10 წელი სისხლიანი 26 მაისიდან
2011 წელი, მაისი
26 მაისს “პირდაპირი საუბრის” ეთერში ეკა ბერიძის კითხვებს ლევან გაჩეჩილაძე საკუთარი სახლიდან პასუხობდა. “ალია” გთავაზობთ ამ საუბრის საგაზეთო ვარიანტს მცირედი შემოკლებით.
ეკა ბერიძე: “ლევან გაჩეჩილაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩვენთან მოსვლა ვერ მოახერხა. ბატონო ლევან, მოგესალმებით… ბატონო ლევან, ცნობილია, რომ გუშინ თქვენ აქციაზე იყავით, მაშინ, როდესაც აქციის დაშლა დაიწყო და პირველ რიგში, მინდა, როგორც თვითმხილველმა, მოყვეთ, რა ხდებოდა, როდესაც სპეცრაზმი მოვიდა ხალხთან…”
ლევან გაჩეჩილაძე: “ნუუუ… მე მსგავსი რამის… ყველაფერი მინახია ამ ცხოვრებაში, ნუ აქციების დარბევა ხომ მინახია და მინახია, მაგრამ ამას დავარქმევ ოპერაცია “ჩაძაღლებას” ქართველი ხალხის. გასასვლელი არ დატოვეს და არაფერი, ზომბირებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი, მე არ ვიცი, რა ფსიქოლოგიური ტესტირება მიდის მათ მიმართ, მაგრამ ეს იყო სასაკლაო, პირდაპირ ვიტყვი, “ჩაძაღლების” ოპერაცია, სადაც ადამიანებს არანაირი ამოსუნთქვის საშუალება არ დაუტოვეს და, ბოდიში და, ფეხებზე ეკიდათ, იქ რამდენი ადამიანი დაიღუპებოდა. ეს იყო ტირანიის გამოვლინება, პოლიტიკურად ასე ჰქვია, ტირანიის გამოვლინება საქართველოში. მსგავსი რამის მნახველი მე არ ვარ არასდროს და ორი სიტყვით ვთქვი და მეტი ემოცია არა მაქვს… უბრალოდ, მე მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც იქ იდგა. ეს არის გმირი ქართველი ხალხი, თუ არაქართველებიც, ვინც იქ იდგნენ, რომელიც თქვენი, ჩემი, სხვისი თავისუფლებისთვის აი, ამ ტირანის წინააღმდეგ იბრძოდნენ და გააგრძელებენ ბრძოლას კიდევაც. აი, ეს ამბავი იყო გუშინ და იყო ძალიან მწვავე სიტუაცია…”
ეკა ბერიძე: “დაზარალდით თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებიც”.
ლევან გაჩეჩილაძე: “კი, აგერ მიზის გაგა, რატიმ არ გამოთქვა სურვილი, რომ ჩემთან ერთად მჯდარიყო. ჩვენი ოჯახიდან ხუთი კაცი ვართ კარგად მაგრად გალახულები, ნუ ეგ არაფერი, საქართველოს გულისთვის კიდევ უფრო მეტ სიმწარეს აიტანს კაცი. და ჩემი საძმაკაცოდან, პრაქტიკულად სიკვდილს ჩახედა ყველამ თვალებში. იცით, ალბათ, ბიძინა გეგიძის ამბავი და ყველამ, ყველამ, ყველამ… ადამიანებს ჩაახედეს, ანახეს, დაანახეს, დაგვანახეს სუყველას საკუთარი სიკვდილი… ეს იყო გამიზნული ყველაფერი იმისთვის, რომ მათ ჭკუაში, ალბათ, ვიღაცისთვის რაღაცა ესწავლებინათ, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მათ არ გამოუვათ და არც გამოუვიდოდათ არც არასდროს, იმიტომ, რომ `ვარდების რევოლუციის~ დღეს არ იწყება საქართველოს ისტორია. საქართველოს ისტორიას სულ ქმნიდა ხალხი და ისეთი ხალხი, რომელიც გუშინ იქ იდგა. ის ბრძოლისუნარიანობა, ის სული და ის ჯანმრთელი სული…”
ეკა ბერიძე: “ბატონო ლევან, რაღაც პერიოდი არ ჩანდით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არავინ არ იცოდა თქვენი ადგილსამყოფელი. რა ხდებოდა ამ დროს, როდესაც თქვენ დაკარგული იყავით?..”
ლევან გაჩეჩილაძე: “მე გავითიშე… ჩვენ გავარღვიეთ ყოფილი `მხატვრის სახლის” ტერიტორია, რომელიც არის რკინის ფირნიშებით შემორაგული და იქ ტერიტორიაზე ტალახში ვეგდე ერთი სამი საათის განმავლობაში და შემდგომ იქვე უკვე რაღაცა კიბეებია და იქ ვიჯექი ჩემთვის ჩუმად, იმიტომ, რომ გააფთრებული, რამდენიმე ადამიანთან ერთად, ნუ გააფთრებული ადამიანები პირადად მე მეძებდნენ, ეძებდნენ ჩემს შვილებს, იცით, რომ რატი დაჭერილიც კი ჰყავდათ… ეძებდნენ ჩემს შვილებს, რომ როგორმე ისე გაგვსწორებოდნენ, როგორც არასდროს…”
ეკა ბერიძე: “ალყაში იყო, როგორც არის ჩვენთვის ცნობილი, ხალხი მოქცეული… როგორ მოახერხეთ იქიდან თავის დაღწევა?”
