აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შუქრუთელები თავს კარგად გრძნობდნენ და მათი პრობლემები გადაიჭრას:
“აშშ-ს არ აქვს პირდაპირი როლი ამ საკითხში. ადამიანის უფლებების დაცვის ჩვენი ოფიცერი გუშინ შეხვდა ჯგუფს და მოისმინა მათი წუხილი. ჩვენ ვცდილობთ შეხვედრის ფასილიტაციას სახალხო დამცველის ოფისთან და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ და იმუშაონ მათ პრობლემებზე. ჩვენი შეიძლება გვქონდეს დამაკავშირებლის როლი. [..] გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი კარგად გრძნობენ თავს მათი წუხილი მოსმენილი იქნება”.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 20 დღეზე მეტია, პირამოკერილები შიმშილობენ, საპროტესტო აქცია თბილისში, აშშ-ს საელჩოსთანაც გამართეს.
მოშიმშილეები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო მათი საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.
შუქრუთის მოსახლეობამ აქციები 2019 წელს დაიწყეს და მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები მათ კომპენსაციის გადახდას შეჰპირდნენ.
ამის შემდეგ პროტესტი 2020 წელს განახლდა და საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთო, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობისა და მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდა, თუმცა, შედეგი არ ჩანს.
კომენტარები