგებლობს და ის აღარაა წამყვანი იდეოლოგი კრემლში, მას ჩაბარებული აქვს პოსტსაბჭოთა სივრცე, აფხაზეთი, ოსეთი, ყირიმი. ჩვეულებრივი მოვლენაა გავლენების აღდგენისთვის ბრძოლა, ამიტომაც სურკოვი, დიახაც რომ, შეეცდება ამ კარტის გათამაშებას, თუმცა ვფიქრობ, ვერაფერს მიაღწევს, სურკოვს ახლა აქვს დრო, გამოიყენოს ვასაძის ფაქტორი და ანტიევროპული განწყობის გაძლიერებით შექმნას განწყობა, რომ მას შეუძლია, მართოს საქართველოს შიდა პოლიტიკა. თუ რუსეთს აქვს გადაწყვეტილი ამ კუთხით გააქტიურება, არ გამოვრიცხავ, რომ ეროვნული ჩოხის ქვეშ, რუსული “პაგონები” იმალებოდეს, გასაკვირი არაა, რომ ვასაძე ამ გეგმის ნაწილიც იყოს.
ახლა კი მნიშვნელოვანი დეტალი: სტატიის დასაწყისში, ლევან ვასაძის მოსკოვური ბიზნესი ვახსენეთ, საინტერესო ისაა, რომ ვასაძეს კავშირები ჰქონდა გავლენიან რუს ოლიგარქებთან, რომლებმაც, სავარაუდოდ, ის სურკოვთან კავშირზე გაიყვანეს, როგორც კრემლის გავლენიან პირთან. ის იყო რუსეთში კომპანია “ატონას” ხელმძღვანელის, სერგეი ევტუშენკოს თანაშემწე. ევტუშენკო გახლავთ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ახლო მეგობარი. მამუკა არეშიძე იხსენებს, რომ ევტუშენკო სწორედ ალასანიას ჰყავდა საქართველოში ჩამოყვანილი და მას საქართველოში ბიზნესინტერესებიც ჰქონდაო. ვასაძე ასევე ახლოსაა მოსკოვის ყოფილ მერთან, ლუჟკოვთან და გავლენიან ავტორიტეტ გარი ლუჩანსკისთან, ეს უკანასკნელი კი ასლან აბაშიძის ახლო მეგობარია. ანტიქართულად განწყობილ პიროვნებებთან ვასაძის ახლო ურთიერთობებზე კი ბევრი რამ მეტყველებს.
და კიდევ, ალბათ, იცით, რომ სურკოვს შეეხო ყირიმის ანექსიის დროს ამერიკის, ევროკავშირისა და კანადის მიერ შემოღებული სანქციები, მას აკრძალული აქვს შესვლა აშშ-სა და ევროკავშირში, დაყადაღებული აქვს აქტივები აშშ-სა და ევროკავშირში.
კომენტარები