ambebi.ge-სთან გერმანიიდან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ყოფილი მოადგილე და პოლიტიკოს – გოგლა ჟვანიას მეუღლე ნინო შარაშიძე საუბრობს:
ჩემი უდიდესი ტრაგედია ჩემს ძმას უკავშირდება, საშინელება დაგვატყდა თავს. ჩემი 22 წლის ძმა 1991 წელს ქუჩაში მოკლეს. ეს ამბავი დოლიძეზე მოხდა – ნასვამმა დოლიძელებმა თავისსავე უბანში მოკლეს ჩემი ძმა. ისინი სამნი იყვნენ და სიგარეტის გამო შეკამთდნენ.
ეს ერთი ტრაგედია იყო, მეორე კი სასამართლო პროცესები, – ყველა მოსყიდული იყო, ჩვენი ადვოკატიც კი. მკვლელი, რომელსაც არც უარუყვია მკვლელობა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, იმ მოტივით, თითქოსდა თავს იცავდაო. ისე გამოიყვანეს, თითქოს ჩემი ძმა დაესხა სამივეს თავს, ისინი კი იგერიებდნენ. იმ დროისთვის უკვე ბევრი უსამართლობა მქონდა ნანახი, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო, მაგრამ ასეთი – არაფერი. კახას დიდი და ძლიერი სამეგობრო ჰყავდა. მზად იყვნენ შურისძიებისთვის, მაგრამ დედა ყველას სათითაოდ ეხვეწებოდა, – შვილებო, ფიქრიც არ გაბედოთო. სულ ეშინოდა, კახას მეგობრებს სამაგიერო არ გადაეხადათ. არ ვაჭარბებ, კახა ყველასთვის სათაყვანებელი, ლამაზი, ნიჭიერი და კარგი ადამიანი იყო. ამასთანავე, ის ძლიერი, პოეტური, სამართლიანი, გოგონებისთვის სასურველი ბიჭი და ბიჭებისთვის სასურველი მეგობარი იყო. მოკლედ, ძალიან მძიმედ გადავიტანეთ ეს ტრაგედია, ჩემი მშობლები ამ დროს უკვე 60-ს გადაცილებულები იყვნენ. ეს უმძიმესი დარტყმა იყო ჩვენთვის ყველასთვის. მაგრამ მოხუცი მშობლები მთლად განადგურდნენ. მამა მალევე გარდაიცვალა.
ცოტა ხანში, გოგლა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ის “მწვანეთა მოძრაობაში“ გავიცანი, მაშინ 21 წლის სტუდენტი ვიყავი. მანამდე, ერთი მეგობარი მყავდა, ჩემთან იყო, დედას ტელეფონების წიგნაკი ჰქონდა, ალფაბეტს რომ ჩამოვყევით, მ-ზე ეწერა – “მწვანეები“. მეგობარი მეუბნება, მოიცა, მანდ დავრეკოთ, მათი სპიკერი – ზურა ჟვანია მომწონსო. ვუთხარი, რატომ მოგწონს, ბებერია-მეთქი. იმ ასაკში დიდად მეჩვენებოდა. 1992 წლის არჩევნების წინა პერიოდი იყო და ზურასთან ტელეფონით დაკავშირება რთული იყო. დავრეკეთ და მაკა მდივანს ეუბნება, ნანა ვარ, დევდარიანი, სასწრაფო საქმე მაქვსო. ზურამ ყურმილი აიღო, და მაკა ეუბნება, – ზურა, ნანა არ ვარ, მაკა ვარ და ძალიან მიყვარხარო. ზურას გაეღიმა, მაგრამ თბილად მოიშორა, უთხრა, ახლა არჩევნები გვაქვს და როცა ჩაივლის, მერე დამირეკეო.
არჩევნებმა “მწვანეებისთვის“ ტრიუმფალურად ჩაიარა, მაკას არ დავიწყნია, ზურას დაურეკა და ეუბნება – გამარჯობა ზურა, სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, მე ის ვარო. ძალიან სასაცილო იყო… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იუმორის დონეზე დარჩა. მაკას ინიციატივითვე შევედით “მწვანეებში“. გარემოს დაცვა ყოველთვის მაინტერესებდა. “მწვანეებს“ დიდი გეგმები ჰქონდათ, ევროპარლამენტარებთან ურთიერთობდნენ, ძალიან საინტერესო გუნდი იყო და გული მწყდება, რომ მერე “მოქკავშირად” გადაიქცნენ და სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ. მათ სხვა მასშტაბების პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდათ, თორემ, მაშინდელი “მწვანეთა მოძრაობა“ იყო სუპერპროგრესული ძალა.
თვითონ ზურა იყო ძალიან პროგრესული ადამიანი. მდგრადი განვითარების პრინციპები ისე ესმოდა, როგორც არავის იმდროინდელ საქართველოში (და შეიძლება მის ფარგლებს გარეთაც). მოკლედ, ძალიან მომწონდა იქ ყოფნა. მაშინ პოლიტექნიკურში ვმუშაობდი კათედრაზე, პარალელურად კი “მწვანეებში“ დავდიოდი, სადაც შევხვდი გოგლას. ზურა რამდენადაც სწრაფი იყო მოქმედებასა თუ აზროვნებაში, გოგლა იმდენად ნელი და დინჯი იყო, ტიპიური ლეჩხუმელი (ბებია ყავდა ლეჩხუმიდან, სოფელ დერჩიდან, რომელზეც გიჟდებოდა)… ძმები რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ზურას შეეძლო ერთ ღამეში ერთი წიგნი წაეკითხა, 4 საათი სძინებოდა და მეორე დღეს ფორმაში ყოფილიყო. მართლაც უნიკალურად ნიჭიერი იყო. ზოგადად, მათი ოჯახი იყო ყველაზე დიდი სიმდიდრე, ზურას და გოგლას საოცარი დედ-მამა ჰყავდათ.
