აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჟენევაში, 16 ივნისსს, შვეიცარიაში შეხვდნენ.
მოლაპარაკებებზე კამერები არ დაუშვეს და ლიდერებს არც ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაუტარებიათ, თუმცა სხეულის ენის ექსპერტები ლაპარაკობენ, თუ რაზე მეტყველებდა პრეზიდენტების ინტერაქციის სხვადასხვა დეტალი მოლაპარაკებების ოთახს გარეთ და რას ნიშნავს ეს ორმხრივი ურთიერთობისთვის.
BBC-სთან სხეულის ენის ექსპერტი, მერი სივიელო აღნიშნავს, რომ სხეულის ენა ყოველთვის იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები და შესაბამისად, მსგავს შეხვედრებზე სწორედ ამას უნდა დავაკვირდეთ.
“ამ შემთხვევაში იმდენად ბევრ დეტალზე დაკვირვების შესაძლებლობა არ გვქონია, როგორც წარსულში პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შემდგარი შეხვედრების დროს. მაგრამ ის ცოტა ინფორმაცია, რაც მივიღეთ, ბევრზე მეტყველებს.
ეს არც ერთი მათგანისთვის არაა პირველი “როდეო“, ამიტომ, დაუყოვნებლივ შეიძლებოდა იმის შემჩნევა, რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ერთმანეთის მიმართ მეგობრულ განწყობას და “მხარზე ხელის მოთათუნებას“, თუმცა ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ.
ბაიდენმა პირველი ნაბიჯი გადადგა – მან ხელი გაშალა, რომ პუტინისთვის ჩამოერთმია; მაგრამ პუტინი იყო ის, ვინც მას მიუახლოვდა. შესაბამისად, თუ ძალის დინამიკაზე ვლაპარაკობთ, ეს თანაბრად იყო განაწილებული.
ხელის ჩამორთმევის მსგავსად, როცა ისინი დასხდნენ, თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ დროს მათგან რაიმეს გაკეთების მოლოდინი არ ყოფილა, იქ არც ხელის ჩამორთმევა იყო აუცილებელი და არც – ერთმანეთთან საუბარი, თუმცა ამ დროს ერთმანეთისთვის თვალებშიც არ ჩაუხედავთ. პუტინი იჯდა ისე, როგორც მისთვისაა დამახასიათებელი: ფეხებით განზე და ტანით უკან გადახრილი. ბაიდენი, მეორე მხრივ, პუტინის მიმართულებით ოდნავ იყო გადახრილი – ეს პოზა მიანიშნებს, რომ ის დიალოგისთვის მზად იყო.
იმის გამო, რომ მათზე დაკვირვების შესაძლებლობა ამ შეხვედრაზე ნაკლები იყო, არ ჩატარდა ერთობლივი პრესკონფერენცია, რასაც მსგავს შემთხვევებში აქვს ხოლმე ადგილი, ბუნებრივია, პრესა ცდილობდა, მიეღო ყველაფერი ის, რისი მიღებაც დროის მცირე პერიოდში შეეძლო. ეს გარკვეულწილად, ამ ორი ლიდერისთვის დაძაბულობის განმუხტვის ფაქტორი იყო.
“კარგად არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ მუშაობს“, – თქვა ბაიდენმა, პუტინის სხეულის ენა კი მიანიშნებდა: “სულ ერთია“. თუ რუსი ლიდერის ხელებს დავაკვირდებით, ერთი ხელი სავარძლის სახელურზე უდევს და აკაკუნებს, რაც გვეუბნება: “როდის დამთავრდება ეს?!“
თუ ისტორიას გადავხედავთ და დავაკვირდებით ბაიდენსა და პუტინს, ასევე, პუტინის ინტერაქციას კლინტონთან, ბუშთან, დაბოლოს, ტრამპთან, წლების განმავლობაში ამ ყველაფერს შორის რეალურ მსგავსებებს შევამჩნევთ. პუტინი მაინცდამაინც არ იცვლება და ეს ამგვარი გზავნილია: “არ გქონდეს მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა რაიმეს დიდად შეცვლის“.
ბაიდენი, რომელიც ასე ვთქვათ, იმედიანი, ოპტიმისტი ლიდერია, აქტიურად ჩართვას არ ცდილობდა, მაგრამ ნებისმიერ მომენტში ამის მზადყოფნას აჩვენებდა. ვხედავთ, რომ ეს ორი ძალიან განსხვავებული ლიდერია, აქვთ ძალიან განსხვავებული სტილი და სავარაუდოდ, მიზნები, თუ რის მიღწევაში უნდა დაეხმაროთ მათ ეს შეხვედრა“, – აღნიშნავს BBC-სთან მერი სივიელო.
კამერების წინ ბაიდენისა და პუტინის ერთად გამოჩენას ასევე სხეულის ენის ექსპერტი და იუთუბერი, მარკ ბოუდენი ეხმიანება.
“რამდენადაც მესმის, შენობაში შესვლამდე პუტინი უკან, კამერებისკენ ტრიალდება იმისთვის, რომ ერთი წამით მაინც, პირდაპირ შეხედოს საზოგადოებას. ბაიდენი ამას არ აკეთებს – ის ბევრად კონცენტრირებულია პუტინზე და ვხედავთ, რომ მას ენთუზიაზმი აქვს, მისი, ასე ვთქვათ, ბალანსი ძალიან პირდაპირია, ის პირველი უწვდის ხელს პუტინს, შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი და ხელის ჩამორთმევას ესწრაფვის.
ჩვენ უკვე ვხედავთ ორ ავტორიტეტულ სახელმწიფოს, რომლის წინაც მსოფლიოს ხედია გადაშლილი. ეს არაა ისე მარტივად, რომ ორი კაცი ერთმანეთს ესაუბრება, ესაა ორი ქვეყანა, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია, მთელ მსოფლიოზე მოახდინოს გავლენა.
მაშინ, როდესაც ბაიდენი თავისი რიტმით საუბრობს, ეს იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ამერიკულია, ესაა ის, რისი მოლოდინიც გვექნებოდა – სივრცის გამოყენება, კომუნიკაცია დემონსტრაციული სტილით. პუტინი, მეორე მხრივ, ცოტათი უფრო ცივი და თავდაჭერილია, მაგრამ ესეც ისაა, რასაც ველით ჩვენი იდეებისა თუ იდეალებისგან გამომდინარე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ეს ორი ქვეყანა“, – ხაზს უსვამს ბოუდენი გავრცელებულ ვიდეოში.
წყარო – ამბები
კომენტარები