აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება. გამოძიებამ დაადგინა, რომ კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ამ სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა ადამიანს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.
სამართალდამცველებმა სამალავებიდან, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ 9 აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“. ნარკოტიკები დაკავებულის დროებით საცხოვრებელ ბინაშიც აღმოაჩინეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები