რას წერდს “ალია” 2011 წელს
2011 წლის მაისი, ავტორი ნელი ვარდიაშვილი
იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ 26 მაისი ოფიციალურად დასვენების დღედ გამოაცხადა, საქალაქო სასამართლოს მთელი შემადგენლობა მაინც იქ იყო და პროცესებიც იმართებოდა. დაკავებულთა გარეთ მყოფი ახლობლები ადამიანებს ეჭვით უყურებდნენ და შეშინებულები, ჟურნალისტებსაც ერიდებოდნენ. დაახლოებით პირველი საათისთვის, ყველა გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი იყო და სასამართლოს ეზოც ხალხისგან მეტ-ნაკლებად დაიცალა. მიშას დავალების შესრულებით დაქანცული სასამართლოს თანამშრომლები გარეთ გამოიფინენ და ერთმანეთში ჭორაობას შეუდგნენ. ზოგი იმასაც ყვებოდა, თუ რას ამბობდნენ დაპატიმრებულები პროცესებზე. “ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოიყვანეს, საშინლად ნაცემი იყო. ამბობდა, მირტყამდნენ `სპეცნაზელები~ და თან მიყვიროდნენ, ახლა რატომ არ მღერით “ბელა ჩაოსო?!” _ ამბობდა ერთ-ერთი. “ალია-ქრონიკამ” სწორედ ერთმანეთში მოჭორავე სასამართლოს თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ 30 წელს გადაცილებული პატიმრები, ვინც აღიარა, რომ პოლიციას წინააღმდეგობას მართლაც უწევდა, 400-ლარიანი ჯარიმებით გაისტუმრეს სახლებში, დანარჩენებს კი, ზოგს ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და ზოგსაც უფრო მეტიო. სასამართლოს გადაწყვეტილების ასაღებად, ეზოში ნინო ბურჯანაძის დაცვის დაპატიმრებული წევრების ახლობლებიც იდგნენ, მათი ადვოკატი კი შენობაში იყო შესული. გარეთ მყოფებმა მითხრეს, რომ დაცვის წევრები სასამართლოზე ისე გაიყვანეს, ადვოკატის აყვანის უფლებაც არ მისცესო. მათი თქმით, ბურჯანაძეების დაცვის შვიდივე წევრს, 2-2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა აჰკიდეს დანაშაულად. არადა, როგორც მათი ახლობლები ამბობენ, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ და მათი ერთადერთი მოვალეობა, სწორედ `ობიექტის~ დაცვა იყო. თავის მოვალეობას ასრულებდნენ, იარაღი რომელიც ოფიციალურად ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ და რა დანაშაული ჩაიდინეს, ვერ გაგვიგიაო. ერთ-ერთის დედა ცხარე ცრემლით ტიროდა, _ არ გვეუბნებიან, სად ჰყავთ გადაყვანილი. ზოგი ამბობს, დაცვის წევრები გორში გადაიყვანესო, მაგრამ ოფიციალურად არავინ არაფერს გვეუბნება. გაიძახიან, დასვენების დღეა და ხვალ მოდითო. თუ ასეა, სასამართლოსთვის რატომ არ არის დასვენების დღე?! როგორიც უნდათ, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენო. სასამართლო გადაწყვეტილების აღების შემდეგ, ადვოკატთან კარგა ხანს ეზოში ითათბირეს და მერე იქაურობა დატოვეს.
რა მოხდა დარბევის ღამეს ქაშუეთის ეზოში?!
“ალიას” რედაქციაში მისული ვიგებ, რომ დარბევის დროს ნაცემია მწერალი მერაბ შათირიშვილი, რომელიც ტვინის შერყევით სახლში წევს. მეც ვურეკავ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ვკითხულობ. მერაბი ექსკლუზიურად მიყვება, რა ხდებოდა იმ ღამეს ქაშუეთის ტაძრის ეზოში.
