ანი დვალიშვილი
თამამად შეგვიძლია ვთქვათ – ორმა მთავარმა კონკურენტმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. ჰო, ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად, „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია ემზადება, კომისიის წევრთა ტრენინგებიც აქტიურ ფაზაშია, კოორდინატორებისაც და პარტიულ აქტივს პირველ ხელფასს მიმდინარე თვის ბოლოსაც დაურიგებენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი უკვე დაინახა, რომ პარლამენტში შესული ოპოზიცია მის დაკრულზე აღარ იცეკვებს, ისიც გაირკვა, რომ არაერთი პარტია საერთო კანდიდატს, ანუ ნიკა მელიას მხარს არ დაუჭერს და თბილისში არაერთი კანდიდატი იქნება, რაც კახა კალაძის შანსებს ბევრად ზრდის. ჰო, სწორედ რომ კახა კალაძის, რადგან ხანგრძლივი ომისა და შიდა დაპირისპირების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კალაძე მერობის კანდიდატი იქნება, ის დაალაგებს თბილისში საკრებულოს წევრთა და მაჟორიტართა სიას, ისევე როგორც იმერეთში, სვანეთი სოზარ სუბარს ერგო, დანარჩენი საქართველო კი ირაკლი ღარიბაშვილს. ასეთი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს და სწორედ ივანიშვილმა აუხსნა ერთმანეთთან დაპირისპირებულ წევრებს, რომ სხვა შემთხვევაში, მარცხი და ხელისუფლების გადაბარება გარდაუვალი იქნებოდა.
ივანიშვილთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა პარტიის ყრილობის გადადებაც. „ქართული ოცნების“ წევრები მიმდინარე თვის ბოლოს უნდა შეკრებილიყვნენ, ირაკლი კობახიძე მარტივად უნდა გადაეყენებინათ და ის არამარტო პარტიიდან, არამედ მთლიანად, პოლიტიკიდან უნდა წასულიყო და სასამართლოში გადაენაცვლა, თუმცა იმავე ივანიშვილის ჩარევის შემდეგ, ეს ვარიანტი ცოტა ხნით გადაიდო. გადაიდო იმიტომ, რომ კობახიძის გაწევა ბევრ კითხვას გააჩენდა, ამ ეტაპზე კი კითხვები ისედაც საკმარისზე მეტია. მთავარი კითხვა გიორგი გახარიას ეხება, რომლის მიზანმიმართული კრიტიკა უკვე „ოცნების“ ყველა რგოლმა დაიწყო და განსაკუთრებით აქტივია გაფრთხილებული, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გახარიას ახალ პარტიას შეეხება, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარონ.
„ყველასთვის ცხადია, რომ „ოცნებას“ ხმებს ოპოზიციური პარტიები უბრალოდ ვერ წაართმევენ. არის ორი ვარიანტი, რის გამოც, შესაძლოა, მმართველმა გუნდმა ხმები დაკარგოს. პირველი, რა თქმა უნდა, გახარია და მეორე – პოლიტიკაში ახლად გამოჩენილი ლევან ვასაძე. „ოცნებაში“ ვასაძის ნაკლებად ეშინიათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას რუსეთუმეობას მარტივად შეტენიან და ეს ფაქტორი ამომრჩეველზე აუცილებლად იმოქმედებს. რაც შეეხება გახარიას, ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიერი იყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა და აგერ, არც დეპუტატების გადაბირება გასჭირვებია, არც მერების და მათი მოადგილეების. ამიტომ, გახარია ღალატთან უნდა ასოცირდებოდეს და ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ კალაძე, კობახიძე და ღარიბაშვილი დაარწმუნა და ერთმანეთთან ბრძოლის ნაცვლად, მთავარ სამიზნედ სწორედ გახარია გაუხადა“, – გვეუბნება მმართველი გუნდის პოლიტ-საბჭოს წევრი.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ და ამიტომ, ისინი გახარიას მოზომილად „კბენენ“. გამონაკლისი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა, რადგან თუ ისე მოხდება, რომ ექსპრემიერის გუნდი მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ადგილს დაიკავებს, „ოცნებამ“ 43%-იც რომ ვერ დააგროვოს, ოპოზიციაში პირველი ვიოლინო უკვე გახარიას გუნდი იქნება და არა „ნაციონალური მოძრაობა“.
კომენტარები