თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
– საუბრობენ იმაზეც, რომ, კოვიდის გადატანის შემდეგ, რჩება სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც მძიმე ფორმით გადაიტანა ვირუსი. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა, მამაკაცებში, გამრავლების ფუნქციაზეც იმოქმედოს.
– ამ დაავადებას უწოდებენ ხანგრძლივ კოვიდს, ინგლისის კვლევების მიხედვით, ინფიცირებულთა საკმაოდ მაღალი პროცენტის, 45-50 პროცენტის შემთხვევაში, 6 თვის შემდეგაც კი, აღინიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები, სისუსტე, შფოთვა, თავის ტვინის დაბინდვა, მეხსიერების პრობლემა, მათ ავიწყდებათ სიტყვებიც კი, აღინიშნება თირკმელების პრობლემა და ასე შემდეგ. რაც შეეხება გამრავლების ფუნქციის დაქვეითებას, კი ამაზე იყო საუბრები ადრეულ სტადიაზე. ახლახან ითქვა რომ ამ თემაზე გამოქვეყნებული 14 კვლევის განხილვის შემდეგ, რომ კორონავირუსის ეფექტი მამაკაცის ნაყოფიერებაზე მხოლოდ მცირე და დროებითი იყო. შესაძლებელია, რომ ვირუსის გარდა გავლენას ის მედიკამენტებიც ახდენდნენ რომელიც კორონავირსუს მკურნალობისას გამოიყენება. მეცინიერები ვარაუდობენ, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ, ჯანმრთელობის რიგი პრობლემები რჩება იმიტომ, რომ ვირუსი არ გამოდის თვეების მანძილზე ორგანიზმიდან, ან გამოდის, მაგრამ ვირუსის ნაწილაკები რჩებიან ორგანიზმში და შესაბამისად, პრობლემა გრძელდება მანამ, სანამ ვირუსის ეს ნაწილაკებია სხეულში. ჯერჯერობით გამოკვლეულია მხოლოდ 6 თვე, კოვიდის გადატანის შემდეგ, რა ხდება მომდევნო თვეებში, ამაზე მონაცემი არ არსებობს, მაგრამ მაქვს ერთი კარგი ამბავიც. ახალი კვლევებიც მიხედვით, (კვლევა ჩაუტარდათ კოვიდგადატანილ პაციენტებს, რომლებიც აიცრნენ), იმ ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ კოვიდი, შემდეგ კი აიცრენ, მკვეთრად გაუმჯობესდა. ვარაუდობენ, რომ ვირუსის დარჩენილ ნაწილაკებს, ვაქცინაციის შედეგად წარმოშობილი ანტისხეულები ებრძვიან და სწორედ ამიტომ გამოკეთდა მათი მდგომარეობას. თუმცა, ეს კვლევა მოიცავს ვაქცინის შემდეგ 2-3 თვეს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით გრძელდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკეთება.
– კოვიდის გადატანიდან 6 თვის შემდეგ, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა პოსტკოვიდური მდგომარეობით, ეგ კვლევა თუ არსებობს?
– არა, ასეთი კვლევა არ მინახავს. ძალიან რთული სათქმელი იქნება, პირდაპირ გეტყვით. კოვიდის გადატანიდან 6 და 8 თვის მერე რომ გარდაიცვალოს ადამიანი, ძალიან რთული იქნება იმის დადგენა, ეს ხომ არ გამოიწვია კოვიდმა, რომელიც მათ 6 თვის წინ გადაიტანეს.
– საუბრობენ, რომ კორონავირუსი ფსიქიკაზეც მოქმედებს, ასეა?
– კი, საუბრობენ მაგაზეც, თუმცა, მეცნიერების აზრით, ფსიქიკაზე ყველაზე მეტად მოქმედებს ჩაკეტვები, ლოქდაუნები, ზოგი უმუშევრად დარჩა, ზოგს ჩვეული რიტმი დაერღვა ცხოვრების, ყველა დაიღალა და ამბობენ, რომ როცა პანდემია დასრულდება, ყველაზე მძიმე იქნება ფსიქიკური პრობლემების მკურნალობა. ახალგაზრდებმა სტუდენტობის წელი გამოტოვეს, ბავშვებმა სკოლის – როგორ შედეგს მოიტანს ეს? ამის შედეგები წლების მერეც გამოჩნდება. პანდემიის დასრულების შემდეგ, პირდაპირ შევეჯახებით ამ პრობლემას და როგორ მოიქნევს ეს კუდს, ჯერ არ ვიცით. სახლში ჯდომამ რა გამოიწვია, ამას ბევრი ქვეყანა სწავლობს, საქართველო არ სწავლობს, სამწუხაროდ. ახალი კვლევის შედეგი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, გაიზარდა ალკოჰოლის მოხმარება. ამის ეფექტიც გრძელვადიანია და მოგვიანებით გამოჩნდება. გაიზარდა ოჯახური ძალადობა ასევე. სახლში ჯდომა ბევრ პრობლემას იწვევს და ეს პრობლემები ერთად გამოჩნდება პანდემიის დასრულების შემდეგ, მაგრამ როგორც მეცნიერები ფიქრობენ, ყველაზე ხშირი და რთული, ფსიქიკური პრობლემების მკურნალობა იქნება.
კომენტარები