ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი იყო და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის პრაქტიკულ შედეგებს უახლოეს პერიოდში ვიხილავთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დავით ზალკალიანი:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტის შეფასება მაღალ დონეზე არის უაღრესად დიდი პატივისცემის და მნიშვნელობის გამოხატულება, რასაც თურქეთი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ანიჭებს.
მართლაც ძალიან მაღალ დონეზე იყო მიღება. სახელმწიფო ვიზიტის სტატუსში აყვანა სწორედ განსაკუთრებული პატივისცემის და განსაკუთრებული ურთიერთობის ხაზგამსმელია. შინაარსიდან და განხილული საკითხებიდან გამომდინარე, ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის პრაქტიკულ შედეგებს ჩვენ უახლოეს პერიოდში ვიხილავთ. ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავა. არსებული სიტუაცია, რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური გარემოება ორ სტრატეგიულ პარტნიორს გვკარნახობს, რომ საჭიროა ახლებური მიდგომა გამოწვევებზე, თანამშრომლობის გაღრმავება, კოორდინაცია, შეთანხმებული პოლიტიკა, რადგან სხვაგვარად ამ გამოწვევებთან გამკლავება ძალიან რთული იქნება.
მოგეხსენებათ, რომ რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი პრიორიტეტები გვაქვს და აქ არის სრული თანხვედრა თურქეთსა და საქართველოს შორის. თურქეთი მხარს უჭერს ჩვენს ინიციატივას, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ დიალოგის პლატფორმად სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თურქეთის მხარდაჭერა ამ პლატფორმის მიმართულებით ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო შედეგიანს გახდის მას.
ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ვთქვათ საქართველოს აქვს იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის პოლიტიკური მოწესრიგების კუთხით მედიაცია ითაოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს ორ მეზობელთან ერთად დავსხდეთ და ვისაუბროთ კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებზე, კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჰუმანიტარულ პროექტებზე, ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ამ პროცესში თუკი სამი ქვეყნის მხრიდან მზაობა არის გამოხატული, დარწმუნებული ვარ, ასევე მზაობა იქნება გამოხატული დიდი მოთამაშეების და იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც ამ რეგიონში აქვთ როლი და დაინტერესებული არიან რეგიონში მშვიდობით და სტაბილურობით.
მოგეხსენებათ რომ ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან კარგი პრაქტიკა და თანამშრომლობა მეორე სამმხრივ ფორმატში თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი და კონკრეტული პროექტები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, ბაქო-თბილისი-ყარსი, სამხრეთ კასპიური გაზსადენის პროექტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. სწორედ ასეთი პროექტებით ჩვენ უნდა გავზარდოთ რეგიონის მიმზიდველობა და ეს წარმატებული პროექტები არის საწინდარი იმისა, რომ მსგავსი რამ განხორციელდეს იგივე სამმხრივ ფორმატში საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.
ვფიქრობ, სწორედ ამაზე იყო ხაზგასმა თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან, რომ საქართველოში არის გასაღები რეგიონალური თანამშრომლობის მიმართულებით. ეს მართლაც დიდი შედეგია იმ დიალოგისა, რომელიც დავიწყეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნირებთან და ვფიქრობ, ამ პროცესში შესაძლოა ჩაერთონ სხვა მოთამაშეებიც: აშშ, ევროკავშირი. საქართველო ამით იბრუნებს თავის მნიშვნელოვან ადგილს.
დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ისედაც ძალიან მკაფიო მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს ჰქონდა თურქეთის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა თურქეთის მიმართ, პირადად პრეზიდენტის მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს აქვს, ისევე როგორც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. თურქეთი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და არის ერთ-ერთი მხარდამჭერი იმისა, რომ ის პროგრესი რომელიც ქვეყანას აქვს, იყოს ასახული შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებში. ამიტომ კიდევ ერთხელ მივიღეთ მათი მხრიდან გარანტია, რომ დაგეგმილ სამიტზე თურქეთი ჩვენს მხარდამჭერ განცხადებებს გააკეთებს და წევრ ქვეყნებთან ერთად, ყველანაირად იმუშავებს იმაზე, რომ საქართველოს მხარდამჭერი დეფინიციები იყოს იმ საბოლოო დოკუმენტში, რომელიც იქნება მიღებული ნატო-ს ამ სამიტზე.”
ამასთან, მინისტრის თქმით, თურქეთი დაინტერესბულია, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული.
„სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან ის გადაზიდვები, რომელიც ხორციელდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით. ესეც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს მიმზიდველობას და ფუქნციას რეგიონში, ასე რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკალიანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს დავალება, რომ სტრატეგიული საბჭოს სხდომის ჩატარებაზე იმუშაონ.
„საგარეო საქმეთა მინისტრებმა მივიღეთ დავალება, რომ ვიმუშაოთ სტრატეგიული საბჭოს სხდომის ჩატარებაზე. ეს გახლავთ ფორმატი, ჩარჩო, სადაც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ვსაუბრობთ, მათ შორის უსაფრთხოება, რეგიონალური თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკა, ვაჭრობის გაძლიერება, კულტურა, ჰუმანიტარული განზომილება. წლის მეორე ნახევარში გვექნება ეს საბჭო, სადაც ამ ფორმატში განვიხილავთ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს, რა არის გადასადგმელი იმისთვის, რომ ეს სტრატრგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ მაღალ დონეზე ავიდეს.
თურქეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომელსაც თურქეთი ახორციელებს ქვეყანაში და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც ასე გვჭირდება ეკონომიკის აღორძინება და ეკონომიკის პანდემიამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება“, – განაცხადა მინისტრმა.
კომენტარები