ნანა სულავა, ალია
წინა კვირას „ალიას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩემი ექსკლუზიური ინტერვიუ სენაკში გარდაცვლილ ინეზა გოგია-ალანიას შვილთან, რამაზ გოგიასთან, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:
რამაზ გოგია:
-ყველაფერი ასე დაიწყო: დედას წინა დღეებში სიცხე ჰქონდა 37,5. წინა დღეებში კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ შემდეგ ცუდად შეიქმნა და დავურეკეთ სენაკის სასწრაფოს. ის ორმოცი წუთის შემდეგ მოვიდა, სახლში თეთრხალათიანი ახალგაზრდა ქალი ფიქრია ახალაია შემოვიდა და განგვიცხადა, რომ სენაკის კლინიკაში ჰქონდათ ადგილები. შემდეგ ეზოში გავიდა, ეტყობოდა, თავის უფროსებს დაუკავშირდა. ვის ელაპარაკა, არ ვიცით, მაგრამ დედა სენაკიდან გადაიყვანეს აბაშის „სენამედის“ კერძო კოვიდ კლინიკაში. სინჯი სასწრაფოს მანქანაში აუღო გია თოლორდავამ, ხოლო ტესტი ჩაუტარდა „სენამედში“. დაადგინეს კოვიდი, მაგრამ პაატა ჯიქიძემ, ვინც ტესტი ჩაუტარა, მოგვატყუა. მერე კი თავი იმართლა ჯიქიძემ, მე რა შუაში ვარ, ტესტი ჩაატარა ხოშტარიამო. ვხვდებით ხოშტარიას. ის გვეუბნება, ტყუილი გითხრათ პაატა ჯიქიძემო და ასეთ გაურკვევლობაში ვართ მთელი ოჯახი და დედა კი – პანიკაში. ისიც გვითხრა, დაანებეთ თავი, ჯალათებთან მოვხვდიო. მთავარი დეტალი არ მინდა გამომრჩეს. სანამ მივიდოდით სენაკიდან აბაშაში, სასწრაფოს ეკიპაჟს დედასთან ერთად გავაყოლე ჩემი დისშვილი, მე კი მანქანაში საწვავი ჩავასხი, თანხა ავიღე და სასწრაფოს მანქანას უკან გავყევი. ბავშვი გზაზე ჩამოაგდეს.
-რატომ?
– სწორედ ესაა გასარკვევი. მანქანა თავიდან ისე სწრაფად მიჰქროდა, მე ვეღარ დავეწეოდი. მერე ისე შეანელეს, რომ დავეწიე. სასწრაფოს მანქანას ოთხი ეკიპაჟი მიჰყვებოდა. სასწრაფოს ექიმებს ვეუბნები, რატომ ჩამოაგდეთ ბავშვი და რატომ იარეთ ასე ნელა-მეთქი, მაგრამ მძღოლმა არ მიპასუხა. აბაშის კოვიდ საავადმყოფოში კი არავინ შემიშვა. დედა იქ თავისი ფეხით შევიდა, ჩვეულებრივად მოძრაობდა. ეს ვიდეოთვალსაც დაფიქსირებული აქვს. ამის შემდეგ ჩემი მამიდა მარია გოგია ტელეფონით ვიდეოზარით უკავშირდება დედას, რა დროსაც ყველაფერი გადაღებულია, დედას ექიმი თუ ექთანი, არ ვიცით, მარჯვენა მკლავზე უკეთებს ნემსს. დედა ტელეფონზე ლაპარაკობს და თან წვეთოვანი უდგას. ამ დროს ნემსის გაკეთება არ შეიძლებოდა. მამიდა ეკითხება, რა ნემსი გააკეთეთო, აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე. მამიდაჩემი ეუბნება დედას, დამანახე ეს ქალი, ვინც ნემსი გაგიკეთაო. დედა ატრიალებს ვიდეოთვალს, მაგრამ ვინც ნემსი გაუკეთა, ის თავს არ ანახებს და გარბის ადგილიდან. ამის შემდეგ მამიდაჩემი ურეკავს ჩემს დას ირმა გოგიას ხაბაროვსკში, სადაც ის უკვე ექვსი წელია ცხოვრობს. მამიდა ეუბნება ყველაფერს და მამიდაჩემის შემდეგ დედაჩემს ურეკავს ჩემი და. თავიდან მასთან საუბრის დროს დედა კარგად იყო, მაგრამ 4-5 წუთში ცუდად ხდება. და დედა ეუბნება ჩემს დას, რაღაც სივრცე იბერება, თითქოს ასეთი წარმოდგენა მაქვსო. ამის შემდეგ დედა ითიშება. ტელეფონი უვარდება ხელიდან. ექიმები შემოდიან და გაყავთ გათიშული დედა. ჯერ კიდევ ცოცხალი 11 მაისს გადაყავთ ქუთაისში კოვიდკლინიკაში ჩხობაძის 16-ში, სადაც 