ევროკავშირის საბჭომ მესამე სამყაროს ქვეყნებიდან შენგენის ზონაში შესვლის შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ რეკომენდაცია დაამტკიცა. მოგზაურთათვის ერთგვარი საშვი იქნება ახალი კორონავირუსის ვაქცინა, თუმცა არა ყველა მათგანი. კონკრეტულად ვის და რა პირობებით შეუშვებენ შენგენის ზონაში, ამ თემაზე Deutsche Welle წერს.
ევროკავშირსა და შენგენის ზონაში მესამე სამყაროს ქვეყნების სრულად აცრილ მოქალაქეებს შეუშვებენ. უფრო მეტიც, მათი მოგზაურობის მიზანი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის – ტურისტული. სრულად აცრილი ნიშნავს, რომ ვაქცინის აუცილებელი ბოლო დოზის გაკეთებიდან, სულ ცოტა, 14 დღეა გასული. ამ ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნები მესამე სამყაროს ქვეყნების მოქალაქეებს უშვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცხოვრობენ შენგენის ზონაში ან მოგზაურობისთვის საპატიო მიზეზი აქვთ.
ბავშვები, რომლებიც ასაკის გამო ჯერჯერობით აცრილები არ იქნებიან, შენგენის ზონაში შესვლას ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად შეძლებენ. თუმცა მათ მოუწევთ წარადგინონ ბავშვის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც საზღვრის გადაკვეთამდე არა უადრეს 72 საათისა გაკეთდა.
დაიშვებიან ის პირები, რომლებიც ევროკავშირში რეგისტრირებული რომელიმე ვაქცინით იქნებიან აცრილი: BioNTech / Pfizer-ი, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson-ი. ეს ეხება სამხრეთკორეული წარმოების AstraZeneca-საც, რომელსაც იყენებენ, მაგალითად, უკრაინაში.
თუმცა, შესაძლოა, პრობლემები არ შეექმნათ მათაც, ვინც Covishield-ითა (AstraZeneca- ს ინდური ანალოგი) და ჩინური კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული პრეპარატით აიცრა. ეს ორივე ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის რეკომენდებული საგანგებო სიტუაციაში გამოსაყენებლად. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ამ გაერთიანებაში შემავალ თითოეულ სახელმწიფოს ” ასევე შეუძლია” შეუშვას ის პირები, ვინც ზემოთ ხსენებული პრეპარატებით სრულად არის აცრილი.
შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ტალღა იმოქმედებს მათზე, ვინც ჯერ კიდევ არ არის აცრილი, მაგრამ ახალი კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს. ამ ეტაპზე იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალში, რომელთათვისაც შენგენის საზღვრები გახსნილია, შვიდი ქვეყანა შედის:
ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, ტაილანდი, სამხრეთ კორეა და ჩინეთი.
თუმცა ევროკავშირის საბჭომ ამ ჩამონათვალში ქვეყნების დამატების ძირითადი კრიტერიუმი შეცვალა: ამა თუ იმ სახელმწიფოში, ბოლო 14 დღის განმავლობაში, 100 ათას მოსახლეზე 75 ახალ შემთხვევაზე მეტი არ უნდა ფიქსირდებოდეს. აქამდე ეს ბარიერი 25 ახალ შემთხვევას მოიცავდა.
ამავდროულად, ჩამონათვალში დამატების სხვა კრიტერიუმები უცვლელი დარჩა. კერძოდ, ახალი დაავადებების რაოდენობის კლების ტენდენცია უნდა იყოს სტაბილური, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მიერ მოწოდებული მონაცემები კი – სანდო. მხედველობაში მიიღება COVID-19-ზე გაკეთებული ტესტების რაოდენობაც და დადებითი პასუხების წილი 4% -ს არ უნდა აღემატებოდეს.
ევროკავშირის საბჭომ შეიმუშავა „ავარიული მუხრუჭის“ შესაძლებლობაც. ეს გულისხმობს შესაძლებლობას, რომ სასწრაფოდ აიკრძალოს ყველა გასვლითი რეისი იმ ქვეყნებიდან, სადაც ახალი კორონავირუსის პოტენციურად საშიში მუტაცია დაფიქსირდება.
თითოეულ სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება თავად გადაწყვიტოს, ვის მისცემს თავისი საზღვრის გადალახვის უფლებას. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის დონეზე შესაძლებელია მხოლოდ რეკომენდაციის დამტკიცება, თუმცა მას თითოეული ქვეყანა საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს. მაგალითად, საბერძნეთმა მაისის შუა რიცხვებში მთელი რიგი ქვეყნის ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. ამასთანავე, რადგან ევროკავშირის საბჭო ნაციონალური მთავრობების წარმომადგენლებისგან შედგება, მის რეკომენდაციებს უმეტესწილად ითვალისწინებენ.
ეს გადაწყვეტილება შენგენის ზონასა და მასთან დაკავშირებულ ქვეყნებზე ვრცელდება. საუბარია ევროკავშირის 25 ქვეყანაზე, ირლანდიისა (რომელიც შენგენის ზონაში არ შედის) და დანიის გარდა. თუმცა, მათაც შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ ეს რეკომენდაცია მათზეც გავრცელდება. აღნიშნული რეკომენდაცია მოიცავს ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ შენგენის ზონაში შედიან.
კომენტარები