რას წერდა “ალია” 9 წლის წინ
2012 წელი, `ალია”, ავტორი დიმიტრი ტიკარაძე
რა უნდა ღირდეს და რა ღირს საქართველოში ბენზინი, კონკრეტულად ვინ აკონტროლებს ბენზინის ბიზნესს საქართველოში, რომელი კომპანიის უკან ვინ დგას და მონოპოლიური გარემოს შექმნით რამდენ მილიონს ართმევენ ეს ადამიანები მოსახლეობას? `თავისუფალი დემოკრატების~ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იზორიამ ამ საკითხებზე ძალიან სერიოზული კვლევა ჩაატარა და ძალიან საინტერესო შედეგებიც დადო. ამ მასალების გაცნობის შემდეგ “ალიამ” იზორიას წარმოდგენილი კვლევა მის ხელთ არსებული მასალებითაც შეავსო და საბოლოოდ მივიღეთ ზუსტი სურათი, რომლის მიხედვითაც პასუხი გაეცემა აქამდე უპასუხოდ დარჩენილ ბევრ კითხვას და დადასტურდება აქამდე ჭორად ნათქვამი ბევრი ვერსია.
ლევან იზორია, `თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი:
_ დავიწყებ ისტორიით. “ვარდების რევოლუციამდე” საქართველოში იყო ასზე მეტი ნავთობიმპორტიორი. შესაბამისად, იყო კონკურენცია და დაბალი ფასები. თუმცა იყო კორუფცია, როგორც მაღალ, ისე დაბალ დონეზე. რევოლუციის შემდეგ ეს კორუფცია გადაიქცა ელიტურ კორუფციად, რაც სააკაშვილის მმართველობისთვის დამახასიათებელია. ელიტური კორუფცია თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურად მაღალ დონეზე მყოფი პირი, სანდო პარტნიორი იწყებს ბაზრის გაკონტროლებას, სხვების განდევნას და მონოპოლიის უზრუნველყოფას. სააკაშვილისთვის ეს სანდო პარტნიორი გახლავთ დავით კეზერაშვილი. მისი სახელი ოფიციალურად ჩნდება ჯერ კიდევ 2005 წელს, შპს “უნიგრუპში”, რომელიც არის “ლუკოილის” დისტრიბუტორი საქართველოში. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ამ “უნიგრუპში” 50%-ს ფლობს დავით კეზერაშვილი, ვინმე გიორგი პირველთან ერთად, რომელიც ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბიზნესში პოლიტიკას კეზერაშვილი ატარებს. ამის შემდეგ ბაზრიდან თანდათან იდევნებიან იმპორტიორები და 2006 წელს ბაზარზე შემოდის `სოკარი~. ჯერ ის არის მხოლოდ ნავთობპროდუქტების შემომტანი, ხოლო 2007 წლიდან საცალო ბაზარზეც იწყებს ოპერირებას. `სოკარის~ შემოსვლით გზა გადაიკეტა ყველა იმ იმპორტიორისთვის, რომელთაც აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან შემოჰქონდათ ნავთობპროდუქტები. “უნიგრუპს” კი, ანუ “ლუკოილს”, საწვავი შემოაქვს ბულგარეთიდან და ის იწყებს ამ მიმართულების გაკონტროლებას. ამის პარალელურად “კანარგოს” ადგილს იკავებს “ვისოლი” და ბაზარზე რჩება 5 ძირითადი მოთამაშე. ესენი არიან: `სოკარი”, `უნიგრუპი”, რომელიც `ლუკოილს” აწვდის ნავთობპროდუქტებს, `ვისოლი”, `რომპეტროლი” და `გალფი”, რომელმაც შეიერთა `სენტას”, `ეკოსა” და `მაგნატის” ყველა და `ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი. მოსახლეობისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, თუ დღეს რომელიმე სადგური მუშაობს `ეკოს” ან `მაგნატის” აბრით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ბაზარზე ისევ არიან. უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ მოესწრო მათი შეფუთვის შეცვლა, მაგრამ იურიდიულადაც და ფაქტობრივადაც, ისინი ექვემდებარებიან `გალფს”.
ოფიციალურად ვისია ეს კომპანიები და რეალურად ვინ დგას მათ უკან? ამ კითხვებზე დადასტურებული პასუხის გაცემა არც ლევან იზორიას შეუძლია, რადგან კომპანიების უმრავლესობის დამფუძნებელი ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ფირმებია, თუმცა გარკვეულ ვარაუდებს ისიც გამოთქვამს. თუმცა, მანამდე, სანამ ლევან იზორიას ვარაუდებს მოვისმენდეთ, ვნახოთ, `ალია-ქრონიკის” მიერ მოპოვებული, ამ ხუთი კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია:
`გალფი” _ იურიდიულად `სან პეტროლიუმ ჯორჯია”. რეგისტრირებულია 2010 წლის 26 ნოემბერს. დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია შპს `ენერჯი ინვესტმენტ ვენტურ ჰოლდინგს~, (აშშ) დირექტორი კი ისრაელის მოქალაქე იანივ ადამი.