მერაბ შათირიშვილი:
– ტელევიზიასთან გამოსვლები რომ დაიწყო, გურიაში, მოხუც მშობლებთან ვიყავი. ბათუმში რომ დაარბიეს, ჩავედი და სოლიდარობა გამოვუცხადე, იქიდან კი თბილისში წამოვედი და ტელევიზიის აქციებზე დავდიოდი. არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ გამაჩნია და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნები. ჩემი ხალხი იყო იქ და მეც მათთან დავდექი. მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ აქციის მონაწილეების 70 პროცენტი ჩემნაირი ხალხი იდგა იქ და არა პოლიტიკური ამბიციით შეპყრობილი, როგორც ახლა უნდათ, რომ წარმოაჩინონ. ხალხის დიდი ნაწილი საკუთარი პროტესტის გამოსახატავად იყო მოსული. ვიცოდით, რომ სააკაშვილი ასე უცებ არ გადადგებოდა პრეზიდენტობიდან, მაგრამ ხალხის პრინციპი იყო, მას არ ჩაეტარებინა აღლუმი. თუ ხელისუფლება დაარბევდათ, ხალხში პროტესტის მუხტი გაიზრდებოდა, მაგრამ ასეთ ანგარიშსწორებას ნამდვილად არავინ მოელოდა. მეგობართან ერთად ქაშუეთის ტაძრის ეზოში თავის შეფარება წამებით მოვასწარი, მერე ეს ადგილიც ჩაკეტეს. ალექსანდროვის ბაღი `სპეცნაზელებით~ იყო სავსე. ჩვენთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანმა შემოასწრო იქ, ძირითადად ქალები იყვნენ. ვფიქრობდით, რომ ტაძრის ეზოში არაფერს აღარ დაგვიშავებდნენ, მაგრამ, როგორც კი დააფიქსირეს, რომ იქაც ხალხი იყო, რეზინის ტყვიების სროლა და გაზის გაშვება ატეხეს. იქაურობა გაზის ბოლში იყო გახვეული და სუნთქვის საშუალება აღარ გვქონდა. რამდენიმე ადამიანს ტყვიამ თავი გაუტეხა, სისხლი ღვარად სდიოდათ. ქაშუეთის უკანა მხარეს გადავინაცვლეთ და ერთ ადგილზე მივიკუჭეთ, მაგრამ ალექსანდროვის ბაღიდან პოლიციელები ნაგაზებივით გვიყურებდნენ. ყოველ წუთს გვეგონა, რომ იქაც მოგვცვივდებოდნენ და ჩაგვხოცავდნენ. მე და ჩემი მეგობარი მაინც მივედით და ვუთხარით, ქალები არიან და ესენი მაინც გაუშვით აქედანო. გინება დაგვიწყეს. ჩემმა მეგობარმა ისიც უთხრათ, მედავითნე ვარ და ასეთ სიტყვებს ნუ გვეუბნებითო. არც კი იცოდნენ ამ უბედურებმა, რას ნიშნავდა მედავითნეობა. გადაიხარხარეს და ჩვენც მედავითნეები ვართო, მოგვაძახეს. ბოლოს ერთმა გვითხრა: კარგით, ქალები გამოუშვითო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო სატყუარა. სამ მანდილოსანს ქაშუეთის ცენტრალური ჭიშკრისკენ მე ვაცილებდი, მაგრამ ერთი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული ჭიშკრიდან, თავში ხელკეტი რომ მომხვდა. უნებურად ისევ ტაძრის ეზოში შემოვვარდი. `სპეცნაზელიც~ შემომყვა და დამცხო და დამცხო ხელკეტი. როგორღაც მოვახერხე წამოდგომა და ლასლასით