თბილისში, ამერიკის საელჩოსთან დაბანაკებულმა შუქრუთელებმა, ელჩ კელი დეგნანს დახმარების თხოვნის წერილი 31 მაისს, საღამოს გაუგზავნეს. მადნის მოპოვებით დაზარალებული შუქრუთელები აშშ-ის ელჩს მათი პრობლემით დაინტერესებას და ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ. როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ელჩი დეგნანი შუქრუთის მკვიდრთა წერილს, სავარაუდოდ, 2 ივნისს, დღეს გამოეხმაურება.
შუქრუთელების წერილი აშშ-ის ელჩს
„ჩვენ, სოფელ შუქრუთის მცხოვრებნი, გწერთ, რათა მოგიყვეთ ჩვენი პრობლემის შესახებ და გთხოვოთ დახმარება. ჩვენ ვართ მადნის მომპოვებელი კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოებით დაზარალებული მოსახლეობა. სოფელი ნაწილებად იშლება და ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. კომპანია მუშაობას 24/7-ზე განაგრძობს. სოფლის ქვეშ 16 მაღაროა. ყველა მაღარო მუშაობს, რის შედეგადაც, ჩვენი სახლები დაიბზარა. ზოგი სახლი მთლიანად დაინგრა. ბზარები და ღრმულებია გაჩენილი სახნავ-სათეს მიწებზეც. ასეთ სახლებში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა. დაზიანდა ეკლესიაც, რომელიც 2008 წელს აშენდა. დაზიანდა ჩვენი წინაპრების საფლავებიც. შეუძლებელია ამის შეჩერება.
2019 წლის 5 სექტემბრიდან დღევანდლამდე, ჩვენ, შუქრუთის მკვიდრნი, ვითხოვთ, რომ მოლაპარაკების პროცესი მოსახლეობასა და კომპანიას შორის იყოს გამჭირვალე და ამ პროცესში ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება, როგორც მედიატორი, მაგრამ ეს თხოვნა, ამ დრომდე, უშედეგოა. კომპანია მხოლოდ ზეპირ დაპირებებს იძლევა, რომელსაც არასდროს ასრულებს.
სოფლის მცხოვრებლებმა სამჯერ ვირწმუნეთ „ჯორჯიან მანგანეზის“ ზეპირი დაპირებებისა, მაგრამ სამივეჯერ მწარედ მოვტყუვდით. ამან გვიბიძგა მიგვემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის. ჩვენი ხმის გაგონება არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას არ სურს. ჩვენი პრობლემებით არავინ ინტერესდება.
21 დღის წინ, რვა ადამიანმა, ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა პირი ამოიკერა, თუმცა, ამანაც კი ვერ აიძულა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, რომ ჩვენი პრობლემებით ან ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულიყვნენ. ჩვენ გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ. პოლიციამ ჩვენი რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესიც დაიწყო.
იმის გამო, რომ ჩვენი ხმა ჭიათურაში არავის ესმის, გადავწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა. მეორე დღეა ღამეს აშშ-ის საელჩოსთან, მანქანებში ვათენებთ, რადგან კარვის გაშლის უფლება არ მოგვცეს.
სამწუხაროდ, ჩვენს სოფელში ცხოვრება შეუძლებელია, სწორედ ამიტომ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ პროცესში ჩართოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რათა შეაფასოს ჩვენი ზარალი და გადმოგვეცეს შესაბამისი კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე.
