რას წერდა “ალია” 2011 წელს
2011 წელი, მაისი, “ალია”, ავტორი ნელი ვარდიაშვილი
26-ის ღამეს, მომიტინგეების ვანდალური დარბევის შემდეგ, `სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი, ნონა გაფრინდაშვილი, საინფორმაციო საშუალებებით მხოლოდ წამიერად გამოჩნდა. ითქვა, რომ იგი ცუდად იყო, მაგრამ ზოგმა ეს მაინც იმით ახსნა, რომ გაფრინდაშვილს შეეშინდა და უკან დაიხია. ხუთგზის მსოფლიო ჩემპონის სახლში შაბათს, საღამოს მივედი. ქალბატონი ნონა ვაჟიშვილთან და ძმისცოლთან, ლეილა გაფრინდაშვილთან ერთად დამხვდა. მის ვაჟს, დავით ჭიჭინაძეს, მარცხენა თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, ტუჩთან კი სამედიცინო ლენტა გადაეკრა. მითხრა: როცა ვდგები, თავბრუ მესხმის, სიარული არ შემიძლიაო. ქალბატონი ნონაც ძლივს გამოვიდა მისაღებ ოთახში, ისე იყო ტკივილებისგან დასუსტებული, თუმცა იმაზე, რაც მოხდა, დეტალურად პირველად სწორედ `ალია-ქრონიკას” ესაუბრა.
ნონა გაფრინდაშვილი:
– ხელისუფლებას შესწავლილი ჰქონდა და იცოდნენ, რომ აქციებზე ზღვა ხალხი მოვიდოდა, ამიტომაც დაიწყეს ყველანაირი ტერორი. იმ ბარბაროსობამდე, რაც 26 მაისს მოახდინეს, სამი დღის განმავლობაში, 500 ადამიანამდე დააპატიმრეს, რაიონების ტაქსებს ქალაქში ჩამოსვლა აუკრძალეს, ავტობუსებში ადიოდნენ და ვინც საეჭვოდ ეჩვენებოდათ, მანქანიდან სვავდნენ. ბათუმიდან ხალხი 12 საათის განმავლობაში მოდიოდა და 9 მანქანა გზაში წაართვეს, მათ ოჯახებში მივარდნენ და გამოუცხადეს, ვინც სასწრაფოდ სახლებში არ დაბრუნდებით, ამას და იმას გიზამთო. ამის მიუხედავად, 25 ათასი კაცი მაინც იყო 21 მაისის აქციაზე. გვქონდა ინფორმაცია, რომ ნადირობა მიდიოდა რამდენიმე ადამიანზე, _ ბადრი ბიწაძეზე და ირაკლი ბათიაშვილზე, ასევე გია ბურჯანაძეზეც, რადგან `შეფიცულთა რაზმს~ ხელმძღვანელობდა. უჩავა რომ აიყვანეს, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ ადამიანებზე რაღაცებს დააწერინებდნენ. ყველაფერი სცადეს, რომ ჩვენთვის რაღაც დაებრალებინათ. ოქრუაშვილისა და კიწმარიშვილის გამოჩენა თავიდანვე არ მესიამოვნა. აბსოლუტურად ვიყავი დარწმუნებული, რომ ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან შეკრული იყო. გახსოვთ, სააკაშვილის რეიტინგი რომ ვარდებოდა, რუსებთან ერთად სამი სპექტაკლი რომ დადგა?! ახლაც სპექტაკლის გათამაშებას აპირებდნენ. ვთქვათ, საზღვარზე რაღაცას გააკეთებდა საფრანგეთიდან წამოსული ოქრუაშვილი და მერე ჩვენ დაგვბრალდებოდა ყველაფერი. ხომ ამბობდნენ კიდევაც, რუსეთში არის, იქ ნახეს, იქიდან აპირებს შემოსვლასო. ჩვენ ვამბობდით, თუ არ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ის მართლაც სუფთად მოდის, არ გავიკარებთ და სწორედ ამის შემდეგ თქვა, აღარ ჩამოვალო. პირადად მე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის აქ ჩამომსვლელი არ იყო. ჩემი ნაცნობი არის საფრანგეთში და იმან მითხრა, ოქრუაშვილს ხშირად ვნახულობ რესტორანში სააკაშვილის ერთ-ერთ ძმასთან ერთად და რა ოპოზიცია, რის ოპოზიციაო? მოკლედ, ოქრუაშვილის დახმარებით რომ ვერ მოგვაწებეს რუსული კვალი და იარლიყი, მერე ატეხეს, ვითომ რაღაც ჩანაწერები არსებობდა. მიტინგზე ხალხს ხელები ავაწევინე, _ დაანახვეთ ყველას, უიარაღოები რომ ხართ-მეთქი. ერთადერთი, დროშის ტარები ეკავათ ხელში. თავიდან ფეხებამდე ჯავშანში ჩასმულ `სპეცნაზს” დროშის ტარით რა დაუშავდებოდა?!
