23 მაისს თბილისში რიონის ხეობის მცველთა მასშტაბური აქცია იგეგმება, რამდენად მასშაბური იქნება საპროტესტო ტალღა, ამის დადგენა ვარლამ გოლეთიანთან ვცადეთ, თუმცა, მან არ მოისურვა საუბარი, დაგვპირდა, რომ ვინმესთან გადაგვამისამართებდა, თუმცა, შემდგომ ზარებს აღარ უპასუხა. ბოლო დროს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვარლამი ჟურნალისტებს თავს არიდებს და მხოლოდ ლაივების გავრცელებით შემოიფარგლება, სადაც ასევე არ პასუხობს არასასურველ კითხვებს. რატომ აღარ ურთიერთობს მედიასთან, ამ კითხვაზეც ვერ მივიღეთ პასუხი, სამწუხაროდ.
რამდენად მასშტაბური იქნება აქცია, ამაზე პასუხი, ვფიქრობ, რიონის ხეობის მცველებს უნდა ჰქონდეთ, რადგან აქციაში მონაწილე პირებისთვის 2 ტიპის კითხვარი შეიქმნა და განთავსდა სოციალურ ქსელში, ერთი, თავად რიონის ხეობის მცველების მიერ – „თქვენთან სწორი და პირდაპირი კომუნიკაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთკითხვარი – bit.ly/namokhvani“ – ამ კითხვარის წარდგენისას, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ამ გზით პირდაპირ კავშირზე იქნებოდნენ ადამიანებთან და პირადად დაურეკავდნენ მითითებულ ნომერზე. გოლეთიანის თქმით, ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად გადაწყდა ამ ხერხის გამოყენება. რა ინფორმაციას მიაწვდიან, ადამიანებს, რომლებმაც კითხვარი შეავსეს, ამ თემაზე გოლეთიანი არ საუბრობს, თუმცა, ვფიქრობთ, უკვე საკმაოდ სოლიდური მონაცემთა ბაზა უნდა ჰქონდეთ ხელთ.
მეორე კითხვარს ავრცელებს სოციალური გვერდი „თბილისი არის თანადგომა“ – „ყველას, ვისაც გსურთ მასპინძლობა გაუწიოთ აქციაზე ჩამოსულ სტუმრებს, შესთავაზოთ თავშესაფარი, ან შეეხიდოთ მათ მგზავრობის ხარჯებში, აგრეთვე, ყველას, ვინც აპირებთ აქციაზე ჩამოსვლას რეგიონებიდან, გჭირდებათ ტრანსპორტით ან ბინით უზრუნველყოფა, გთხოვთ, შეავსოთ და გაავრცელოთ კითხვარი: bit.ly/tanadgoma
ვარლამ გოლეთიანი ვიდეოლაივებში სთხოვს მოქალაქეებს, შეავსონ ორივე კითხვარი და აქციისთვის თვითმობილიზება გააკეთონ. რამდენად მოახერხებენ თბილისში ჩამოსული ადამიანები თვითმობილიზებას, მაშინ როცა, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქცია არ იქნება ერთდღიანი და გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მიაღწევენ – უცნობია.
ორივე კითხვარის შედეგების შეჯამების შემდეგ, რიონის ხეობის მცველებს, წესით უკვე ეცოდინებათ, დაახლოებით რამდენი ადამიანის ჩამოსვლას ელოდებიან თბილისში.
გარდა მოქალაქეებისა, პროტესტს ღიად უჭერს მხარს ლევან ვასაძე, თავისი ახალი მოძრაობით, „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილი, დომენიკ მანგო, ლეიბორისტები, ნინო ბურჯანაძე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების აქტივისტები, სტუდენტები და ა.შ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციაზე ყველას შეუძლია მისვლა, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ოღონდ, იმ პირობით, რომ მათ სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ მისცემს.
მინდა გითხრათ, რომ სულ არ სჭირდებათ სიტყვის გამოსვლა დომენიკ მანგოს და „ქართულ მარშს“ მაგალითად, მათ ერთმანეთის დანახვაც კი ჰყოფნით კონფლიქტური სიტუაციის შესაქმნელად.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, რიონის ხეობის მცველები კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ აქციების თბილისში გადმოტანით და ადგილზე აგრძელებდნენ პროტესტს. მეტიც, ისინი ამბობდნენ, რომ არ სურდათ პოლიტიკურ ძალებთან ერთად დგომა, თუმცა, დედაქალაქში ჩამოსულებს, არ ექნებათ იმის ფუფუნება, თავად გადაწყვიტონ, ვინ გააძევონ აქციიდან და ვინ დატოვონ. ყველას კარგად გვახსოვს, მალხაზ მაჩალიკაშვილის წერილი, სადაც წერდა, რომ ქუთაისის აქციაზე შეურაცხყოფილად აგრძნობინეს თავი და პირდაპირ უთხრეს, რომ უნდა წასულიყო. მოგვიანებით, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ რიონის მცველების მიერ დაორგანიზებული აქციიდან მალხაზ მაჩალიკაშვილის გაძევებასთან “რიონის მცველებს” კავშირი არ აქვთ. ვის ჰქონდა ამ ფაქტთან კავშირი, ვინ აიღო თავზე აქციის „გაწმენდა“ არასასურველი პირებისგან – ეს დღემდე უცნობია.