ლევან გაჩეჩილაძე: “ჩვენ გავარღვიეთ ფირნიში, `მხატვრის სახლის” ტერიტორიის, იქ არის ერთი 20-მეტრიანი ღრმული, ამოთხრილია ე.წ. `კატლავანი” და იმის ძირში ვიყავით ტალახში, სულ სიბნელე იყო, იქ ვიმალებოდით ერთი ორი-სამი საათი… გათიშულიც ვიყავი, წამდაუწუმ გულისრევის შეგრძნებაც მქონდა, იმიტომ, რომ რაღაცა არანორმალური რაოდენობით გაზები გაუშვეს. მე არ ვიცი, თუ სულიერზე, ადამიანზე კი არა, ცხოველზე თუ შეიძლება ამდენი გაზების გაშვება. და იმ სიბნელეში ვეგდეთ და მერე, რომ მოიცალეს იმ ტერიტორიისთვის, გადავბობღდით ისეთ ადგილას, სადაც კიდევ უფრო ჩუმად ვიყავით იგივე ეზოში. შეგიძლიათ, ჟურნალისტები გამომაყოლოთ და განახებთ, სად ვიყავი დილის 7 საათამდე. მერე იქაურებმა… სულ სველი ვიყავი თავიდან ბოლომდე, სხვისი ქუდი დავიხურე, სხვისი მაისური ჩავიცვი და ისე გამოვედი ნელ-ნელა უკვე, როცა იწყებოდა ჯარის მზადებები…”
ეკა ბერიძე: “ჯერჯერობით ცნობილია, რომ ორი ადამიანი არის დაღუპული. თქვენ თუ ხართ თვითმხილველი, როგორ გარდაიცვალნენ ისინი, რა მოხდა?”
ლევან გაჩეჩილაძე: “ერთი ვნახე, რომელსაც მუცელი ჰქონდა რკინის რაღაცით გაპობილი, მომიტინგეს, სისხლი მოდიოდა, მაგრამ კიდევ ვიძახი, მე თვითონაც ვეგდე და უკვე სპეცდანიშნულების ალყაში იყო. მაგრამ რამდენად ცოცხალი იყო, თუ გარდაცვლილი იყო, მე ეხლა იმ წუთში არ მქონდა საშუალება, რომ ამ ადამიანისთვის, 40-42 წლის კაცი იყო, პულსი გამესინჯა… ეს სიტუაციაა და მე არ მინდა ეხლა კონკრეტიკაში შევიდე, მე მინდა ვთქვა, რომ ყველამ უნდა გაითვითცნობიეროს, რა მოხდა გუშინ. და დღეს იმის ძახილი, რომ ეს გზა სწორია და ეს გზა მიგვიყვანს… ჯერ უნდა შევაფასოთ, ჩემო კარგო ძმებო და დებო, ვისთან გვაქვს საქმე, თქვენ თვითონ ჩაიხედეთ სარკეში. მე არ მაინტერესებს, ვისი ორგანიზებული მიტინგია, იქ ქართველი ხალხი დგას, მშვიდობას და თავისუფლებას მოწყურებული ხალხი. ეს როგორ შეიძლება დღეს ეხლა, მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ წავიდეთ. ჯერ ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს ტირანთან… მერე ვთქვათ, ლაპარაკი შეიძლება, რომ ვისა აქვს იმის ენერგეტიკა რომ ელაპარაკოს. ვისა აქვს იმის ენერგეტიკა, რომ იბრძოლოს. ვისა აქვს იმისი ენერგეტიკა, რომ დღეს გამოვიდეს და ვიღაც-ვიღაცები გააქილიკოს. მე ვერ გავიგე, ჩაიხედოს ყველამ სარკეში, მე მაგარი ვარ! მე მაგარი ვარ!.. ეს არ დამთავრდა საქართველოში, რა!.. მე გეუბნებით, დღეს დავრწმუნდი მე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს… ყოველ შემთხვევაში ელჩის განცხადება ნიშნავდა ჩემთვის იმას, ამ ელჩს არ აინტერესებს ქართველი ხალხი, მას საქართველოს ტერიტორია აინტერესებს. ეს რა უბედურებაა!.. რა არი?!.”
ეკა ბერიძე: “კარგით, მე მაინტერესებს, მაშინ მომავალში რას აპირებთ? როგორ აპირებს ლევან გაჩეჩილაძე ამ ბრძოლას?”
