ლანა ბერძენიშვილი, რომელმაც ქალიშვილი დაკარგა, სოციალურ ქსელში, წერს:
“რას ვგრძნობ და როგორ ვცხოვრობ სოფის დაკარგვიდან ცხრა თვის მერე:
მეც მაინტერესებდა და მიკვირდა, როგორ ცოცხლობენ შვილმკვდარი დედები, რა აცინებთ, რაესამსახურებათ და ა.შ. ანუ მათი ცხოვრების გაგრძელება მიკვირდა…
როგორ ვცოცხლობ და ვცხოვრობ?
თავიდან ფიქრობ რომ ყველაფერი დამთავრდა. არ გათენდება! ფიქრებზე და ქმედებებზე დავწერ, თორემ სული რომ გეწვის, ადუღებული რომ ხარ და მოწამლული და ვერ ახსნი როგორ, ამაზე აღარ ვიტყვი.
მერე ფიქრობ, რომ დასაფლავების დღე არ დადგეს. სახლში გყავს და ,, გეიმედება,,. მერე როცა ამოთხრილ საფლავს უყურებ, არ იჯერებ. არ და ვერ ფიქრობ რომ აქ უნდა დატოვო შენი უბის, გულის, სულის სიმთელე და არა ნაწილი. მერე მშვიდად ხარ. გაურკვეველი სიზმარია, საიდანაც ვერ გამოდიხარ. ყოველი დილა იწყება აზრზე მოსვლით, რომ უბედური ხარ და ეს დროებით კი არაა, სამუდამოდ გაუბედურდი და ის რომ კიდევ გყავს შვილები, არაფერს ცვლის. თეფში კი არ გაგიტყდა, სხვა თეფშით ჩაანაცვლო…ხვდები რომ საფლავია ადგილი, სადაც უნდა მიხვიდე ყოველდღიურად და იტირო, იტირო, იტირო და როცა გაქვავდები, მაშინ წამოხვიდე უკან.
მერე დგება მომენტი, როცა ფიქრობ, რატომ ხარ ცოცხალი და თავი ხომ არ მოიკლა? მაგრამ ამას გამბედაობა უნდა და ხარ ასე ლაჩარი!
მერე უსაშველოდ გენატრება და სიზმრების იმედი გაქვს, თუ გაგიმართლა კაია. მე-არა.
მერე გტანჯავს მისი ყოველი ნივთი, სურათი, საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკას თუ მოკრავ სადმე ყურს.
გტანჯავს ყოველი ნაცნობის დანახვა, რომ გხედავს უბედურს.
მერე ხვდები ,რომ შენი ცხოვრება ორად გაიყო. გაიხლიჩა.ადრე თუ ერთ გზას მიყვებოდი,ახლა ორად უნდა იარო. როგორც ცოცხალმა და როგორც მკვდარმა და ასე ცოცხალ- მკვდარი დადიხარ. გაქვს სხვების თვალში თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრება. მუშაობ, გეგმავ, იცინი, ჭამ, გძინავს მაგრმ ამ ყველაფრის გამო იტანჯები, ნანობ, გრცხვენია,ბოდიშს უხდი შენს შვილს.
ოცნებობ კიდეც, რა იქნება მომავალში..
იმედიანად ხარ მხოლოდ ერთი მიზეზით- სიკვდილის არ გეშინია,რადგან შენი შვილი იქ გყავს და ალბათ ყველა შვილმკვდარ დედას მიუხარია იქ წასვლა, როცა დრო დადგება.
ზოგჯერ, როცა ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრების მომენტებს აქ დავდებ,ნუ გამკიცხავთ, არაჩვეულებრივი მუდამ ჩასაფრებული მაქვს…”
კომენტარები