26 მაისამდე დაჰყო. მაგრამ როცა ჩემი და 21-ში მივიდა, ფაქტობრივად ის ცოცხალი აღარ იყო, გაყინული იყო, თუმცა აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. ქუთაისის კლინიკაში მე დედას ტელეფონით ვუკავშირდებოდი ხოლმე, მაგრამ მერე მას ნარკოტიკული საშულებების ზემოქმედებით აზროვნება ხელოვნურად დაუკარგეს. ხოლო 26-ში გვითხრეს გარდაიცვალაო, სინამდვილეში 26 დედა უკვე გარდაცვლილი იყო. მიცვალებული ჩვეულებრივად გამოგვატანეს. ჩაცმაში ვინც გვეხმარებოდა, გვითხრეს, ეს ქალბატონი სამი დღის გარდაცვლილიაო.“
ამ ინტერვიუს შემდეგ, როგორც იქნა, სხვადასხვა მედია-საშუალებები გააქტიურდნენ, მანამდე კი, როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნა გარდაცვლილის შვილმა, ტელეჟურნალისტები მის სამოქალაქო პროტესტს, თითქოს მოლაპარაკებულებივით, არ ეკარებოდნენ. გარდაცვლილი უკვე ორ კვირაზე მეტია ყინულის მაცივარში ჰყავთ და არ კრძალავენ. ისინი აცხადებენ, რომ სანამ გარდაცვალების ნამდვილ მიზეზებს არ დაადგენენ, მიცვალებულს არ დაასაფლავებენ და კიდევ უფრო მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამენ, რადგან საზოგადოებრივმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო.
რამაზ გოგია:
– მივმართე სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, მაგრამ პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური რეპრესიები მივიღე, რომელიც უკვე ფსიქოლოგიურ ტერორში გადაიზარდა და, როგორც ჩანს, არც ფიზიკურ ტერორზე იტყვიან უარს. ამის მაგალითი უკვე მაჩვენეს, როგორ დააძინეს ჩემი შინაური ცხოველები. აი, ასეთია ბიძინა ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატია. თითქოს შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმთან. არა მარტო მე, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი და, მამიდა, მთელი ოჯახი საშინელ რეპრესიებსა და ტერორში მოგვაქციეს მხოლოდ იმის გამო, რომ დედის გარდაცვალების ნამდვილი თარიღი და ნამდვილი მიზეზი დავადგინოთ. ჩემი ოჯახის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა ფეხზე დააყენა. ეს ფაქტი მარტო ჩემი ოჯახის ტრაგედია არ არის. „კოვიდ-19“ პოლიტიკურ იარაღად არის ქცეული.
პროფესიით იურისტი ვარ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მოცემული ყველა უფლება ჩემს შემთხვევაში დარღვეულია. ვის არ მივმართე და პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს. იმის ნაცვლად, რომ დამეხმარონ სიმართლის გარკვევაში, თუ როგორ მომიკლეს დედა, პირიქით, სახლში შემომივარდნენ. ჩვენ, შვილები, ახლა დიდ საფრთხეში ვართ და რას მოგვწევენ, კაცმა არ იცის.
ვითომ დამოუკიდებელმა ტელევიზიამ „ფორმულამ“ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ავადმყოფი მაღალი სიცხით მიიყვანეს კლინიკაში, რაც სიცრუეა. დედას 37,2 ხაზი ჰქონდა. თითოეულ დეტალს აქვს დიდი მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც ჩემთან თქვენი ინტერვიუ „ალიაში“ გამოქვეყნდა, პოლიციის სხვადასხვა ჯგუფები გააქტიურდნენ და არ გადიან ახალსოფლიდან. მათ ჰყავთ აგენტი, რომელიც შემოპარულია ჩემს სახლში და პოლიციას აწვდის ინფორმაციას, ღამე სახლში ვარ თუ არა.
