ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დღეს მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის, სალო კვირიკაშვილისთვის დაირეკა.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს:
“#კლასში მხოლოდ ერთი
ლაშის საჯარო სკოლაში დღეს ბოლო ზარი მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა
სალო კვირიკაშვილი
6 წელია რაც კლასში მარტო ვარ. ჩვენს სკოლაში იმდენად მეგობრული გარემოა, რომ არასდროს მიგრძვნია კლასელის დანაკლისი. გაკვეთილები ჩვეულ სტილში მიტარდებოდა. მასწავლებლები ყოველთვის ცდილობდნენ სასიამოვნო გარემოს შექმნას, რომ საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენი არ ყოფილიყო. შეიძლება, ბევრს რთულად ეჩვენოს კლასში მარტო ყოფნა, მაგრამ ჩემთვის ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.
დასვენებებზე მთელ დროს სხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად ვატარებდი, რომლებიც ამ 12 წლის განმავლობაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებად იქცნენ. სწორედ მათ მომიწყვეს დღეს ისეთი ბოლო ზარი, რომ ცრემლების შეკავება ვერ შევძელი. სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახი იყო და გული მწყდება აქედან რომ მივდივარ.
ვაპირებ ჩავაბარო დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი პედაგოგობით, მაგრამ მხოლოდ წელს გადავწყვიტე გავყოლოდი ამ პროფესიას.
სამწუხაროა, რომ სკოლებში დღითიდღე იკლებს ბავშვთა რაოდენობა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ უნდა იქცეს დამაბრკოლებელ ფაქტორად განათლების მიღებისას. ძალიან მინდა, რომ ცხოვრებაში წარმატებული ვიყო და გავამართლო ყველა იმ ადამიანის იმედი რომელსაც ჩემი სჯერა.”
კომენტარები