მასობრივი თაღლითობა აჭარაში – 27 ქართველი მეზღვაურს თურქეთის მოქალაქემ, დასაქმების სანაცვლოდ, სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოსძალა და შეხვედრა დღეს დილით დაუთქვა. დაპირების მიხედვით, მეზღვაურები სარფიდან თურქეთში უნდა გადასულიყვნენ. ადგილზე ყველა მივიდა ორგანიზატორის გარდა, რომელმაც მობილური გამორთო და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან არიან შეკრებილები და მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.
“ამდენი ადამიანი გავხდით თაღლითობის მსხვერპლი. ვიღაც თურქმა როგორ უნდა გაგვაცუროს, ეს პოლიციელები არანაირ ყურადღებას არ გვაქცევენ. თანხა გადავუხადეთ გემზე წასვლის საფასურად, მაგრამ, საბოლოოდ, სარფში მივედით და აღმოჩნდა, რომ გაქრა თურქი,”- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
“500 დოლარი მაქვს გადახდილი. მე თურქი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ეს ორი ქალბატონი, ამათთან მაქვს საქმე. ამ ქალბატონს, ციცო ხარაბაძეს მივეცი 500 დოლარი. თუ თარჯიმანი იყო, ეს ხალხი რად უნდოდა იქ, რატომ და რისთვის მიიყვანა, მაშინ თარჯიმნობა გაეკეთებინა და არა თაღლითობა, ხალხისთვის ფული კი არ გამოერთმია, ხან 500, ხან 700 ხან 2000,”-აცხადებს კიდევ ერთი დაზარალებული.
თავად ციცო ხარაბაძე აცხადებს, რომ თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა, მისთვის ფული არავის მიუცია და თავად მხოლოდ თარჯიმნის ფუნქციას ასრულებდა.
“ჩვენ ვუთარგმნიდით და ჩვენ ველაპარაკებოდით. რა თქმა უნდა, იტყვის, რომ თქვენთან მაქვს საქმე, ის დაიკარგა, აღარ არის, არ არის აქაური მოქალაქე და რას იტყვის აბა, შენთან მაქვს საქმე, შენ თარჯიმანი ხარ თუ ვინ ხარ, სულ არ მაინტერესებს – გეტყვის. თანხა მაგიდაზე დადეს, ესენი გავიდნენ, იმან ჩაიდო ჯიბეში წავიდა, მე თვითონ მაქვს მიცემული ორი კაცის ფული, 1000 დოლარი.
თარჯიმანი ხარ და თარჯიმნის ფულს გადაგიხდიო, მეუბნებოდა, გადამითარგმნეო. 60 წლის კაცი იყო, სერიოზული პიროვნება, ყოფილი მასწავლებელი, კულტურული, განათლებული, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ აფერისტი იქნებოდა,”-აცხადებს ციცო ხარაბაძე.
ამ წუთებში, რამდენიმე მეზღვაური აჭარის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. ჯერჯერობით, უცნობია, დატოვა თუ არა თურქეთის მოქალაქემ საქართველოს ტერიტორია.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები