ფოტო – ტვ პირველი
5 ივნისს, ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში საზარელი დანაშაული მოხდა.
თბილისი-ლენტეხი-მელეს მიკროავტობუსის მძღოლს ადგილობრივებმა ისე სასტიკად სცემეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მოკლული რობიზონ თუთარაშვილია. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა, როგორც ადგოლობრივები “ალიას” გვიყვებიან, იგი უგონო მდგომარეობაში დატოვეს და გაიქცნენ. იგი შემთხვევით იპოვნა ადგილობრივმა ექიმმა. მძიმედ დაშავებული მამაკაცი სასწრაფოს ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ის კლინიკაში გარდაიცვალა.
თბილისი-მელეს რეისზე მომუშავა მძღოლს სოფელ მელეში ბინა ჰქონდა ნაქირავები, სადაც ღამეს ათევდა ხოლმე. ნაქირავებ ბინაში მივიდა, სადაც ღამე უნდა გაეთია. მას სწორედ სოფელ მელესა და ჩიხარეშს შორის გაუსწორდნენ გამორჩეული სისასტიკით.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს “ალიას”, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მამაკაცი გარდაიცვალა, ალბათ, საქმე გადაკვალიფიცირდება ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას. კითხვაზე, რატომ არ აქვს საქმეს კვალიფიკაცია ჯგუფურად ჩადენილი დანაშულის კვალიფიკაცია, ამ კითხვაზე შსს-მ ვერ გვიპასუხა. ასევე უცნობია, მუშაობს თუ არა შსს განზრახ მკვლელობის მუხლითაც, რადგან, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლის მოკვლა წინასწარ იყო განზრახული, ზემოთ აღწერილი მუხლით საქმის წარმოება ვერ გაგრძელდება, წესით.
როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი უყვება”ალიას” მძღოლი საღამოს სახლიდან გამოიყვანეს და სასტიკად სცემეს, რადგან მან ფულის გადახდაზე უარი თქვა, ადგილობრივები მას “წილს” სთხოვდნენ, ფულს “აწერდნენ” ასე ვთქვათ. როგორც “ალიას” გვიყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი, მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ შეიძლებოდა ვერ გადარჩენილიყო, გადაწყვიტეს, მისთვის თავი გაეჩეჩქვათ, რათა მისი იდენტიფიცირება გართულებულიყო. “სახე საერთოდ არ აქვს” გვიყვება წყარო. ასევე გვეუბნებიან იმასაც, რომ საქმეზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული. ადგილობრივის თქმით, მძღოლი ახალგაზრდებმა სცემეს, “დაახლოებით 10-მდე მაინც იქნებოდნენ, როგორც ჰყვებიან და მათი ასაკი საშუალოდ 20 წლამდეა. მძღოლს წლებია ვიცნობთ და ძალიან კარგი კაცი იყო…” – გვიყვება წყარო.
“ამბების” ინფორმაცით კი, საქმეზე დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებული, ანა ჩანქსელიანის მეუღლე, თუმცა, უცნობია, რას ედავებიან და რომელი მუხლით.
საკრებულოს დეპუტატი სოფელ ჩიხარეშში სოსო ავალიანი “ამბებთან” ამას ადასტურებს და ამბობს:
– დიახ, დაკავებულია 54 წლის ლოიდი ჯანხოთელი, მაგრამ როგორც ვიცი, მას კავშირი არ აქვს მომხდართან, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა გარდაცვლილთან. არ ვიცი, დაკავებულს ზუსტად რას ედავებიან. მას ჩაუსვამს მანქანაში და წაუყვანია ის ექიმი, რომელმაც შემთხვევით ნახა ძირს დაგდებული მძღოლი და სასწრაფო გამოიძახა.
კომენტარები