აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს:
„პანდემიის დასაწყისში, დიდი ქაოსი იყო ამერიკულ ჯანდაცვის სისტემაში. სამწუხაროდ, სამსახურებმა, რომლებსაც ჰოსპიტალური სექტორის მომზადება ევალებოდათ უუნარობა გამოიჩინეს და დაახლოებით ორ კვირაში პერსონალური დაცვის საშუალებების კატასტროფული დეფიციტი შეიქმნა. ნ95 ნიღაბი დღეში ერთი გვერგებოდა, ისიც საცავიდან ხელმოწერით უნდა გამოგეტანა და მთელი დღე გვყოფნოდა. ეს ეპიდემიოლოგიურადაც აზრსმოკლებულია და ისედაც წარმოუდგენელი დისკომფორტია შენამული ნიღბით უდიდესი დატვირთვით მუშაობა. სავარაუდოდ დეფიციტის გამო, ყოველგვარი სამეცნიერო საფუძვლის გარეშე, CDC-მ უცებ განაცხადა, რომ კორონავირუსისგან ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბიც დაგვიცავდა და ნ95 უსაფრთხოებისთვის საჭირო აღარ იყო. ამას ექთნების და ექიმების სერიოზული პროტესტი მოჰყვა. მათ შორის ჩემს ჰოსპიტალშიც. ყველამ უარი განვაცხადეთ სამეცნიერო საფუძველს მოკლებული წესის შესრულებაზე. CDC-ს მოუწია კვლევებით ეხელმძღვანელა და მალევე ნ95 ისევ სავალდებულო დაცვის საშუალება გახდა.
ორჯერადად აცრილების უნიღბოდ სიარულსაც ასეთივე აბსურდად თვლის სამედიცინო საზოგადოების უმრავლესობა. სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა განასხვავო აცრილი აუცრელისგან და როგორ გადაწყვიტო უსაფრთხო გარემოში იმყოფები თუ არა… სანამ მოსახლეობის ის პროპორცია არ აიცრება რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების მნიშვნელოვნად შესამცირებლად მანამ ეს მიდგომა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
პრევენციის წესების დაცვის და ვაქცინაციის კომბინაციამ განაპირობა გარკვეული წარმატება, რაც კოვიდით ავადობის შემცირებაში გამოიხატება. თუ პრევენციის წესებს გონივრყლად არ მივუდგებით ვერაფერი გვიხსნის ხანგძლივი ლოქდაუნებისა თუ სხვა გაუმართლებელი შეზღუდვების პირობებში ცხოვრებისგან.
P.S. ჩემს ჰოსპიტალში, ცოტახნის წინ, ერთდროულად ათასზე მეტი კოვიდ ინფიცირებული მკურნალობდა. იყო პერიოდები, როცა ჰოსპიტალს ერთდოულად ოთხასზე მეტი პაიენტი ჰყავდა მართვით სუნთქვაზე და ეს ჯოჯოხეთი ლამის მთელი წელი გაგრძელდა. დღეს დავხედე და სულ 12 კოვიდ ინფიცირებული გვყავს მთელს ჰოსპიტალში და აქედან მხოლოდ 4 საჭიროებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას. ყველა მათგანი აუცრელი იყო.“
კომენტარები