საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი კვინიტაძის, შვილიშვილმა მარიამ დაბომ, ტვ პირველს გადაცემა “დღის ამბებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
საოცარია, რომ ჩემი ბაბუა ასი წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოხდა მისი დაკრძალვა. მოხდა ჩვენი ოცნების ახდენა. თითოეული წამი ამ მოვლენისა ღირდა. ძნელია, სიტყვები ვიპოვო ჩემი გულისნადების გამოსახატად, ეს ჩემი ოჯახის პოზიციაცაა.
პატარა ბავშვი ვიყავი, როცა ბებია-ბაბუასგან ვისმენდი საქართველოს შესახებ. ბაბუას იმედი ჰქონდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა. მინდა, ქართულად ვისაუბრო, არ შემიძლია, მაგრამ ჩემი გული აქ არის.
იმედი მაქვს, რომ ჩემი ბაბუა მშვიდობით განისვენებს მთაწმინდის მიწაზე.
ბაბუაჩემი იყო ძლიერი სულის. 10 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა და გული მწყდება, რომ დიდი ხანი ვერ გავატარე მასთან ერთად. ტკბილი მოგონებები მაქვს, როგორ დავდიოდით ბაღში, შატოში, საფრანგეთში. ის კითხულობდა ინტენსიურად გაზეთებს და აინტერესებდა, საქართველოს შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინა.
სულის შემძვრელია ეს ცერემონიალი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
ბონდის მეგობარი გოგონებიდან ჯერჯერობით უკანასკნელი ქერათმიანი (მას შემდეგ ჯაშუში გოგონების როლზე წითურ ან შავგვრემან მსახიობებს ირჩევდნენ), მარიამ დ’აბო, ტიმოთი დალტონის გმირის საყვარელი ქალის როლით გახდა ცნობილი ჰოლივუდში.
ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 1987 წელს ეკრანებზე გამოსული „ბონდიანიას” მორიგ სერიაში კარა მილოვის როლის შემსრულებელის ბაბუა, ლეგენდარული ქართველი გენერალი, პირველი მსოფლიო ომის გმირი და 1921 წელს ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული საქართველოდან სამუდამოდ წასული, გიორგი კვინიტაძე იყო.

მარიამ დ’აბო 1960 წლის 27 დეკემბერს ჰამერსმიტში, ლონდონის გარეუბანში, ქართველი ნინო კვინიტაძისა და ჰოლანდიელი – პეტერ კლოდ ჰოლანდ დ’აბოს ოჯახში დაიბადა. ნინო გენერალ გიორგი კვინიტაძის მესამე, უმცროსი ქალიშვილი გახლდათ, იდას და თამარის შემდეგ. მათი ოჯახი პარიზში 1921 წელს გადასახლდა, როდესაც ნინო ერთი წლის იყო.
გენერალი კვინიტაძე 1970 წელს, ღრმად მოხუცებული, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა და შვილიშვილის ჰოლივუდურ წარმატებას ვერ მოესწრო.
მარიამი პარიზსა და ჟენევაში იზრდებოდა. მსახიობობა 11 წლის ასაკში გადაწყვიტა. პროფესიული განათლება მან ლონდონის დრამის ცენტრში მიიღო, სწავლის პარალელურად კი, სარეკლამო რგოლებში მონაწილეობდა. 1983 წელს მარიამის დებიუტი მხატვრულ ფილმში შედგა. ეს გახლდათ დაბალბიუჯეტიანი საშინელებათა ჟანრის ფილმი „იქსტრო”, რომელსაც წარმატება არ მოჰყოლია. თუმცა, მარიამის სამსახიობო ოსტატობა შეუმჩნეველი არ დარჩა ჰოლივუდელი პროდიუსერებისთვის. მეორე ფილმში – „თეთრი ღამეები”, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გაქცეული ბალეტის ვარსკვლავის ცხოვრებაზე იყო გადაღებული, მისი პარტნიორები იყვნენ მიხაილ ბარიშნიკოვი, ჰელენ მირენი და იზაბელა როსელინი. ნამდვილი აღიარება კი მარიამს 1987 წელს ეწვია, როცა „ბონდიანის” მორიგ სერიაში – „ნაპერწკლები თვალებიდან” ჩეხოსლოვაკელი სნაიპერის, კარა მილოვას როლი შეასრულა. იმავე წელს, მარიამ დ’აბომ „ფლეიბოის” სექტემბრის ნომრისთვის „გულახდილ“ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა და ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, ეს კი ბონდის ფილმის პრემიერას დაემთხვა.