ლევან გაჩეჩილაძე: “მე ვაპირებ ბრძოლას, მე ვაგრძელებ ჩემს ხალხთან ერთად ბრძოლას, მე დაველაპარაკები ყველას, ვისაც სწყურია ხალხის ნების გაგონება, ხალხის პრობლემების გაგონება, აბსოლუტურად ყველას დაველაპარაკები და რას ვაპირებ მომავალში, ამას გაიგებთ ძალიან ახლო მომავალში. მარა მე ვთვლი დღეს, ზუსტად ძალიან მალე, მოკლე დროში, რა დროშიც ეს მოესწრება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ უდიდესი საპროტესტო აქცია, მშვიდობიანი, ყველანაირი მიტინგის და იმის გარეშე და ჩვენი დუმილით, მწუხრის დუმილით, თუ გნებავთ, მომავალი გამარჯვებებისთვის, იმ საზოგადოებას და იმ ადამიანებს ვცეთ… და ამ ბრძოლისუნარიანობას და სულისკვეთებას მთელი მსოფლიოს დასანახად ვცეთ პატივი. ამის გაკეთება მარტო, დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ არ შემიძლია, მაგრამ მე დაველაპარაკები ყველას, რომ იქ ყველა მოვიდეს და დუმილში მაინც ვიყოთ ერთად. დუ-მილ-ში!..”
ეკა ბერიძე: “მე მაინტერესებს თქვენი აზრი, რატომ არ იყო გუშინ ბევრი ხალხი, რატომ არ გამოვიდნენ თუნდაც პოლიტიკური ლიდერები, თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანები? მიუხედავად იმისა, რომ აქციის ორგანიზატორები მათ მოუწოდებდნენ მოსვლისკენ და გვერდში დადგომისკენ.”
ლევან გაჩეჩილაძე: “ბევრი მიზეზი აქვს ამას, არ იყო ერთობა, არ იყო შეთანხმება, თავიდან ბოლომდე ტირანიის კონიუნქტურაში ვიჯექით სუყველა, მათ შორის მეც, სარკეში არავინ არ ვიხედებოდით, ხალხის ინტერესი იყო მეორე პლანზე და პირადი ინტერესები _ პირველ პლანზე და ა.შ. და ა.შ. ჩვენ გვინდა, რომ თეთრი ხელთათმანები გვეცვას და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ეგრე არ ხდება!..”
ეკა ბერიძე: “დაბოლოს, მე მაინტერესებს, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, თუნდაც პოლიტიკოსებმა, თუნდაც იგივე არასამთავრობოებმა და საერთოდ, ხალხმა იმისთვის, რომ წუხანდელმა აქციამ არ ჩაიაროს ჩვეულებრივად და გამოვლინდნენ და დაისაჯონ ისინი, ვინც არიან დამნაშავე, ვინც არის ამ პროცესზე პასუხისმგებელი?”
ლევან გაჩეჩილაძე: “თქვენ კინო “სერენადა” ნანახი გაქვთ? მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი… იმდენ ხანს უნდა იბრძოლო, რომ ის დიდიც დაღალო და დაგნებდეს, და თუ ხარ მუდმივად ბრძოლაში, ყოველთვის იქნები გამარჯვებული. და ბრძოლა არის იდეა, ბრძოლა არის საქართველო და არა პიროვნული ამბიცია და ყველას სოლიდარობა ამ იდეის მიმართ, მე არ გამიგია, ადამიანი დღეს ხელკეტს გირტყამდეს და ხვალ მისი შვილის ქორწილში დადიოდე, რა!.. ეს არ არსებობს… აუცილებელია მორალური და ზნეობრივი დისტანცირებაც ტირანიისადმი… მე ბრძოლას ჩემს შვილებთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, არ გა-ვა-ჩე-რებ!..”
ეკა ბერიძე: “თქვენი აზრით, რა მეთოდით შეცვლის საზოგადოება ხელისუფლებას? ანუ რევოლუციური გზა არის დღეს მისაღები, თუ რაიმე სხვა გზა?”
ლევან გაჩეჩილაძე: “არ არსებობს ეს გზები, ეკა… ამდენ ხანს ტყუილად ვილაპარაკე?.. ნუ, არჩევნებზე რომ მოელაპარაკონ იმათ და ამათ, არჩევნები გააყალბონ, საბოლოო ჯამში, ქუჩაში ხომ უნდა გამოხვიდე?! გამორიცხულია, ტირანმა… ჯერ შევაფასოთ ეს კაცი ვინ არის, თუ ტირანიაა, თუ შევთანხმდებით და სოლიდარულები ვიქნებით, რომ ეს არის ტირანია, მერე გზებზე ვილაპარაკოთ… ზოგმა შეიძლება ერთი ფლანგი დაიკავოს, ზოგმა მეორე ფლანგი დაიკავოს, საზოგადოებამ მესამე ფლანგი დაიკავოს, ჟურნალისტებმა დაიკავონ მეოთხე ფლანგი და ა.შ. ეს არის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის. ყველამ გავიხადოთ თეთრი ხელთათმანები, ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის მორალურად, ზნეობრივად, დისტანცირებულები ვიყოთ იმ პროცესებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც აი, ამ სისხლში ბანაობენ და მერე ყოველდღე ერთმანეთს ექილიკებიან, რა მაგარი მოხდაო…”
კომენტარები