ტაძრისკენ წასვლა. ქალებიც უკან გამომყვნენ. ტაძრის გარშემო მომზადებულები იდგნენ, გარეთ ფეხი რომ გაგვედგა და ჩვენთვის სისხლი ედინათ. არც ის იყო გამორიცხული, გადაცმული პოლიციელები შემოეშვათ ჩვენს იქიდან გამოსაყრელად და მერე რაც სხვებს დამართეს, ჩვენც ისე გაგვსწორებოდნენ. ამიტომ საპატრიარქოში ჯერ მამა ზურაბს დავურეკე, შემდეგ მამა შალვას ვუთხარი, რაც იქ ხდებოდა. დაახლოებით 1 საათი და 30 წუთი იქნებოდა, მამა შალვა, ქორეპისკოპოსი და ერთი ახალგაზრდა მღვდელი მოვიდნენ. იქ შეფარებულები დაგვამწკრივეს და ლიტანიობით, `მამაო ჩვენოს~ გალობით სამჯერ შემოგვატარეს ქაშუეთის ტაძარს. ლიტანიობას რომ ვატარებდით, ქაშუეთის ჭიშკარი “სპეცნაზელმა” ფართოდ შემოაღო და მთელი ცინიზმით დაგვიძახა, _ ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა შეგინდოთო. დაგვცინა ამ გარეწარმა. ამის შემდეგ მოძღვრებმა გააღეს ქაშუეთის ტაძრის კარი და შიგნით შეგვიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანებიც გამოიძახეს და თავგაჩეხილებსა და დაშავებულებს უპატრონეს. ქორეპისკოპოსი “სპეცნაზელებს” დაელაპარაკა კიდეც ჩვენი იქიდან მშვიდობიანად გასვლის თაობაზე. არ ვიცი, რას შეჰპირდნენ, მაგრამ მოძღვარი ბოლომდე არ ენდოთ და დილამდე, სანამ ადამიანებმა არ დაიწყეს ქუჩაში სიარული და ხალხი არ ამოძრავდა, ტაძრიდან არ გაგვიშვეს.
– “სპეცნაზიც” მანამდე იქ გყარაულობდათ?! ამბობთ, ყველამ ვიცოდით, რომ დარბევა მოხდებოდაო. 11 საათი იქნებოდა, აქციის ორგანიზატორებმაც რომ მიმართეს პატრიარქს, ანუ მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო. დიდი ალბათობით, სისხლი დაიღვრებოდა. ასეთ დროს ქაშუეთის ტაძრის კარის ჩაკეტვა როგორ შეიძლებოდა?! იქ ხომ უამრავი ადამიანი შეაფარებდა თავს და მსხვერპლიც ნაკლები იქნებოდა? მოძღვრებმა რა თქვეს, ტაძრის კარი გახსნილი რატომ არ იყოო?
– “სპეცნაზი” იქიდან გამთენიისას წავიდა. სანამ საპატრიარქოდან ვინმე გამოჩნდებოდა, მამაკაცებმა ტაძრის კარის დამტვრევა და შიგნით შესვლაც კი გადაწყვიტეს, მაგრამ მაინც ვერ გავბედეთ. ცხადია, კარგი იქნებოდა, ტაძრის კარი ღია რომ ყოფილიყო და ადამიანებს შეძლებოდათ, ამ სავანისთვის მაინც შეეფარებინათ თავი. სხვათა შორის, სასულიერო პირებიც არ დამინახავს აქციაზე. მე რომ არ დამერეკა, ალბათ, არც ამის შემდეგ გაიხსნებოდა ტაძრის კარი. რა ვიცი, რა გითხრათ, აბა, ალბათ, საპატრიარქოც არ მოელოდა ასეთ დარბევას. თუმცა როცა ასეთი კანიბალური ხელისუფლება გვყავს, ასეთი შედეგი, ალბათ, ყველას უნდა წარმოგვედგინა.
რა მოხდა აქციის დარბევის ღამეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში?!