– თქვენ ამბობთ, რომ ამ აქციაში რუსული კვალი არ არსებობდა და ეს ჭორი ხელისუფლებამ შეთითხნა. ზოგიერთი იხსენებს ნინო ბურჯანაძის გამოსვლებს მიტინგებზე, სადაც იგი ხელისუფლებას მართლაც ემუქრებოდა, _ ტყვია არ გავარდეს, თორემ საპასუხოს მიიღებთო. იყო სხვა ასეთი მუქარის შემცველი ფრაზებიც. აბა, ვისი იმედით უნდა დაგესრულებინათ მიშას მმართველობა, თუ არა რუსეთის?! ახლა მაინც გაგვაცანით, რა გეგმა გქონდათ?
_ მერე რა, თუ ასე ამბობდა, ამით რა შეიცვალა?! ჩვენ იმასაც ვამბობდით, რომ გვინდოდა რეჟიმის შეცვლა, მაგრამ ხელისუფლებაში კი არ მოვდიოდით. გვინდოდა, დემოკრატიული არჩევნები ჩაგვეტარებინა და ისე მომხდარიყო ეს. ახლა `რვიანი” რომ გამოდის და რაღაცებს ამბობს, მე მგონი, იმ შეხვედრებზე გადანაწილება მიდის, ვინ რა უნდა მიიღოს არჩევნებზე და არანაირი გარემოს გაკეთილშობილებაზე ეგენი არ ზრუნავენ. ჩვენ მართლა გვინდოდა ამის გაკეთება. ჩვენი მიზანი იყო, ამ ხელისუფლების მოცილება, მართლაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალება რომ ყოფილიყო და მერე ხალხს ვინც უნდოდა, ის აერჩია. აი, ეს იყო ჩვენი გეგმა. პოლიტიკოსების და ხელისუფლების აგრესია ბურჯანაძისკენ ამიტომაც მიდიოდა, რომ ეს იყო მართლაც რეალურად განსახორციელებელი გეგმა და არა ისეთი, ახლა `რვიანი” რომ თამაშობს. ცალკეული პოლიტიკოსებიც იჩენდნენ ნინოს მიმართ აგრესიას. ვუთხარი კიდევაც ერთხელ: ასეთი აგრესია ჩემ მიმართ რომ ყოფილიყო და პოლიტიკაში ვყოფილიყავი, ერთ დღეს არ გავჩერდებოდი, მაგარი ნერვები გქონია-მეთქი.
-და სააკაშვილს თქვენი `საარჩევნო გეგმის” შეეშინდა და ამიტომ შეუსია `სპეცნაზელთა” ბატალიონები მომიტინგეებს?! ქალბატონო ნონა, დაახლოებით 12 საათისთვის `სახალხო კრებამ” პატრიარქსაც მიმართა დასახმარებლად. თუ უკვე გქონდათ ინფორმაცია, რომ იქ საშინელება უნდა დატრიალებულიყო, ხალხს რატომ არ მოუწოდეთ, დაშლილიყვნენ?! მსხვერპლს მაინც ხომ ავიცილებდით თავიდან?
– ყველაფერს ვფიცავარ, ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ ბარბაროსობას თუ ჩაიდენდნენ. რაც გააკეთეს, სინამდვილეში, ეს იყო ამათი დასასრულის დასაწყისი. კონსტიტუციას სრული იგნორირება გაუკეთეს. სანამ მერიის წარმომადგენელი აქციაზე მოვიდოდა, შალვა ხაჭაპურიძე გაიქცა და მოიტანა კონსტიტუცია, სადაც ღიად წერია, _ როცა მომიტინგეები გამოვლენ საკუთარი უფლებების დასაცავად და პროტესტი აქვთ, აღარ არის სავალდებულო ოფიციალური ნებართვის აღებაო. მერიის თანამშრომელს შალვამ კონსტიტუციაც გადაუშალა, მაგრამ მაგათთვის ხომ მნიშვნელობა არაფერს არ აქვს?! ასე რომ, აქაც არაფერი არ დაგვიშავებია, მაგრამ დავუშვათ, მართლა დავარღვიეთ რამე, ხომ ხედავთ, უცხოეთში გამოსვლებს როგორ შლიან. რაც აქ მოხდა, მსგავსი ქმედება სადმე პოლიციისგან დაგინახავთ?! ხალხი მანქანებს და ვიტრინებს ამტვრევს, მაგრამ არ ხოცავენ. აქ ხომ ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ ხალხი დახოცეს და დააინვალიდეს.