სხვათა შორის, წლების შემდეგ ჟურნალ „ფიფლისთვის” მიცემულ ინტერვიუში მარიამმა აღიარა, რომ „ფლეიბოისთვის” პოზირება მისი მხრიდან სარისკო ქმედება იყო და მსგავს ფოტოსესიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. ბონდის სახელს უკავშირდება მარიამ დ’აბოს წიგნი – „სამუდამოდ ბონდის გოგონები”. წიგნი 2002 წელს გამოვიდა და მასში ბონდის ყველა გოგონას რეალური ისტორიაა ასახული. მარიამმა პირადად ჩაწერა ამ წიგნისთვის ინტერვიუები ურსულა ანდრესთან, სოფი მარსოსთან, ჰოლი ბერისთან და სხვებთან.
კარიერის განმავლობაში მარიამს არაერთხელ შეუსრულებია როლები ეროტიკულ ფილმებში, მათ შორის ცნობილ სერიალში „წითელი ფეხსაცმლის დღიურები”. 2000-იან წლებში მარიამმა მნიშვნელოვანი როლები შეასრულა გახმაურებულ სერიალებში. „დოქტორ ჟივაგოში”, მან კირა ნაითლის გმირის, ლარას დედის როლი ითამაშა. პრესტიჟულ ჯილდო „ემიზე” ნომინირებულ სერიალში „ტროას ელენე”, მან დედოფალი ჰეკუბას როლი შეასრულა. 2005 წელს კი მისი მონაწილეობით გამოვიდა ცნობილი პოლონელი რეჟისორის კშიშტოფ კისლიოვსკის სცენარის მიხედვით გადაღებული დრამა „ჯოჯოხეთი”. მასთან ერთად ფრანგული კინოს ვარსკვლავმა ემანუელ ბეარმა და კიდევ ერთმა ბონდის გოგონამ – კაროლ ბუკემაც ითამაშეს.

2003 წლიდან მარიამ დ’აბო ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, ჰიუ ჰადსონის მეუღლეა. „ოსკარის” ნომინანტი ჰადსონის ფილმებია: „ცეცხლოვანი ეტლები”, „რევოლუცია”, „ოცნებები აფრიკაზე” და „გრეისტოკი: ლეგენდა ტარზანზე”, სადაც მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი, კრისტოფერ ლამბერტი ასრულებდა. მასთან ერთ დროს მარიამს რომანი ჰქონდა. გარდა ამისა, არსებობს ვერსია, რომ მარიამს მცირეხნიანი რომანი ჰქონდა ტიმოთი დალტონთანაც, რომელიც 80-იანი წლების მსოფლიო კინოს სექს-სიმბოლო იყო.
2007 წელს მარიამს ინსულტი დაემართა და მსახიობი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად თავს მშვენივრად გრძნობს. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა იმ დროს, როცა მუდმივად თავის ტკივილი აწუხებდა და ერთ დღესაც იგრძნო, ტვინი როგორ აუფეთქდა. აღსანიშნავია, რომ თავისი ცხოვრების ამ ურთულეს წუთებში მარიამს გვერდიდან არ მოშორებია ჰიუ, რომელიც, ცნობისთვის, 24 წლით უფროსია მასზე.
აღსანიშნავია, რომ მარიამის გვარი დ’აბო ჰოლანდიური არ არის, ფინურია და სათავეს ფინეთის ქალაქ ტურკუდან იღებს. ამ გვარს კიდევ ორი ცნობილი წარმომადგენელი ჰყავს: მუსიკოსი მაიკ დ’აბო – მარიამის ბიძაშვილია, მსახიობი ოლივია დ’აბო კი, რომელმაც სახელი არნოლდ შვარცენეგერთან „კონან-დამანგრეველში” შესრულებული როლით გაითქვა, მარიამის ბიძაშვილისშვილია.
საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ნეშტი სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს. მისი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც ეროვნული გმირი მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
კომენტარები