საშინელ ისტორიას, რომელიც დარბევის დროს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში მოხდა, “ალია-ქრონიკას” აქციის მონაწილე ლეიბორისტი, შოთა წიკლაური მოუყვა:
– “ლეიბორისტულ პარტიას” აქციაზე თავისუფალი დასწრება ჰქონდა გამოცხადებული, ანუ ვისაც უნდოდა, წავიდოდა. თიანეთის, ერწოს ზონის კოორდინატორი ვარ და ჩემს მეგობრებთან ერთად აქციებზე სულ დავდიოდი. რასაც ეს ხელისუფლება ხალხს უკეთებს, ბოლოს და ბოლოს, ღირსება მაინც ხომ უნდა დაგვეცვა, არა?! სოციალური მდგომარეობაც უკიდურესია და ამასაც ვაპროტესტებდით. ამბობდნენ, შესაძლებელია, დარბევა მოხდესო, მაგრამ აქციის ორგანიზატორები იმასაც ამბობდნენ, 26 მაისი რომ გათენდება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ჩვენ უნდა მოვაწყოთო. რაც მოხდა, ამას ვერავინ წარმოვიდგენდით. პიონერთა სასახლის მხარეს ვიდექით. წვიმა რომ წამოვიდა, ცელოფანი გადავიფარეთ. 12 საათი შესრულდა თუ არა, ცოტა ხანში, ზემოდან მანქანა წამოვიდა, რომელსაც უკან “სპეცნაზელები” მოსდევდნენ. თავისუფლების მოედნიდანაც წამოვიდა ასეთივე ჯარი. სროლაც მალევე დაიწყეს და აირია კიდეც ყველაფერი. ყველა მხრიდან პოლიციის კოლონები ერთბაშად მოადგა ხალხს. ამ არეულობაში მეგობრები დავკარგე. რომელ მხარესაც გავიქეცი, ყველგან პოლიცია იდგა და გასაქცევიც არსად აღარ იყო დარჩენილი. ამ დროს მკერდთან რეზინის ტყვიაც მომხვდა და სისხლი წამომივიდა. თავისუფლების მეტროსკენ გავიქეცი, იქაც ყველაფერი გადაკეტილი დამხვდა. არ ვიცი, რა ძალა მომივიდა ამ დროს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რკინის მაღალ ღობეზე ავძვერი და ეზოში გადავხტი. დავინახე, რომ ჩემსავით სხვებიც მოძვრებოდნენ და პოლიციელები ესროდნენ. ქალებიც კი გადმოდიოდნენ ამხელა ღობეზე. შიგნით გადავედით თუ არა, ყველანი ზემოთ გავიქეცით. ღობის გარეთ, ყველა კუნჭულში `სპეცნაზი” იდგა. საიდანაც გადმოვძვერით, იქაც ისინი ჩადგნენ და რომ დაგვინახეს, გაზი და ტყვიები დაგვიშინეს. ძალა დავკარგე და ხის ძირში დავჯექი. ხალხი აქეთ-იქით დარბოდა. მომესმა, რომ ერთ-ერთი ჭიშკრიდან ვიღაც გვეძახდა, _ აქეთ წამოდით, სამშვიდობოს გაგიყვანთო. ვიფიქრე, ჰუმანური ადამიანებიც არიან ამათ რიგებში, ალბათ, მიხვდნენ, რომ არაფერ შუაში არ ვართ და დახმარება უნდათ-მეთქი. ხალხი გაიქცა. მეც იქით წასვლას ვაპირებდი, საითაც ისინი წავიდნენ, მაგრამ უცებ საშინელი წივილ-კივილი ატყდა. დავინახე, რომ ბაღიდან გასულ ადამიანებს `სპეცნაზელები~ დუბინკებით სცემდნენ და იჭერდნენ. ფაქტობრივად, მათ ხალხი გაიტყუეს და ისე გაუსწორდნენ. იქით აღარ წავსულვარ. ისე ვიყავი დასუსტებული, არაფრის თავი აღარ მქონდა. ახლა მეორე მხრიდანაც მომესმა ყვირილი, _ კიდევ ვინ ხართ მანდ, გამოდით, თორემ გაზის ბალონებს გადმოგიყრით და ისე ამოგგუდავთო. ხმა არ ამომიღია და მართლაც გადმოყარეს ბალონები. სველი ტანსაცმელი გავიხადე და სახეზე ავიფარე, გაზი რომ გამენეიტრალებინა. არავინ რომ არ შეეხმიანათ ჩვენგან, მორიგი მუქარაც წამოვიდა, _ გამოდით, თორემ ძაღლებს ვუშვებთ და ცოცხლები ვერ გადაურჩებითო. გამახსენდა როგორ იჭერდნენ გერმანელები ტყვეებს ძაღლებით. ღვთის მადლს ვფიცავარ, მერჩივნა, ვიღაცას დავტაკებოდი და ომში მოვმკვდარიყავი, ვიდრე ძაღლებს გავეწეწე და დავეგლიჯე. ცოტა ხანში ძაღლების ყეფის ხმაც შემომესმა. გავიფიქრე, აქედან როგორმე უნდა გავიქცე-მეთქი. მეტროსთან ღობე უფრო მაღალია, მაგრამ მაინც ავფოფხდი მასზე. მაღლა რომ ავედი, მეორე მხარეს გადავვარდი და მიწას დავასკდი. საშინლად დავიჟეჟე, თუმცა ხოხვით შენობისკენ მაინც წავედი. პატარა ზღუდეში დაჩოქილმა გავიარე და უნივერმაღის კიბეებთან მივაღწიე. იქ, ეტყობა, რემონტი იყო, ამიტომ არმატურებში გავძვერი და შიგნით შევედი. უკან მივიხედე და ღობესთან, საიდანაც გადმოვხტი, უკვე `სპეცნაზელები~ იდგნენ და ჩემი მიმართულებით იყურებოდნენ. უნივერმაღის ზედა სართულამდე ავედი. დავინახე, ორი შეშინებული ახალგაზრდა სახურავზე როგორ ადიოდა (არ არის გამორიცხული, ეს სწორედ ის ბიჭები იყვნენ, რომლებიც 28 მაისს პოლიციამ მიმდებარე მაღაზიის სხვენზე გარდაცვლილები იპოვა. სამართალდამცველების ვერსიით, ისინი ელექტროსადენთან შეხების გამო დაიღუპნენ. _ ნ.ვ.). მათ გარდა, იქ კიდევ ორი ბიჭი დამხვდა. ვურჩიე, სარდაფში ჩავსულიყავით, სადაც უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით. სიბნელეში დილის 8 საათამდე ვიყავით იქ და ვფიქრობდით, ქალაქი რომ ამოძრავდებოდა, მაშინ შევძლებდით გამოსვლას. დილით, კანცელარიის მხრიდან გასასვლელი ვიპოვეთ და ასე დავაღწიეთ თავი ამ უბედურებას. ღვთისმშობელმა მიშველა და მან გადამარჩინა. აქციაზე წვიმა რომ დაიწყო, პატარა ბიჭებმა ხატები ჩამოატარეს. ღვთისმშობლის პატარა ხატი ვიყიდე, რომელსაც `მოალერსე ღვთისმშობელი~ ჰქვია. უბის ჯიბეში მედო. ეტყობა, ის მაძლევდა ძალას, შეუძლებელი რომ შევძელი.
როგორ მოკლეს მეტრო “თავისუფლებასთან” ლეიბორისტი ნოდარ ცხადაძე?