`ვისოლი”, ანუ იურიდიულად ს/ს `ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”. რეგისტრირებულია 2000 წლის 11 აპრილს. ამონაწერში დამფუძნებლები მითითებული არ არიან, მაგრამ ვიგებთ, რომ `ვისოლმა~ სხვადასხვა დროს შეიერთა რამდენიმე კომპანია, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია შპს `კანარგო დეველოპმენტი”. კომპანიის გენერალური დირექტორია ვასილ ხორავა.
`ლუკოილი”, ანუ, იგივე შპს `ლუკოილ ჯორჯია”. რეგისტრირებულია 2002 წლის 28 თებერვალს. დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია `ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვი” (ნიდერლანდები). დირექტორი ზაზა ქათამაძე.
`რომპეტროლი”, ანუ შპს `რომპეტროლ საქართველო”, რეგისტრირებულია 2005 წლის 5 დეკემბერს. დამფუძნებლები: `რომპეტროლ გრუპ ენ.ვი”, (ნიდერლანდები) _ 99% და `ეი.ელ.ჯი. ინტერნეიშენალ ეს.ეი” (პანამა) – 1%. გენერალური დირექტორი – ყაზახეთის მოქალაქე ნურკენ მურზაგალიევი.
`სოკარი”, ანუ `სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”, რეგისტრირებულია 2006 წლის 22 აგვისტოს. დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი შპს `სოკარ ენერჯი ჯორჯია”. დირექტორი დავით ზუბიტაშვილი. თავის მხრივ, შპს `სოკარ ენერჯი ჯორჯია” რეგისტრირებულია 2006 წლის 17 ივლისს. დამფუძნებლები: `აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია” (აზერბაიჯანი) _ 51%, `Heritage general traiding” (არაბთა გაერთიანებული საამიროები) _ 24.5% და `Intersun holding” (არაბთა გაერთიანებული საამიროები) _ 24.5%.
ლევან იზორია:
_ აბსოლუტურად გასაგებია `სოკარის” სიტუაცია, რადგან მას ოფიციალურადაც და რეალურადაც აკონტროლებს აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია. `ვისოლში” ოფიციალურად არიან ძმები ფხაკაძეები. ისინი ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები `ნაციონალურ მოძრაობასთან”. რაც შეეხება `რომპეტროლს”, მას კურირებს ნაციონალების ერთ-ერთი სახე _ ლიპარტელიანი, ყოფილი პარლამენტარი. `ლუკოილს” ნავთობპროდუქტებით ამარაგებს შპს `უნიგრუპი”, რომელიც, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2005 წლის 23 თებერვალსაა რეგისტრირებული და რომლის 50%-იანი წილის მფლობელი, ვინმე გიორგი პირველთან ერთად, გახლავთ დავით კეზერაშვილი. შესაბამისად, `ლუკოილში” მისი პირდაპირი ინტერესები იკვეთება.
_ თუმცა, `ლუკოილს” პირდაპირ უკავშირებენ ვანო მერაბიშვილის სახელსაც, რადგან ეს კომპანია საწვავით ამარაგებს პატრულს და ამასაც რომ თავი დავანებოთ, `ლუკოილის” პრესსამსახურის უფროსი გახლავთ მერაბიშვილის კადრი, `რეალტივის” ხელმძღვანელი და ყველასთვის კარგად ცნობილი გურამ დონაძე. ასევე, ამბობენ იმასაც, რომ `გალფში”, `სენტას”, `მაგნატისა” და `ეკოს” შერწყმის შემდეგ კეზერაშვილს მცირე წილი დარჩა და ამ კომპანიასაც კეზერაშვილთან ერთად აშშ-ში ამერიკის ელჩი, თემურ იაკობაშვილი და შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი აკონტროლებენო.
_ თავისუფლად შეიძლება ასეც იყოს, თუმცა `ოპერის მეგობართა ჯგუფის” ხელმძღვანელი კეზერაშვილი გახლავთ ამ ბიზნესის მთავარი დირიჟორი, მაგრამ რა შეთანხმებებია შიგნით და ვინ რა წილს ფლობს რეალურად, ამის გარკვევა, უბრალოდ, შეუძლებელია. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ `ოპერის მეგობართა ჯგუფის” შეხვედრაზე, ჟურნალისტის კითხვაზე დავით კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ის გარკვეულ წილს ფლობს კომპანია `გალფში”.
