„სირცხვილია, რესპოდენტებს ფულს რომ სთავაზობს ზოგიერთი ტელევიზია, ყოველგვარი სისულელის სათქმელად. 300 ლარს ასახელებენ შეთავაზებულ საფასურს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე წერს, რითაც „მთავარი არხის” სიუჟეტს ეხმაურება საპატრიარქოს ფერიის ბავშვთა სახლში არსბულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.
ანდრია ჯაღმაიძის კომენტარს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გამოეხმაურა და ყოფილი აღსაზრდელის მოსყიდვის ფაქტს ადასტურებს.
„ლ. ს. დედამისმა ქუჩაში რომ დატოვა 4 წლის ასაკში ხელში აყვანილი ავიყვანეთ ბავშვთა სახლში, ხელში იმიტომ, რომ ფეხსაცმელები არ ეცვა იმიტომ, რომ არ ჰქონდა, მან კი 300 ლარად გაგვყიდა (ეს თანხა გადაუხადეს)”, – წერს მიტროპოლიტი დიმიტრი.
ცნობისთვის, ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი „მთავარი არხის” ეთრში აცხადებს, რომ პანსიონში სასტიკად სცემდნენ.
“დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.
მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არამხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო”, – ამბობს იგი.
საპასუხოდ, “მთავარ არხთან” იმავე ბავშვთა სახლის აღმზრდელები ამბობენ, რომ ლ.ს.-ს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა ახალგაზრდას, რამდენად ჩაუტარდა სწორი მკურნალობა – უცნობია. თუ ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები აქვს ბავშვობიდან, მას, წესით, უნდა ჰყავდეს თავისი ექიმი, რომლის დიაგნოზის საფუძველზე, სახელმწიფოსგან უნდა იღებდეს დახმარებას. ხოლო, თუ პანსიონატმა არ შეატყობინა სახელმწიფო სამსახურებს ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და არც სოციალურმა სამსახურმა იზრუნა, რომ მას კუთვნილი დახმარებები მიეღო – მაშინ, საქმე კიდევ უფრო მეტად გართულდება.


კომენტარები