წარმოუდგენელი რამ გააკეთეს, თორემ რომ გვცოდნოდა, ასე სასტიკად გაუსწორდებოდნენ ხალხს, არ წავიდოდით ამაზე, თუმცა ხალხი უკვე ისე იყო, მათთვის რომ გვეთქვა, ახლა სახლში უნდა წახვიდეთო, წინააღმდეგობას აუცილებლად გაგვიწევდნენ. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ჟურნალისტების შემოტევაც იქნებოდა. არ გახსოვთ, 25 ნოემბერს კრება პარლამენტთან რომ ჩავატარეთ, რა მოხდა?! მერე ჩვენზე გაიძახოდნენ, ხალხის დაკვეთას არ ასრულებენო. რევოლუცია რომ არ გვინდოდა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ დიდი მანქანა, რომელზეც სცენა იყო მოწყობილი, პარლამენტის ასასვლელთან დავაყენეთ, პროვოკაცია რომ არ მომხდარიყო და ხალხი იქით არ წასულიყო…
– ზოგი იმასაც ამბობს, რომ პარლამენტის შენობასთან აქციის გადანაცვლება აღლუმის წინა დღეს იყო პროვოკაციული განაცხადი ხელისუფლების მიმართ, რომ მოდით დაგვარბიეთო. თითქოს ეს დარბევა თქვენს გეგმაში იყო, რასაც მერე სხვაგვარი მოვლენების განვითარება მოჰყვებოდა, ანუ რევოლუციამდე ასე უნდა მისულიყვნენო.
– რა რევოლუცია? რაზე მელაპარაკებით? ხომ გითხარით, რაც იყო ჩვენი გეგმა?! იქ დაზომბირებული ადამიანები ჰყავდათ გამოყვანილი, ტვინგამორეცხილები და იმათ რასაც ჩასძახებს სააკაშვილი, იმას ამოიძახებენ. ჩემი შვილი ქალს გადაეფარა და ამის გამო გამეტებით ურტყეს ხელჯოხები. თან ეძახდნენ, _ შე რუსის მონა, ვაჟკაცობა გინდა გამოიჩინოო? ახლა რომ ავრცელებენ, ლიდერებმა ხალხი მიატოვეს და გაიქცნენო, ნინო დაცვამ გადაარჩინა, მათ გაიყვანეს, მაგრამ მე რომ გამოვდიოდი, ნინო ჯერ კიდევ სცენაზე იდგა. მე გადამარჩინა ჩემი შვილის მეგობარმა, კოტე ქოჩიაშვილმა და კიდევ რამდენიმე ბიჭმა, თორემ დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. როცა შემოგვესივნენ, პირველი დარტყმა სცენაზე მდგომებს მოგვაყენეს და სროლა ჩვენი მიმართულებით დაიწყეს. პირზე სამედიცინო ნიღაბი მქონდა აფარებული, მაგრამ ჩამომივარდა და სუნთქვა შემეკრა. თვალებიც ამეწვა და ირგვლივ არაფერი არ ჩანდა. ყველა გარბოდა. კოტემ ხელით დამიჭირა. სირბილი არ შემიძლია, თან წინა დღეებში ფეხი მტკიოდა, ამიტომ გვერდში კიდევ ორი ბიჭი ამომიდგა. უცებ ხალხი მომაწვა და ძირს გავიშხლართე. იმის ძალაც არ მქონდა, კოტეს ჩემს წამოდგომაში მივხმარებოდი, ამიტომ ზედ გადამეფარა და ყვირილი დაიწყო: ნონა გაფრინდაშვილია დავარდნილი და მომეხმარეთო! არავის არაფერი ესმოდა, ყველას თავისი გაჭირვება ჰქონდა. ჩემს ფეხებზე გადარბოდა ხალხი, ამიტომ შეძლო კოტემ და როგორც იქნა, ფეხზე წამომაყენა. რუსთაველის თეატრთან კოლმეურნეობის მოედნისკენ რომ ჩადის ქუჩა, იქით წავედით. მივყავდი და თან იძახდა, ტყვია არ ისროლოთ, ნონა გაფრინდაშვილი გამომყავსო. ამ ქუჩაზე სპეცნაზელების სამი დერეფანი იყო გაკეთებული. პირველს რომ მივუახლოვდით, იქაც ეს დაიძახა, – გაფრინდაშვილი გამომყავს და გამაყვანინეთო. ერთმა სპეცნაზელმა დიდი ფარი პირდაპირ შუბლზე მომადო და ასე