პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:
“უნდა გესაუბროთ დმანისის სახიფათო მოვლენებზე, იმისდა მიუხედავად, რომ ხელისუფლება მოგვიწოდებს არ ვილაპარაკოთ ამაზე, ჩემი აზრით, სწორედ ლაპარაკით, ვითარების ანალიზით იწყება პრობლემის მოგვარება, მით უმეტეს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და ამ სისტემური პრობლემის საფუძველი უნდა ვეძებოთ არასწორ პოლიტიკაში, როგორც კრიმინალური მიმართულებით, ასევე ეთნიკური მიმართულებით.
რაც შეეხება კრიმინალურს, ხელისუფლების რიტორიკიდან გვესმის, რომ ახალგაზრდების ჯგუფებს შორის შეტაკება მოხდა და მეტი არაფერი, სინადვილეში, არანაირი შეტაკება იქ არ მომხდარა, ეს იყო კლასური თავდასხმა, რეკეტირება, სხვას ამას ვერაფერს უწოდებ, როდესაც მიდიხარ მაღაზიაში და ითხოვ უფასოდ მომსახურებას და როცა წინააღმდეგობას გიწევენ, მოდის შეიარაღებული ჯგუფი და უსწორდება მეპატრონეს და ლეწავს ყველაფერს, ამას არ ჰქვია კონფლიქტი, ამას ჰქვია კლასიკური თავდასხმა, ჯგუფური ძალადობა, რასაც უნდა გაეცეს, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, შესაბამისი პასუხი. ზუსტად ასეთი მიფუჩეჩებით და ვექტორის შეცვლით შელამაზებით, იწყება ის, რაც შეიძლება გადავიდეს ეთნიკური დაპირისპირების განზომილებაში. კრიმინალური განზომილება, ალბათ, იმით არის განპირობებული, რომ გარკვეულ წილად, არაპირდაპირი გზით წახალისებული არიან ადგილობრივი ხელისუფლებიდან კრიმინალური ჯგუფები. შეიძლება რაღაც დამსახურებაც აქვს, იგივე საარჩევნოდ, თუ სხვა სიტუაციებში და თვლიან, რომ მათ ეკუთვნით, ასე არეკეტებდნენ და აწიოკებდნენ ადამიანებს. ხელისუფლება თუ შეეცდება შელამაზებას და თუ ეცდება ეს დახატოს ორმხრივ კონფლიქტად და უთხრას მეორე მხარეს, გაჩუმდით, თორემ, ამათ კი დავიჭერთ, მაგრამ იულებული ვიქნებით თქვენც დაგიჭიროთ, იმიტომ რომ თქვენც თავს იცავდით და თავდაცვა იგივე კრიმინალია, მაშინ ეს ყველაფერი გადაინაცვლებს ეთნიკურ განზომილებაში.
ამ მხრივაც კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, პირდაპირ გეტყვით, არანაირი პოლიტიკა არ ტარდება, რათა მოხდეს ჩვენი ქართული უმცირესობების სრული ინტეგრაცია და არა მხოლოდ ის, რომ მოდი ენა ვასწავლოთ და ა.შ. მოქალაქეობრივი განცდის გაჩენა, მიუხედავად თავის წარმომავლობისა, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლები, ამ ქვეყნის პატრიოტები არიან და ეთნიკურ ქართველებთან ერთად თანაბარი უფლებები აქვთ და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობაც აქვთ – ამ მიმართულებით ხელისუფლება არათუ ნაბიჯს არ დგამს, წარმოდგენაც არ აქვს, რა სახიფათო პრობლემას ვეტაკებით.
სულ ცოტა ხნის წინ, სამთავრობო სამსახურებმა ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეები, დიასპორად მოიხსენიეს და დირექტივები გაცემული იქნა როგორც დიასპორაზე. წარმოდგენაც არ აქვთ, რას ეჯახებიან, ვინ არის საქართველოს მოქალაქე, როგორ უნდა ექცეოიდნენ, მათი სტატუსიც კი არ ესმით.
ძალიან რთული მდგომარეობაა, ნოყიერი ნიადაგია იმისათვის, რომ ჩვენმა მტრებმა გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისთვის და საბოლოოდ, გვმართონ ამ კონფლიქტებით და ყველაზე მძიმე ფორმაა ეთნიკური პრობლემები.
ხელისუფლებაა მთლიანად პასუხისმგებელი და ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, ამ კონკრეტულ ინციდენტს რამდენად სამართლიანად გამოიძიებენ, თუ ეს არ გააკეთეს, საკუთარ თავს დააბრალონ, რაც შეიძლება მოხდეს.”
კომენტარები