- “ძალიან განვიცდი, ჩამოსვლა რომ ვერ მოვახერხე”
შევარდნაძე ჩემთვის ბავშვობიდან მიუღებელი იყო, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ზურას ათასგვარი ბინძური ჭორი აუგორა, ხან უკანონო შვილობას აბრალებდნენ, ხან ეთნიკურ წარმომავლობაზე უვრცელებდნენ ჭორებს. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ეთნიკური ნიშნით ადამიანების გარჩევაზე ლაპარაკი არ ყოფილა, ყველას ერთნაირად ვცემდით პატივს და არავის ვანსხვავებდით. გოგლას არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ეთნიკურად არაქართველი იყო, ძალიან ქართული. მათთან სიახლოვემ ბევრი რამ შემძინა.
გოგლას მშობლებზე ვგიჟდებოდი, საოცრად თბილები, დახვეწილები და განათლებულები იყვნენ. დიდი სანათესაო ჰყავდათ ორივე მხრიდან და მათი სახლი ყველას შეკრების ადგილი იყო. მამა გოგლასავით დინჯი და კეთილშობილი, დედა კი აქტიური, ენერგიული და საოცრად კეთილი – ყველაზე გადაყოლილი იყო. გერმანიაში ვიყავი, როცა რემა დეიდა გარდაიცვალა, გოგლა სამი დღით ადრე ჩავიდა საქართველოში. მე და ჩემი შილები კი კოვიდის გამო, საერთოდ ვერ ჩავედით და დღემდე ამას ძალიან განვიცდი….
- “გეხვეწები, პალატაში შევარდნაძეზე ცუდი არაფერი თქვაო”
გოგლას ლაპარაკი არ უყვარს და მხოლოდ ქცევით მაგრძნობინა სიყვარული, მთელი მისი ქმედებებით გამოხატავდა ამას. სხვათა შორის, 22 აპრილს ვიქორწინეთ – დედამიწის დღეს, სპეციალურად არ დაგვიმთხვევია… შეუღლება ვიწრო წრეში აღვნიშნეთ, მძიმე პერიოდი იყო – აფხაზეთის ომი… ქორწინების პირველი პერიოდიდან რაც მახსენდება, ეს არის ომი, პოლიტიკური საუბრები… როგორც უკვე ვთქვი, მამაჩემისთვის შევარდნაძე სრულიად მიუღებელი იყო და როცა გოგლას მივყვებოდი ცოლად, მაშინ ზურას გამოკვეთილი პროშევარდნაძისტული პოზიცია ეჭირა. ამაზე ცოტა არ იყოს, ვნერვიულობდი. მამა თავის აზრებს არასდროს მალავდა და განვიცდიდი, პირველივე შეხვედრაზე რამე უხერხულობა არ შეექმნა. მახსოვს, ვეხვეწებოდი, შევარდნაძეზე ცუდი არაფერი თქვა-მეთქი. იმ პირველ საღამოს გაგვიწია ანგარიში. ჩემთვისაც იმდენად მიუღებელი იყო შევარდნაძე, მეც გამოვხატავდი ამას. წარმოიდგინეთ, ის პერიოდია, როცა ზურა არის შევარდნაძის უახლოესი, მე კი სულ პროტესტს და უკმაყოფილებას გამოვხატავ. ერთი სასაცილო მომენტი მახსენდება: მუცელი ამტკივდა და სამშობიაროში უნდა წამიყვანონ, 1994 წლის 8 მარტია, პატარა ვარ, დედამთილი მეუბნება, რაღაც უნდა გთხოვო და შემისრულეო. მეგონა, მეტყოდა ექიმებს დაუჯერეო ან რაიმე მსგავსს, ის კი მეუბნება – გეხვეწები, პალატაში შევარდნაძეზე ცუდი არაფერი თქვაო. ისე განიცდიდა ამ დაპირისპირებულ აზრებს, სამშობიაროში მიმავალსაც ამას მთხოვდა. ძალიან სასაცილო იყო. სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი, საბოლოოდ, შევარდნაძემ ზურა დაუნდობლად გაწირა…
დედას ჩემი ძმისთვის უნდოდა ბექა დაერქმია, მაგრამ არ დაარქვა და უფროს შვილს მე დავარქვი ეს სახელი. მეორე შვილს ზურა ჰქვია და ორივენი ბიძებთან არიან კავშირში… ჩემი უფროსი შვილი გერმანიის საუნივერსიტეტო ქალაქ აახენში სწავლობს კომპიუტერულ მეცნიერებას, ზურა კი ბონის საერთაშორისო სკოლაში დადის. ის ბევრს ფიქრობს მომავალ პროფესიაზე და ამ ბოლო დროს ინჟინერიამ დააინტერესა. აქ ეს დარგი ძალიან კარგადაა განვითარებული, თუმცა ჯერ გერმანული არ იცის და ალბათ ისწავლის.
სრულად – ambebi.ge
კომენტარები