შემაჩერა. მეორემ დაიძახა, უფროსს დავეკითხებითო. ნებართვის მიღების შემდეგ გამატარეს. მეორე კორდონთანაც იგივე განმეორდა. ყველა ჯგუფს თავისი უფროსი ჰყავდა. მეორე კორდონიდან გავლა რომ დავიწყეთ, ორი ადამიანი გიჟივით მოგვვარდა, ქოჩიაშვილი მომტაცეს და დააპატიმრეს. მესამე კორდონთან ორ დამხმარე ბიჭსაც სტაცეს ხელი. ტელევიზიით ახლაც გადის ჩანაწერი, სადაც ვამბობ, რომ საშინელება ხდება-მეთქი. მესამე კორდონი რომ გადმოვლახე, მაშინ ჩაიწერა ეს ჟურნალისტმა. ამ დროს ვიღაც წამოვიდა ჩემკენ, ეტყობა, მათი უფროსი და მანქანასთან მიმიყვანა, თან მითხრა, ხომ არ გაგაცილოთო. იმას თავს როგორ გავაცილებინებდი? ტაქსმა გამოირა და სახლამდე მარტო, ასე მოვედი. სახლში დავინახე, რომ ფეხზე ჭრილობა მქონდა, კისერს ახლაც ვერ ვამოძრავებ და თავს ბალიშზე ვერ ვდებ. მოკლედ, ამ ბიჭმა შემინარჩუნა სიცოცხლე. იქ ვის რა დაემართა, არ ვიცოდი და `მაესტროთი” ვიგებდი ამბებს. ასე რომ, ყველამ თავისით მოახერხა გამოსვლა და ლიდერები არსად არ გაქცეულან. ფეხზე რომ დავდგები, პირველი ამოცანა, ყველა დაპატიმრებულის განთავისუფლებაზე მუშაობა და ჯარიმების მოხსნაა.
_ იქნებ, ისევ დარბევაზე ვისაუბროთ. რომ ამბობთ, ასეთს არ მოველოდითო, ბურჯანაძე ხომ კარგად იცნობდა სააკაშვილის სტრატეგიას? ვერ დავიჯერებ, რომ ვერ წარმოიდგინა, რაზე იყო ის წამსვლელი.
– ეს არ იყო ჩვეულებრივი სისასტიკე, ეს იყო ბარბაროსობა და დაგეგმილი სპეცოპერაცია ხალხის კიდევ უფრო დაშინების მიზნით. ამას არ მოელოდა არც ნინო და არც არავინ. თანაც ყველაფერი უკვე იმაზეც აღარ იყო დამოკიდებული, რას იტყოდნენ ლიდერები. კიდევ ვამბობ, ეს ხალხი სახლში წამსვლელი აღარ იყო. ეს რომ გვეთქვა, იქ უარესი ამბავი ატყდებოდა. ხალხი ამბობდა, აქ უნდა ვიდგეთო. 20 ათასამდე ადამიანი იყო მოსული, რასაც არა მხოლოდ მიშა, ჩვენც ვერ წარმოვიდგენდით. 7-8 ათასი რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოვუხდიდით და ვეტყოდით, ხალხის კიდევ უფრო დიდი მასაა საჭირო, ასე არაფერი არ გამოვაო, მაგრამ ამჯერად ეს უკვე გამორიცხული იყო. ესენი ისეთ დანაშაულებს სჩადიან და ისე ეშინიათ ხალხის მასების, რომ ხომ ხედავთ, რაზე წავიდნენ?! ყველანი დასხდებიან სასამართლო სკამზე და ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება. შეიძლება დიქტატურა 30 წელიც გაგრძელდეს, მაგრამ როგორც მთავრდება საბოლოოდ, ყველამ კარგად ვიცით. დიქტატურის მონაწილეები ვინც არიან, ესეც ყველას ეცოდინება. იმ პერიოდში თავად თუ თავი რამენაირად გადაირჩინეს, მათ შთამომავლობას მოეთხოვება უკვე პასუხი და ეს არ შერჩებათ.
– ე. წ. ნეიტრალური პოლიტიკოსები და ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამბობს, რომ იმ ადამიანებზე პასუხისმგებლობა, რომლებიც დარბევაში დაიღუპნენ, დაშავდნენ ან დაიჭირეს, როგორც ხელისუფლებას, ასევე `სახალხო კრებას” უნდა დაეკისროსო. ლაშა ბუღაძემ თქვენი გვარიც ახსენა… იღებთ მომხდარ უბედურებაზე პასუხისმგებლობას?