იმის გათვალისწინებით, რომ ორი წლის განმავლობაში ჩვენი პრობლემით არავინ დაინტერესდა, მოგმართავთ თქვენ, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩს, კელი დეგნანს, რათა ჩვენი პრობლემა ადამიანურად შეისმინოთ და შეასრულოთ მედიატორის როლი ჩვენს, სახელმწიფოსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის, რათა მოგვარდეს ეს პრობლემა. პატივისცემით, შუქრუთის მკვიდრნი“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის 10 ოჯახის წარმომადგენლები მესამე დღეა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სხედან. მათმა პროტესტმა, რომელიც უკვე 106 დღეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან მიმდინარეობს, 30 მაისს თბილისში გადმოინაცვლა. ისინი 22-ე დღეა შიმშილობენ. მოშიმშილეების ნაწილმა, ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
პირი აქვს ამოკერილი თამარ კუპატაძესაც. შიმშილობის გამო პერიოდულად შეუძლოდ ხდება. დაბალი წნევა და თავის ტკივილი აქვს. თუმცა, ამბობს, რომ ეს დისკომფორტი არაფერია იმ პრობლემებთან, რომელიც ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, სახლში ელოდება. მისი სახლის ეზოში ღრმულები გაჩნდა. ორი ოთახის კედლები დაიბზარა და შეკეთებას აღარ ექვემდებარება:
„თქვენი თვალით უნდა ნახოთ, რა ხდება, ასე ზეპირად ვერც კი წარმოიდგენთ. როდის გამოეცლება სოფელს მიწა და როდის ჩაიქცევა, არ ვიცით. ჩვენი სოფლის ქვეშ, „ჯორჯიან მანგანეზი“, მისი შვილობილი კომპანიის სახელით „შუქრუთი+“ მადანს უკანონო, სწრაფი მოპოვების წესით მოიპოვებს. სოფლის ქვეშ 12 გვირაბია შეჭრილი. სამი მეტრის სიცარიელეა სოფლის ქვემოთ. ჰაერშია სოფელი გამოკიდებული. ას დღეზე მეტია, ჩვენი პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დრომდე, ჩვენი პრობლემით ხელისუფლების მხრიდან არავინ დაინტერესებულა. ამიტომ გადავწყვიტეთ აშშ-ის საელჩოსთან ჩამოსვლა და ელჩისთვის წერილით მიმართვა, რომ იქნებ ხელისუფლებასთან გვიშუამდგომლოს და დააყენოს ჩვენი საკითხი. ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობას იმიტომ, ვითხოვთ, რომ დაავალდებულოს კომპანია და კანონის შესაბამისად გადაახდევინოს ის ზარალი, რაც კომპანიამ ამ ხნის განმავლობაში მოგვაყენა“.
შუქრუთელები ზარალის შეფასების პროცესში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვას ითხოვენ. შეფასების პირობები და ვადები მათ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ ხუთი დღის წინ, წერილობით გაუგზავნეს.
ჯანო ლაბაძე, შუქრუთის მკვიდრი:
„ხელშეკრულება კომპანიისგან დაახლოებით ექვსი დღის წინ მივიღეთ. დიახ, კომპანია ამბობს, რომ ისინი თანახმანი არიან, რომ ზარალისა და ქონების შეფასების პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩაერთოს, მაგრამ თუ რა მეთოდით შეაფასებს ჩვენს ქონებას, ეს არ არის დაკონკრეტებული. ისინი მხოლოდ ზეპირად, სიტყვიერად ამბობენ, რომ ჩანაცვლებითი მეთოდიკით ავანაზღაურებთ ზარალსო. გარდა ამისა, ჩვენ მათ მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებაში არ ვართ წარმოჩენილი მხარედ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ, ხელშეკრულებაში ჩაისვას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსათვის დასასმელი კონკრეტული კითხვა, თუ რა მეთოდიკით მოხდება ზარალის დათვლა. ასევე, მოვითხოვეთ, წარმოვჩინდეთ, როგორც მხარე. მწარე გამოცდილება გვაქვს, რომ ისინი ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. რასაც ისინი ზეპირად დაგვპირდნენ, რომ ჩანაცვლებითი მეთოდიკით აანაზღაურებენ ზარალს, ჩვენ, ჩვენი ხელშეკრულების ფორმაში, ეს პირობა დოკუმენტურად, წერილობითი ფორმით გადავიტანეთ, მაგრამ ამაზე ისინი თანახმანი არ არიან, რადგან ამ ფორმის ხელშეკრულების შემთხვევაში, ვეღარ მოგვატყუებენ. ეს მოცემულობა მათ არ მოსწონთ“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის შეცვლასაც შუქრუთელები ხელშეკრულებაში მოითხოვენ, ეს ქვეკონტრაქტორ კომპანია „შუქრუთი+“- ს ეხება. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულებაში მხარეს არა შვილობილი კომპანია, არამედ „ჯორჯიან მანგანეზი“ უნდა წარმოადგენდეს:
„ხელშეკრულებაში წერია, რომ ანაზღაურდება მხოლოდ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ მიყენებული ზარალი, რომელიც მხოლოდ ერთი წელია, რაც ჩვენს ტერიტორიაზე მუშაობს. რეალურად კი ნგრევითი პროცესი დაწყებულია ჯერ კიდევ „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშაობის პერიოდში, 2017 წლიდან. შესაბამისად, ჩვენ ქვეკონტრაქტორ კომპანიას მხარედ არ მოვიაზრებთ. მხარედ მოვიაზრებთ „ჯორჯიან მანგანეზს“.
რადიო თავისუფლების ცნობით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, თანხმობის მიუხედავად, ჯერ არ მიუმართავს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის განცხადებით, განისაზღვროს რა ზიანი მიადგათ შიმშილობის აქციაში მონაწილე შუქრუთელებს მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად.
ფოტოები და ვიდეო – რადიო თავისუფლება
კომენტარები