`ალია-ქრონიკა” დაინტერესდა, რეალურად რას წარმოადგენს `გალფი”, რა იმიჯი აქვს მას ამერიკის ბაზარზე და ქართული `გალფი” მართლაც არის თუ არა ამერიკულის წარმომადგენლობა?
დავიწყოთ იმით, რომ ქართული `გალფის” ოფიციალურ საიტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს კომპანია წარმოადგენს `ამერიკული ჯგუფის `Energy investment venture LLC”-ის შვილობილ კომპანიას. ჯგუფი, რომელიც მოღვაწეობს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში, შეუერთდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მულტინაციონალურ ნავთობკომპანია `Gulf oil international” -ს თავის ოპერაციებში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. “Gulf-Ge”-ს აქციონერებმა, საქართველოს ბაზრის უზარმაზარი პოტენციალის გაცნობიერების შემდეგ, შეისყიდეს ავტოგასამართი სადგურები “სენტასგან”, `მაგნატისგან”, “OPDC”-სა და `NRG”-სგან და დაიწყეს მრავალმილიონიანი განახლებებისა და რებრენდინგის პროგრამა, საყოველთაოდ აღიარებული გლობალური ბრენდის დასამკვიდრებლად საქართველოში”.
ახლა კი ვნახოთ, რა წერია ამერიკული `გალფ ოილის” ოფიციალურ საიტზე. აქ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, `გალფ ოილი” 1901 წლიდან ფუნქციონირებს და საკუთარი ბენზინგასამართი სადგურების ქსელი აქვს ამერიკაში. შემდეგ კომპანია ფართოვდება და ევროპის ბაზარზეც შემოდის. დღეის მდგომარეობით, ამერიკულ `გალფ ოილს” ამერიკაში ბენზინგასამართი მცირე ქსელი გააჩნია, თუმცა ის თავის ბრენდს, ანუ სახელს, სხვადასხვა კომპანიაზე ყიდის. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ `გალფ ოილის” საიტზე ქართული `გალფის” დამფუძნებელი, `Enerhy investment venture LLC” არც შვილობილ კომპანიად და არც ოფიციალურ პარტნიორად დასახელებული არ არის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ `Enerhy investment venture LLC” გალფ ოილისგან” მხოლოდ სახელი იყიდა და საქართველოში თავს ისე წარმოაჩენს, როგორც ამერიკული ფირმის წარმომადგენელი. ამის თქმის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ `გალფის” ბაზარზე შემოსვლის შემდეგ (და არც მანამდე. _ დ.ტ.) ამერიკიდან საქართველოში ბენზინის იმპორტი არ მომხდარა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული `გალფი” საწვავს ამერიკულის ევროპული წარმომადგენლობებისგან ყიდულობს, მაგრამ ამის დადგენა ძალიან ძნელია. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საბაჟო სამსახური ოფიციალურად არ გვაძლევს ინფორმაციას, რომელ კომპანიას რომელი ქვეყნიდან შემოაქვს საწვავი.
ლევან იზორიამ მოიპოვა მონაცემები, სადაც გაწერილია 2011 წლის 1 იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში რომელი ქვეყნიდან რა რაოდენობის საწვავის იმპორტი მოხდა. ამ მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანიდან შემოსულია 200 ათას ტონამდე რეგულარი (95 ოქტანობაზე ნაკლები), ბულგარეთიდან _ 69 ათას ტონამდე რეგულარი, 31 ათას ტონაზე მეტი პრემიუმი (95-დან 98 ოქტანობამდე) და 5 ათას ტონამდე სუპერი (98 ოქტანობის, ან მეტი). იტალიიდან 1 ათას ტონამდე რეგულარი, 17 ათას ტონამდე პრემიუმი და 5 ათას ტონამდე სუპერი. რუმინეთიდან _ 63 ათას ტონამდე რეგულარი, 23 ათას ტონაზე მეტი პრემიუმი და 1 ათას ტონაზე მეტი სუპერი, რუსეთიდან _ მხოლოდ 8 ათას ტონაზე ცოტა მეტი რეგულარი, საბერძნეთიდან _ 7,5 ათას ტონაზე მეტი რეგულარი, 1 ათას ტონაზე მეტი პრემიუმი და 2 ათას ტონაზე მეტი სუპერი.
მოკლედ, ამ პერიოდში, ანუ 2011 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრამდე საქართველოში იმპორტირებულია 400 ათას ტონამდე რეგულარი, 73 ათას ტონამდე პრემიუმი და 13,5 ათას ტონამდე სუპერი.