– ლაშა ბუღაძე სანამ ჩემს სახელს კიდევ ახსენებს, კარგად დაფიქრდეს. ის და მისიანები რასაც წარმოადგენენ, ჩვენ კარგად ვიცით. ეგენი ამ ხელისუფლების სამსახურში არიან და სხვას, აბა, რას იტყოდნენ?! ბუღაძისნაირი ადამიანები აუცილებლად აგებენ მორალურ პასუხს. ცნობილი სახეები, რომლებიც უმღერიან ან გვერდით დგანან ამ ხელისუფლებასთან, ყველას მოეკითხება. გული მწყდება ახალგაზრდა მომღერალზე, ნინი ბადურაშვილზე. როგორ შეიძლება, უმღერო პრეზიდენტს, რომელიც ფორთხავდა ომის დროს მიწაზე და 2 დღეში ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა?! თუ თვითონ ვერ ხვდება ბადურაშვილი ამას, პატრონი მაინც არ ჰყავს?! ქვეყანა გადასარჩენია და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ.
– პასუხისმგებლობაზე უკვე გასაგებია, რასაც ფიქრობთ, მაგრამ ხომ არ ნანობთ, ასეთ ამბავში რომ გაერიეთ?! ტელევიზიის აქციის დროს, ღამით რომ ვისაუბრეთ, მაშინაც გითხარით, თქვენ ყველაფერი გაქვთ, ბედნიერად რომ იცხოვროთ. ახლა ქუჩაში რატომ დგახართ, კიდევ რა გინდათ-მეთქი?
– მაშინაც გიპასუხეთ, რომ მე ყველაფერი მაქვს, ჩემი ქვეყნის კეთილდღეობის გარდა-მეთქი. მიშასთვის რომ რამე მეთქვა, ესა და ეს მინდა-მეთქი, გააკეთებდა, მაგრამ არ ვისურვე. არაფერს არ ვნანობ, ნელი, უბრალოდ, გული მწყდება, რაც მოხდა იმაზე, მაგრამ, აბა, რა უნდა ვქნათ? თუ არ გავაპროტესტეთ და არ ვიბრძოლეთ, საქართველო მართლა დაიღუპება. 70 წლის ასაკში ისეთი რა უნდა მინდოდეს, ღამეებს რომ ვათენებდე და ქუჩაში ვიდგე, მაგრამ ქვეყანა არის გადასარჩენი. სულიერად, ეროვნული თვალსაზრისით და ყველანაირად არის საქართველო გადასარჩენი. იქ ძალიან ბევრი ასაკოვანი ადამიანი იყო მოსული და როგორ გგონიათ, იმათ იქ რა უნდოდათ?! მე მინდა, ყველამ იცოდეს, ეს დღეები რომ არ ვჩანდი, ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა მქონდა, მაგრამ სახლში ჯდომას ნამდვილად არ ვაპირებ. არც ეს პროცესი არ გაჩერდება ასე. საპროტესტო მუხტმა უფრო აიწია და ეს იცით, რატომ, მონურ სიტუაციაში ადამიანი დიდხანს ვერ ძლებს. უკან დასახევი ჩვენ არ გვაქვს. არ სჭირდება ბევრი დღეები, მერწმუნეთ, მთელი საქართველო თუ ფეხზე დადგა და თუნდაც მთელი თბილისი, მიშა ვერაფერს ვერ გააკეთებს. დიპლომატიური კორპუსიც მაშინ უკეთ ამოიღებს ხმას. ხომ ნახეთ, რომ აღლუმზე პატრიარქიც არ მივიდა. ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როცა ყველაფრის ატანა აღარ შეიძლება.
– ზოგი ფიქრობს, რომ იმ ჩანაწერების გამო, რომელიც გამოქვეყნდა, ნინო ბურჯანაძეს და მისი ოჯახის წევრებს დაიჭერენ, თქვენ კი ბრძოლის გაგრძელებას აპირებთ. ბურჯანაძეს ამ დღეებში შეხვდით?
– ნინოს ტელეფონზე ვესაუბრე მხოლოდ. რატომ დაიჭერენ? ასეთივე ჩანაწერები გამოქვეყნდა 2007 წელს შალვა ნათელაშვილზე და კიდევ სხვა პოლიტიკურ ლიდერზე, მაგრამ რატომ ვერ დაიჭირეს?! რუსეთის აგენტობას აწებებენ ყველას და ეს ყველაფერი უკვე სასაცილო გახდა. ეს სასაკლაო, რაც მიშამ 26 მაისის ღამეს მოუწყო ქართველ ხალხს, მისი დასასრულის დასაწყისია. შაბათს და კვირას რუსთაველის მეტროსთან ჩატარებული აქციების ხალხმრავლობაც მიუთითებს ამაზე. ხომ ხედავთ, რამდენი ხალხი გამოვიდა. რაც უფრო მეტ ბარბაროსობას და სისულელეს ჩაიდენს მიშა, მით უფრო უარესი მათთვის. უფრო და უფრო გაიზრდება ქართველი ხალხის პროტესტი, დამიჯერეთ.
დავით ჭიჭინაძე, ნონა გაფრინდაშვილის შვილი:
– აქციების დროს სულ იქ ვიყავი. იმ ღამესაც ხალხში, რამდენიმე მეგობართან ერთად ვიდექი. ღირსეული განწყობა იყო, ყველა ამბობდა, რომ თავისუფლებისთვის და ნორმალური მომავლისთვის იბრძოდნენ. მოკლედ, ისეთი განწყობა იყო, ვისაც უნდა მოეწოდებინა, დაიშალეთო, ხალხი არ შეასრულებდა, ბოლომდე იდგებოდა. 26 მაისიც მათ უნდა აღენიშნათ და მიშასთვის მასკარადის ჩატარების საშუალება არ უნდა მიეცათ. გაზის ბალონები რომ ისროლეს და არეულობა დაიწყო, მეგობრები დავკარგე. დავინახე, როგორ გამორბოდა ჩემკენ ერთ-ერთი ქალბატონი და სპეცნაზელი მოსდევდა. ქალს ხელი გადავხვიე და შევეცადე, დამეცვა. ამ დროს მომესმა, _ რუსის მონავ, შენ ვაჟკაცობაზე თავს რატომ დებო?! აქეთ-იქიდან რამდენიმე სპცნაზელი მომვარდა, ხელკეტები და ფეხები დამიშინეს. რამდენიმე წუთში უკვე ძირს ვეგდე და ხელები გაკოჭილი მქონდა. ასეთ მდგომარეობაში კიდევ მირტყამდნენ. ვიგრძენი, რომ ტუჩთან სისხლმა იფეთქა. სისხლმა გააჩერათ, თორემ, ალბათ, ცემით მომკლავდნენ. როგორც მითხრეს, ხელთათმანებზე ჰქონდათ წაწვეტებული რკინები და ასე ურტყამდნენ ხალხს. გამჭოლი ჭრილობა მივიღე, მეორე დღეს სამი ნაკერი შიგნიდან დამადეს და სამი _ გარედან. ყველა დაჭერილი დაგვაყენეს მწკრივში და `ქორთიართ მერიოტთან” სულ ცემით წაგვიყვანეს. იქ თითქმის გონდაკარგულები დაგვყარეს ძირს. ვიფიქრე, სასტუმროში ბევრი უცხოელი არის და ცემის გაგრძელებას, ალბათ, მოერიდებიან-მეთქი, მაგრამ იქაც გააგრძელეს ჩვენი ცემა. ხელბორკილი, რომელსაც დაკავებულებს უკეთებდნენ ხელებზე, იყო პლასტმასის, რომელიც კანში ნელ-ნელა, ყველა მოძრაობაზე ჩადის. ხელს უკვე ვეღარ ვგრძნობდი. სასწრაფოს ექიმმა რომ დამინახა, სპეცნაზელებს უთხრა, მოხსენით, თორემ შეიძლება განგრენა დაეწყოსო. ძლივს გაჭრეს პლასტმასი. სამმართველოში ყოველ სართულზე 100-150 პატიმარი ჰყავდათ. იქ ვნახე ჩემი მეგობარი კოტე ქოჩიაშვილი, რომელმაც დედაჩემი გადაარჩინა და მისი ამბავიც იქ გავიგე. დილისკენ ჩემი მდგომარეობა დამძიმდა, რადგან საოპერაციო ვიყავი. მე არ მითქვამს, რომ ნონას შვილი ვიყავი, მაგრამ კოტემ უთხრა: აუცილებლად რამე უნდა დაემართოს? ნონა გაფრინდაშვილის შვილიაო. რაღაც თათბირის შემდეგ მეც და სხვა დაზარალებულებიც ჩაგვიყვანეს ქვემოთ და გამოგვიშვეს. იმდენად ცუდი დასანახავი ვიყავი, მანქანა არ მიჩერებდა. სახლამდე ძლივს მოვაღწიე. ბევრი ჩემი ახლობელი აღმოჩნდა დაკავებული, მაგრამ ზოგს ჯარიმა შეუფარდეს, ზოგი ისე გამოუშვეს და ზოგსაც ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ფაქტობრივად, ლატარიასავით მდგომარეობა იყო, ვინც შედარებით ლოიალურ ადამიანთან მოხვდა, გაუმართლა. ჩემი ბიძაშვილი უზომოდ ცემეს სამმართველოშიც, შემდეგ ასთმური შეტევა დაემართა და გამოუშვეს. ჩემი ცოლისძმა ახლაც უმძიმეს მდგომარეობაშია და რეანიმაციაში წევს. მას ეცვა სპორტული