26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აქციიდან გაქცეულმა ბურჯანაძის ექსკორტმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათი თქმით, ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი, ნოდარ ცხადაძე იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ცხადაძე “ლეიბორისტული პარტიის” ზესტაფონის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. `ქრონიკამ” ექსკლუზიურად ჩაწერა მამაკაცი, რომელმაც საკუთარი თვალით უყურა, როგორ მოკლეს ის ცემით `სპეცნაზელებმა”. თვითმხილველის ვინაობას, მისი უსაფრთხოების გამო, ვერ ვასახელებთ, თუმცა ეს ჩანაწერი რედაქციაში ინახება:
– დარბევა რომ დაიწყო, ხალხის გარკვეული ჯგუფი თავისუფლების მოედნისკენ გავიქეცით, მაგრამ იქაც შეიარაღებული `სპეცნაზი” დაგვხვდა. დავინახე, ჩემს წინ როგორ დააგდეს მამაკაცი, 4-5 `სპეცნაზელი” თავზე დაადგა და გამეტებით დაუწყო დუბინკებით ცემა. ირგვლივ ყველას სცემდნენ. თან აგინებდნენ, თქვენი დედა მოვტ…ნთ, აქ რა გინდათო?! საშინელი სიტყვებით აგინებდნენ, ყველაფერს ვერ გეტყვით. აქეთ-იქით მივაწყდი, მაგრამ ვერსად ვერ გავიქეცი. მეც დამიჭირეს და ამ კაცის გვერდით დამაგდეს. რატომღაც მე ერთი ჩამარტყეს, იმას კი სულ სცემდნენ. ამ ადამიანს არ ვიცნობდი, მაგრამ ვერ მოვითმინე და დავიძახე, თავი გაანებეთ, კაცო, რატომ სცემთ, ხალხი არ ხართ-მეთქი?! ამ დროს კიდევ ერთი მომხვდა და თვალებიც დამიბნელდა. გაბაწრულები ხუთი თუ ექვსი კაცი ვეყარეთ იქ. ცოტა ხანში, სინათლე რომ დამიბრუნდა, დავინახე, ეს კაცი უკვე ფართხალებდა და ხროტინებდა. ძალა მოვიკრიბე და კიდევ დავიძახე, ექიმს მაინც დაუძახეთ, მოკვდება კაცი-მეთქი. კიდევ ჩამცხეს დუბინკა, ხმა გაკმინდე, არ მოკვდებაო. მეორემ შეიგინა, _-მოკვდეს, ამისი დედაც მოვტ…ნო. არ ვიცი, მათ გამოიძახეს სასწრაფო თუ სხვამ. ვერც იმას გეტყვით, რა დრო გავიდა, სანამ სასწრაფო მოვიდოდა. მომესმა, ექიმებმა როგორ თქვეს, უკვე მკვდარიაო. მერე ჩვენ სამმართველოში წაგვიყვანეს. ქართველი ქართველს ასეთ რამეს რომ გაუკეთებს, არ ვიცი, უკვე რა უნდა ვთქვა. იქაც საშინელება იყო. დასისხლიანებული ხალხი მოჰყავდათ სამმართველოში, ზოგი საკაცით შემოჰყავდათ. ყვიროდნენ, გვიშველეთ, ვკვდებითო, მაგრამ `სპეცნაზელები” იქაც ურტყამდნენ გამეტებით და აგინებდნენ. ავადმყოფი ვარ და სასამართლომ ჯარიმით გამათავისუფლა. დარბევის მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ გამოაცხადა, თავისუფლების მოედანზე ბურჯანაძეების ესკორტმა ორი კაცი გაიტანაო, მივხვდი, რომ ამ ადამიანზე იყო საუბარი. მინდოდა, წავსულიყავი და მეთქვა, რაც ჩემი თვალით ვნახე, მაგრამ ჩემისთანა მოწმე პოლიციას აბა, რისთვის სჭირდება?! ალბათ, მეც მომკლავდნენ და თავი დავანებე, _ ისევ თქვენ დაგიკავშირდით. კაცი ტროტუარზე ეგდო და მანქანა იქ როგორ დაეჯახებოდა?! `სპეცნაზელების” ცემითაა მკვდარი და ამის თვითმხილველი მე გახლავართ!
კომენტარები