მუხრანში მცხოვრები 52 წლის ირმა ამირაშვილი, 16 დღის წინ თურქეთში გარდაიცვალა, ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ შეიტყო და დახმარებას ითხოვს.
ადვოკატი, მამუკა ნოზაძე, “ამბებთან” ამბობს:
“ირმა ამირაშვილი მუხრანის მაცხოვრებელია და თურქეთში, კონკრეტულად ქალაქ კონიაში მუშაობდა. ქალბატონი 16 დღეა, რაც გარდაცვლილია. მისი ქმარ-შვილიც ემიგრანტია და ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. მათ გუშინ შეიტყვეს, რომ ქალბატონი ირმა გარდაიცვალა და ის მთლად უპატრონოდაა მიტოვებული უცხო ქვეყანაში. როგორც მითხრეს, ოჯახს ჰქონდა თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან კომუნიკაცია, რომელმაც უთხრა, რომ საქართველოს საელჩო და საკონსულო კონტაქტზე არ გამოდის და ინტერესს არ იჩენს საქართველოს მოქალაქის მიმართ. შესაბამისად, ეს ადამიანები არიან გაჭირვებულ მდგომარეობაში, ვერაფერს ხდებიან საფრანგეთიდან, არ იციან, რა გზას დაადგნენ, ამიტომ მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, ჟურნალისტებს… დახმარების არგაწევის შემთხვევაში, თურქეთის მხარე იძულებული იქნება ეს ქალბატონი თურქეთში დაასაფლავოს. ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაშია, სასოწარკვეთილი, ამაზე მეტი რა უნდა გაუჭირდეს ადამიანს, არ ვიცი“
საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიასთან აცხადებს, რომ საკონსულოს ოფიციალურად დღეს დაუკავშირდა ოჯახი. გარდაცვლილის ოჯახის წევრები რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ უნდა მივიდნენ საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში, დაწერონ განცხადება და დავეხმარებით მერე, რა თქმა უნდა და დაიწყება გადმოსვენების პროცედურებიო.
ჯერ ერთი, ბატონო მინისტრო, მიცვალებული გყავთ თურქეთში სახეზე, რა განცხადება გინდათ მეტი, პროცედურები დაიწყეთ და წამოგეწევათ განცხადებაც, თუ საბუთი გჭირდებათ. დავუშვათ, არ ჰყოლოდა გარდაცვლილს ოჯახი და ვერავის დაეწერა განცხადება, დატოვებდით იქ, სადაც გარდაიცვალა? თქვენ განცხადებებს სოციალურ ქსელში ავრცელებთ და მოქალაქეებმა მთელი ქალაქი უნდა გაიარონ ამ პანდემიის დროს და მაინცდამაინც საკონსულოში გეწვიონ.
მეორე – თუ კომუნიკაცია არ გაქვთ თურქულ მხარესთან და თუ თურქულმა მხარემ არ შეგატყობინათ ჯერ კიდევ 15 დღის წინ, რომ საქართველოს მოქალაქე იპოვნეს გარდაცვლილი – კიდევ უფრო ცუდად გვქონია საქმე.
კომენტარები