ანი დვალიშვილი, ალია
ბოლო დროს „ოცნების“ კულუარებიდან ინფორმაციები კი არ ჟონავს, მდინარედ მოედინება და ამას ვერაფერს უხერხებენ. რაც ყველაზე საინტერესოა, გიორგი გახარიას პარტიის კარი მუდმივად ღიაა და „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს იქ შესვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. მით უმეტეს, რომ გახარიას ჯერ კოზირები არ გამოუჩენია და მისი ფარული მხარდამჭერებიც პარლამენტში ჯერ ჩუმად არიან. გახარია ხელისუფლებას რამდენიმე მაჟორიტარს რომ ჩაუხსნის, თავადაც იციან, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, თუმცა…
„საპარლამენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილს ურჩიეს, რამდენიმე ისეთი პარტია დაეფინანსებინა, რომელსაც შემდეგ პარლამენტში შეიყვანდა და ოპოზიციის კვოტას შექმნიდა. საუბარი იყო „კონსერვატორებზე“, „სოციალისტ დემოკრატებზე“, „რესპუბლიკელებზეც“ კი, მაგრამ გუნდის ახალგაზრდულმა ფრთამ ივანიშვილი დაარწმუნა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ახლა კი, სწორედ ეს ახალგაზრდული ფრთა ცდილობს სატელიტი პარტიების შემოყრას და მათთვის კოჭის გაგორებას, მაგრამ ახლა უკვე ამას აღარავინ ჭამს“, – გვეუბნება „ოცნების“ დეპუტატი.
ცალკე პრობლემაა ფინანსური მხარე. პანდემიის პირობებში გაჩერებული ბიზნესი აღარ „იწველება“ და სწორედ ამიტომ მოიფიქრეს რეგიონების განვითარების გეგმა. გეგმის მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში ათეულობით მილიონი უნდა დაიხარჯოს განვითარებისთვის, თუმცა გეტყვით, რომ ამ ფულით მუნიციპალური ცენტრების მთავარი ქუჩები გაკეთდება. ანუ, ხელისუფლებას სათქმელი ექნება, აგერ, ეს გავაკეთეთო და თან ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აუცილებლად შეწირავენ თანხას პარტიულ სალაროს. როგორც წესი, ქართულ არჩევნებს ოფიციალური ფული არასდროს ჰყოფნის, აი, შავი სალარო კი, ივანიშვილის არყოფნის პირობებში ჯერჯერობით ცარიელია.
ისე, კულუარულად ისიც გვითხრეს, ის სლოტ-კლუბები, რომლებიც ღამით, კომენდანტის საათის დროს არალეგალურად მუშაობენ და იქ მყოფ მოთამაშეებსაც სპეც-საშვები აქვთო, ასევე არალეგალურ გადასახადს იხდიან და ის სწორედ მმართველი გუნდის ყულაბაში მიდისო. ამაზე სიუჟეტიც გააკეთა რამდენიმე ტელევიზიამ, თუმცა მოდით ისიც ვთქვათ, რომ ის სლოტ-კლუბების ქსელი, რომელიც ტელევიზიით გამოაჭენეს, წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილის შავ სალაროზე ზრუნავდა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, „ოცნებამ“ გადაიბარა. მტკიცებით ფორმაში იმასაც გეტყვით, რომ ეს სლოტ-კლუბი მართალია ისე მსუყედ აღარ, მაგრამ მერაბიშვილის კეთილდღეობაზე დღემდე ზრუნავს და… ეს მმართველ გუნდში ძალიან, ძალიან კარგად იციან.
კომენტარები