თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
– მართალია, საქართველოს მოსახლეობას ხშირად გვეძახიან ანტივაქსერებს, თუმცა, ჩინური, ჯანმოს დაუმტკიცებელი ვაქცინა შემოვიტანეთ სინოვაკი და იქაც კი, მას შემდეგ, რაც როგორც იქნა, რეგისტრაციის საიტის გასწორებას მოაბა თავი მთავრობამ – სამ საათში ყველა ადგილი დაიჯავშნა. თქვენ ხშირად ესწრებოდით წინა პრემიერის დროს, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრებს, ბოლო დროს ვეღარ გხედავთ. მეტად ხართ დაახლოებული სამედიცინო წრეებთან, იქნებ, თქვენ მაინც იცით რამე, ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე? და საერთოდ, როგორ ხდება მსგავსი საქმეების გამოძიება ევროპაში? არ მიგაჩნიათ, რომ ასეთ საქმეებზე სიჩუმე დაუშვებელია და აზიანებს ვაქცინაციის პროცესს?
– დიახ, ახლა ნამდვილად არ ვიღებ მონაწილეობას საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრებში, მეც თქვენსავით მედიიდან ვიგებ, რომ შეიკრიბნენ და იმსჯელეს, და რა საკითხები განიხილეს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ვინ არის ანტივაქსერი – ანტივაქსერია ადამიანი, რომელიც ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია, ამახინჯებს ფაქტებს გამიზნულად ყველა ვაქცინის შესახებ. ადამიანი რომელიც ორჭოფობს, კონკრეტული ვაქცინის გაკეთება, არ გაკეთებაზე – ანტივაქსერი არ არის და მას სჭირდება მეტი ინფორმაციის მიწოდება გადაწყვეტილების მისაღებად. რაც შეეხება ექთნის გარდაცვალებას, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს! შემიძლია გითხრათ, ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ვმუშაობ, ასეთი და მსგავსი შემთხვევების გამოძიება სწრაფად ხდება, ცდილობენ სწრაფად გააგებინონ მოსახლეობას პასუხი, რას მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება, ვაქცინას თუ ვაქცინაციის პროცესს, სად იყო დაშვებული შეცდომა. როცა, ადამიანები ისედაც ორჭოფობენ ვაქცინის გაკეთებაზე, გაათმაგებულად ელიან პასუხს – ასეთ დროს პასუხის დაგვიანება ანტივაქსერებს აძლევს დამატებით იარაღს ხელთ. სიმართლე ისედაც არ დაიმალება, მაგრამ სიმართლის თქმა, ამტკიცებს ნდობას იმ პირის მიმართ, ვინც სიმართლეს ამბობს და მერე იქნებ, ნაკლები კომენტარები ვნახოთ – ოჰ, მაგან წყალი შეიშხაპუნა და ასე შემდეგ. ამიტომაც უნდა დადგენილიყო სიმართლე. 100 პროცენტით არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს შემთხვევა არ იყო ვაქცინის ბრალი, მაგრამ 99 პროცენტით ვფიქრობ, რომ ვაქცინის კი არა, ვაქცინაციის პროცესის სისუსტის გამო მოხდა, ან არ იყო პერსონალი კარგად მომზადებული, ან დაიბნა იმ მომენტში და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. მოსახლეობას მარტო ვაქცინის კი არ ეშინია, ვაქცინაციის პროცესისაც, მათ უნდა ჰქონდეთ ნდობა ექიმების, არ უნდა იფიქრონ, რომ ვაქცინაციის დროს გართულება თუ მოხდება, მათ ვერ მიხედავენ, ვერ მოუვლიან! არ უნდა თქვან, ვაიდა, რამე მომივიდეს და ვერ დამეხმარონ? მოდი, სჯობს სახლში ვიჯდე და არ წავიდე ვაქცინაციაზე. მე არც ის მგონია სწორი, რომ თბილისიდან, რეგიონებში უნდა წავიდეს ხალხი ასაცრელად, რეგიონში აიცრას რეგიონის მაცხოვრებელმა. ითქვა, თბილისიდან ხალხი ხულოში, ხონში ჩავიდაო და ხონში ვირუსი რომ ჩაიტანოს თბილისიდან ჩასულმა და ინფექცია გავრცელდეს, ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. ყველა უნდა აიცრას საცხოვრებელი ადგილმდებარეობის მიხედვით. იმათ კი, ვინც ორჭოფობს, სჭირდებათ სწორი პასუხები და ინფორმაციის სწორად მიწოდება.
კომენტარები