ლევან იზორია:
_ რა თქმა უნდა, არავინ გვეუბნება, რომელი ქვეყნიდან კონკრეტულად რომელ კომპანიას შემოაქვს საწვავი და ამას კომერციული საიდუმლოების მოტივით ხსნიან, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან საწვავი შემოაქვს მხოლოდ `სოკარს”, ბულგარეთიდან _ `უნიგრუპს”, `ლუკოილისთვის”, იტალიიდან – `ვისოლს”, რუმინეთიდან – `რომპეტროლს”, ხოლო საბერძნეთიდან – `სოკარსა” და `ეკოს”, ახლა კი `გალფს”. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ხუთი კომპანია აკონტროლებს საქართველოში საწვავის იმპორტსა და საცალო ქსელის აბსოლუტურ უმრავლესობას. ერთმანეთთან შეთანხმებით ადგენენ ფასს და მუშაობენ ზემოგებაზე. მე გავაკეთე კონკრეტული გაანგარიშება. ავიღე საერთაშორისო ბირჟაზე ყველაზე მაღალი ფასი, როცა 1 ტონა, ანუ 1340 ლიტრი საწვავი 960 დოლარი, ანუ 1600 ლარამდე ღირდა. როგორც გამოვიკვლიე, 1 ტონა საწვავის ტრანსპორტირების ხარჯი, საშუალოდ, 40 ლარია, ამას ემატება აქციზის გადასახადი _ 250 ლარი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, 18%, ანუ 380 ლარი, სხვადასხვა ხარჯები, რაც მთლიანი ღირებულების მაქსიმუმ 10%-ია და 150 ლარამდე ადის, დავუმატე ფირმის მოგებაც. აქვე უნდა ვთქვა, რომ ნავთობიმპორტიორები ყველა ქვეყანაში, საშუალოდ, 2-დან 5%-მდე მოგებაზე მუშაობენ, მაგრამ ავიღე მაქსიმუმი _ 5%, რაც ტონაზე 75 ლარს შეადგენს და გამოვიდა, რომ 1 ლიტრი ბენზინი, საშუალოდ, 1 ლარი და 85 თეთრი. ამ დროს ვხედავთ, რომ 1 ლიტრი ბენზინი 2 ლარი და 10 თეთრი ღირს. გამოდის, რომ ეს კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ და ეს თანხა ლიტრზე მინიმუმ 20-25 თეთრს შეადგენს. ანუ, ეს იმ დროს, როცა საერთაშორისო პლაცის ფასი ყველაზე მაღალია და როცა ეს ფასი იკლებს, მაშინ კომპანიების ზემოგება 35 თეთრამდეც კი იზრდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ყოველთვიურად 60-70 მილიონი ლიტრი საწვავი მოიხმარება, გამოდის, რომ კომპანიების ზემოგება თვეში 15 მილიონიდან 25 მილიონამდე მერყეობს. ანუ, წლის განმავლობაში კომპანიები, მონოპოლიური გარემოს წყალობით, მოსახლეობის ხარჯზე 200-300 მილიონ ლარს შოულობენ.
სხვათა შორის, თავიდან გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ ხდებოდა საწვავის ფასის ხელოვნული გაზრდა მის საქართველოში შემოტანამდე. შემდეგ მოვიპოვე ერთ-ერთი ფირმის საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც თქვენ ექსკლუზიურად მოგაწვდით და სადაც ზუსტადაა გაწერილი, კონკრეტულად რამდენად შეიძინა ამ კომპანიამ საწვავი, რა დაჯდა ტრანსპორტირება, აქციზი, დღგ და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ჩემი გათვლები სწორია და საწვავის შემოტანა ზუსტად იმ ფარგლებში ჯდება, რაც მე ვიანგარიშე.
_ ბატონო ლევან, ალბათ, ოპონენტები იმასაც გვეტყვიან, რომ სხვა ქვეყნებში, თუნდაც თურქეთში, საწვავი გაცილებით ძვირი ღირს…
_ დიახ, ძვირია, მაგრამ ეს იმის გამოა, რომ იქ აქციზის გადასახადი და დღგ გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენთან და არა იმიტომ, რომ იმ ქვეყნებში მონოპოლიზაციაა და კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ. ჩვენი პრობლემა ზუსტად ისაა, რომ საქართველოში ამ ბიზნესს, ხელისუფლებასთან შეთანხმებით, აკონტროლებენ კონკრეტული ადამიანები, ისინი ერთობლივად ადგენენ ფასს, არ არის კონკურენტული გარემო და მოსახლეობის ხარჯზე მუშაობენ ზემოგებაზე. სწორედ ესაა ელიტური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი.
კომენტარები