ტანსაცმელი, რომელსაც აწერია `საქართველო”. `რუსის მონავ, საქართველო რატომ გაწერიაო?!” ამიტომ მოკლეს ცემით. მერე კი დააგდეს გათიშული და `სპეცნაზის” მანქანამ გადაუარა. თავი მთლიანად აქვს გაკერილი, ყური კი _ მოხეული. ექიმებმა, ვინც კი მისი მდგომარეობა ნახა, ყველა ამბობდა, ასი ასეთი შემთხვევიდან ერთი თუ გადარჩებოდაო. ჩემი სიძე, ბიძაშვილის მეუღლე, უზომოდ არის ნაცემი. რა ვიცი, რამდენი ჩამოვთვალო… სისხლი სწყუროდათ. სამმართველოში ხალხს რომ სცემდნენ, თან უყვიროდნენ: ჩვენ რუსების წინააღმდეგ ომში ვიბრძოდით და თქვენ რუსების მონები ხართო. რაიონიდან ჩამოსულებს, _ თქვე ბურჯანაძის ხუთლარიანებოო! _ უყვიროდნენ. ერთმა ბიჭმა გაბედა და უთხრა, _ ომში რუსებმა ძმა მომიკლეს და მათი მონა როგორ ვიქნებიო?! კინაღამ მოკლეს ამის თქმის გამო. რუსეთი მოგვაკერეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ის ჯარისკაცი, კიდევ, ვინც თავისი ქვეყნის შვილს ასე სადისტურად მოექცევა, როგორც მოგვექცნენ, მეეჭვება, რომ მას სამშობლო უყვარდეს და მისთვის რამე მართლა გააკეთოს. ტყუილია, მათ სამშობლო ან საქართველო არ უყვარდეთ.
ლეილა გაფრინდაშვილი, ნონა გაფრინდაშვილის ძმისცოლი, სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი:
_ დარბევას მოველოდით, მაგრამ ასეთს _ არა. ქალებს მამაკაცებმა წინასწარ გვთხოვეს, ქაშვეთის ეზოში გადადით, რამე რომ იყოს, თქვენ არ დაზარალდეთო. ახლა რომ ავრცელებენ ხმებს, თითქოს `სახალხო კრებას” რუსეთის ჯარის შემოსვლა უნდოდა, ეს ყველაფერი არის ტყუილი და ცილისწამება. ამაზე `სახალხო კრება~ და არც ნონა გაფრინდაშვილი არ დათანხმდებოდა, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთთან კარგი ურთიერთობის მოსურნე ნამდვილად არის. რუსეთი ზესახელმწიფოა და მის გარეშე რომ ვერც ტერიტორიებს და ვერც კიდევ ეკონომიკას ვერ დავიბრუნებთ, ეგეც ფაქტია. ან რუსეთთან კარგი ურთიერთობა რატომ არის დანაშაული, ვერ გამიგია.
_ შეიძლება ქალბატონმა ნონამ არც იცოდა, ვთქვათ, ნინო ბურჯანაძის რუსეთთან დაკავშირებული მიზნები, ცხადია თუ ასეთი იყო?
_ გამორიცხულია ასეთი რამ. ამ მოძრაობაში ყველაფერი შეთანხმებულად ხდებოდა, მაგრამ სააკაშვილს მთელი აქცენტი ნინო ბურჯანაძეზე ჰქონდა გადატანილი და მის ჯავრს ასე იყრიდა. სხვათა შორის, ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერსაც უსკდება გული, ნინომ ქულები რომ არ შეიძინოს. კობა დავითაშვილი ახლა რომ გამოდის და რაღაცებს ლაპარაკობს, სწორედ ნინომ გადაარჩინა იგი 7 ნოემბერს, როცა აიყვანეს. ნინოსთან დარეკა, რის შემდეგაც გამოუშვეს. თითოეულმა საკუთარ გულში ჩაიხედოს და ისე ილაპარაკოს. ნინომ თავი გადადო და ამ დროის გმირია.
_ ნუ დაგვავიწყდება, რომ 2009 წლის 7 ნოემბერს ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და დიდი შესაძლებლობებიც ჰქონდა. 7 ნოემბრის დარბევა არ იყო ნაკლები იმაზე, რაც ახლა მოხდა.
