ვარლამ გოლეთიანმა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მოთხოვნები დაასახელა. თბილისში მიმდინარე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორის თქმით, ჰესის მშნებლობის მოწინააღმდეგეები კომპანია „ენკას“ რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.
„დღეს ჩვენი მოთხოვნები მკაფიოა – კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გადაცემას. ზოგადად გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას ამ სექტორში, რომ საზოგადოების აზრი იქნას გათვალისწინებული, ენერგოსექტორში რა მიმართულებით მივდივართ, როგორ ვვითარდებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამაში უნდა იყოს ყველას ჩართულობა. ამისთვის საჭიროა პაუზა, გვჭირდება დრო, რათა ყველა იყოს ჩართული და გავითვალისწინოთ მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა, ზოგადად, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომ მომავალში აღარ იყოს მსგავსი პროტესტი და ამ პრობლემისგან შეწუხებული ადამიანები“, – განაცხადა გოლეთიანმა.
ამასთან, აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადადგომასა და საქმის აღძვრას ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ჰესის მშენებლობის ხელშეკრულების მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი თბილისის პარალიზებას აანონსებენ.
„ხვალ, 12:00 საათამდე ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული თუ არ იქნება, ჩვენ მთლიანად დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ, ვერავინ ვერსად შეძლებს გადაადგილებას“, – განაცხადა გოლეთიანმა.
კომენტარები