მაშ, როგორ და ვინ გააკონტროლებს დედაქალაქში მიმდინარე აქციას? თუ კონტროლის მექანიზმი არ იქნება, პასუხისმგებლობასაც ვერავინ აიღებს საკუთარ თავზე, შესაბამისად.
ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ არც ერთ პოლიტიკოსი და არც ერთი პოლიტიკური პარტია, ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ლიბერალები, ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ კონსერვატორები, ადამიანები, რომელბსაც არ მოსწონს „ოცნება“ და ადამიანები, რომელბსაც არ მოსწონს „ოპოზიცია“ აპირებენ ერთად შეიკრიბნონ! ამას ემატებიან ის ადამიანები, რომლებმაც რეგიონებდან ჩამოსვლის შემდეგ თვითმობილიზება თავად უნდა მოახდინონ, თავად უნდა დაუკავშირდნენ გვერდს „თბილისი არის თანადგომა“ და თავად გაარკვიონ, როგორია იმის შანსი, რომ ღამის გასათევი და საკვები ჰქონდეთ. გვერდს, რომელმაც 16 მაისიდან დაიწყო აქტიურობა, მხოლოდ ქალაქის ნომერი აქვს საკონტაქტო ნომრად მითითებული, ვცადეთ მათთან დაკავშირება, რადგან გაგვეგო, რამდენი ადამიანის უზრუნველჰყოფა შეუძლიათ საკვებით და ღამის გასათევით, თუმცა, არ გვიპასუხეს.
ყველას გვახსოვს დღე, როცა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები, „ქართული მარში“ და დომენიკ მანგო თავისი მხარდამჭერებით სავსე ავტობუსებით, ერთდროულად გაემართენ დასავლეთისკენ, მაშინ ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები მიდიან და ამიტომ, რიონის ხეობის მცველები, ადგილს დატოვებენ და სანამ ისინი იქ იქნებიან, ახლოს არ მივლენ, რადგან არის პროვოკაციის საშიშროება. მეტიც, ვარლამმა მაშინ პოლიციაც გააფრთხილა მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ. მაშინ დაპირისპირება არ მოხდა, რადგან ერთმა და მეორე მხარემაც იცოდა, რომ ნებისმიერი დაპირისპირება, მათ გარდა არავის დაბრალდებოდა, გამომდინარე იქედან, რომ ერთმანეთის პირისპირ მარტონი დარჩნენ – რა იქნება თბილისში? რა ფორმას მიიღებს აქცია, სადაც სრულიად განსხვავებული შეხედულებების მოქალაქეები შეიკრიბებიან? ვინ უპატრონებს და მიხედავს რეიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს? ვის დაბრალდება, დაპირისპირება თუ მოხდება და ვინ იქნება იქ შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? – ამ კითხვებზე, სამწუხაროდ, პასუხები არ გვაქვს. ისევე, როგორც არ ვიცით, ვინ დგას გვერდის„თბილისი არის თანადგომა“ უკან, რა მესიჯები იგზავნება იმ ადამიანებთან, რომლებმაც კითხვარი შეავსეს და რამდენად დაცული იქნება მონაცემთა ბაზა.
ამ ეტაპისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ აქცია 23 მაისს იმართება თბილისში, აქციას, თითქმის არ ჰყავს ორგანიზატორი და რიონის ხეობის მცველთა მოთხოვნები უცვლელია:
1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკარინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანისჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკარინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
3. გაუქმდეს ნამოხვანისჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
თუმცა ამ მოთხოვნებს, აქციის სიჭრელიდან გამომდინარე, ბევრი სხვა ემატება, რომელთა ტირაჟირება სოციალურ ქსელებში აქტიურად ხდება.
მოთხოვნების დაფიქსირება ხდება ვარლამ გოლეთიანის ლაივების დროსაც და მათი უმეტესობა ბევრად ცდება გამოქვეყნებულ 4 მოთხოვნას: დაწყებული მთელი ხელისუფლების გადადგომის, დასრულებული კერძო მესაკუთრეებზე ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით.
დამაფიქრებელი მხოლოდ ისაა, რომ არაერთგვაროვანი მოთხოვნების და ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანების პროტესტის ორგანიზების პასუხისმგებლობაზე, ამ დრომდე, პასუხები, სამწუხაროდ, არ არსებობს.
(R)
კომენტარები