_ მას იმ დროს სააკაშვილზე რამე რომ ეთქვა, ზუსტად ვიცი, ნინოს ისევე მოკლავდნენ, როგორც ჟვანია მოკლეს. ის ბევრ რამეს ვერ ამბობს. ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში რამე გაეგებათ, უნდა იცოდნენ, რომ ნინოსკენ თითის გაშვერა არის დიდი უნამუსობა. ხელისუფლებას ბურჯანაძის განადგურება უნდა და ესენიც, იგივე თორთლაძე, გამსახურდია, გამყრელიძე და სხვები, ამაზე ასხამენ წყალს. ეს არის დიდი უმსგავსობა.
_ ახლა ის მითხარით, სცენაზე ასაკოვანი ადამიანები რომ იყვნენ, ისინი ვინ და როგორ გაიყვანა იქიდან? რეზო ესაძის, ელიზბარ ჯაველიძის მდგომარეობა მაინტერესებს?
_ რეზო ესაძე წინა დღეს ავად იყო და უთხრეს, რომ მეორე დღეს არ მოსულიყო. ბატონი რეზო იქ რომ ყოფილიყო, ის დღეს მკვდარი იქნებოდა. ბატონი ელიზბარი იქ იყო, მაგრამ როგორ გაიყვანეს, ვერ გეტყვით. კალიებივით შემოგვესივნენ სპეცრაზმელები და ვერავინ ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით. მეც საოცრად ვარ გადარჩენილი. ძალიან მიკვირს, ქაშვეთის კარი ეკლესიამ რატომ დაკეტა და საკუთარი მოსახლეობა რომ დაარბია ხელისუფლებამ, ეკლესია ხალხს გვერდით რატომ არ დაუდგა? სწორედ ქაშვეთთან 22 ადამიანი ჰყავდათ დაყრილი მიწაზე. ნაცისტები ებრაელებს რომ უკეთებდნენ, ამათ ის გაუკეთეს საკუთარ ხალხს. როგორც გავიგე, როცა მიშა ჩამოვიდა, ბრძანება გასცა, რადაც უნდა დაგიჯდეთ, აქცია უნდა დაშალოთო და ამ მონებმაც შეასრულეს დავალება პირნათლად. უშიშროების საბჭოს პირსისხლიანი ფაშისტი, გიგა ბოკერია განაგებს და რაც მოხდა, ეს გეგმა, სააკაშვილთან ერთად, მის ტვინშიც არის მომწიფებული. დანარჩენებს, უბრალოდ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ან რა წინააღმდეგობის გამწევია ბაქრაძე, ეს მართლაც `მექანიკური თოჯინა~?! წესით, პარლამენტს არ უნდა მიეცა ნება, მაგრამ იქ არც პოზიციაა ნორმალური და არც კიდევ ოპოზიცია. სამარცხვინო ხალხი ზის მხოლოდ და მოსყიდული არამზადები არიან. რა რუსი, რის რუსი? აქციების გაგრძელება და მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლები იყო დაგეგმილი. ხალხს უნდა მოეთხოვა სააკაშვილის გადადგომა ისე, რომ ის ამას ვეღარ შეეწინააღმდეგებოდა. იმ დღეს კი მსოფლიოს უნდა დაენახა, რომ დამოუკიდებლობა ხალხის მონაპოვარია და მას ხალხი ზეიმობდა. კონცერტიც იყო დაგეგმილი, `ფორტეს” და `უცნობს” უნდა ემღერათ. სუხიშვილებსაც სთხოვდნენ, ჩვენთან მოდით და იცეკვეთო. ერთს ვიტყვი და დავამთარებ: ხელისუფლებას აქვს გეგმა, რომ თავიდან მოიცილოს ბურჯანაძე, რადგან ის არის ქვეყანაში ოპოზიციური ძალა, რომელსაც გულწრფელად უნდა ამ ხელისუფლების მოცილება, ეს იყო ბურჯანაძისა და მისი მომხრეებისთვის სამაგიეროს გადახდა, თუმცა აქციაზე ხალხი ქვეყნის გადასარჩენად იყო მოსული და არა ბურჯანაძის გამო. დღეს ვინც გამოდის არასამთავრობო თუ ოპოზიცია და ბურჯანაძისკენ იშვერს ხელს, ესენი არიან არამზადები და ქვეყნის მტრები, სააკაშვილზე უარესები. სააკაშვილი ცნობილი გიჟია, შოზოფრენიკი, რომელიც როგორც ნერონმა გადაწვა რომი, არ მოერიდება და თბილისს კი არა, საქართველოსაც გადაწვავს. ესენი კი შეგნებულად მიდიან იმაზე, რაზეც სააკაშვილი ოცნებობს. ახლა თქვენ განსაჯეთ, ვინ არიან და რა უნდათ?!
კომენტარები