– აბა, სად უნდა იყოთ, სახლში მიცვალებული გყავთ და ასეთ მდგომარეობაში სად უნდა წახვიდეთ?
– მე სახლში არ მძინავს. ყოველ წუთში ველოდები თავდასხმას. ჩვენ მოვითხოვეთ დაცვა და ამის შემდეგ, დაცვის ნაცვლად სახლის უკანა მხრიდან ჩუმად შემოიპარნენ ღამის 12 საათზე. ჩემი ძაღლები მიაძინეს, საბედნიეროდ, გადარჩნენ.
– რატომ გაქვთ ეჭვი, რომ თავდამსხმელები პოლიციის მითითებით შემოვიდნენ ეზოში?
– ეჭვი კი არ მაქვს, ეს ასეა და ამას აქვს წინაპირობა. 2007 წელს მე უკანონოდ დამაკავა წინა რეჟიმის პოლიციამ. ყაჩაღობის მუხლით, 25 წელი მომისაჯეს. ვინმე ამირან ბარკალაიას მართვის მოწმობა ჩამიდეს მანქანაში. ბარკალაიას ოჯახი ამ ფაქტამდე სამი დღით ადრე დაყაჩაღებული იყო და მე ამ საქმეში არაფერ შუაში ვიყავი. იმ პერიოდში ვმუშაობდი რუსიებთან. ეს საქმე ისე იყო შეკერილი, რომ ვერაფერი მოუხერხეს და ციხიდან ერთ წელიწადში გამათავისუფლეს. მაშინ ამ საქმეში ის პოლიცია მონაწილეობდა, ვინც ახლა ეწევა სხვადასხვა ხერხებით ავანტურას და დედის გარდაცვალება უნდა გამოიყენოს ჩემი განადგურებისთვის, რადგან საქმეს იძიებს გენერალური პროკურატურა და ჩემს სახლში განვითარებული მოვლენები, რაც ამჟამად ხდება, გასაკვირი არ არის. დამდევენ, მითვალთვალებენ. აამუშავეს მთელი აგენტურული ქსელი.
– ბატონო რამაზ, ფიქრობთ, რომ თქვენი დედის გარდაცვალებაშიც ვიღაცის ხელია გარეული? თქვენ წინა ინტერვიუშიც ეჭვი გამოთქვით, სასწრაფოდან მოსული ქალის ფიქრია ახალაიას ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებების შესახებ.
– რა თქმა უნდა, სასწრაფო 40 წუთის დაგვიანებით მოვიდა. ფიქრია ახალაიამ დედას უთხრა, „სენამედში“ გვაქვს ადგილებიო და მისგან თანხმობა აიღო. ფიქრია ახალაიამ კარგად იცოდა, რომ „სენამედში“ ადგილები არ იყო. ის სახლიდან გავიდა, ეზოდან ვიღაცას ელაპარაკა მობილურით და შეუთანხმდა. ამ ზარების ამოღებას პირველივე დღიდან მოვითხოვ, რადგან ძაღლის თავი სწორედ იქ არის დამალული და ამ საქმის გასაღებიც სწორედ იქ არის. ამ კლინიკის უფროსმა გია თოლორდავამ მითხრა, რომ ადგილები არ ჰქონდათ, ხოლო ვინც ტესტი ჩაუტარა დედას, ეს იყო პაატა ჯიბლაძე, რომელმაც მოგვატყუა. მან დაუწერა დადებითი პასუხი კოვიდზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დედას კოვიდი არ ჰქონდა. დედის სიკვდილი იმის გაგრძელებაა, რაც მე წინა რეჟიმმა მომიწყო.
– ბატონო რამაზ, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა, იქნებ დააკონკრეტოთ, ამის საფუძველს კიდევ რა გაძლევთ?
– როცა დედა ქუთაისში, ჩხობაძის 16-ში არსებულ კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს, იქ იცით, ვინ დამხვდნენ? ის ჯალათი ექიმები, რომლებმაც ქუთაისში, რუხაიას ციხეში, პატიმრობისას, 12 ჯანმრთელი კბილი ჩამიმტვრიეს. სავარაუდოდ, იქნებ ერთ-ერთმა მათგანმა გაუკეთა ის ნემსი, რომლის შემდეგაც მალე გარდაიცვალა დედა. მაჩვენონ მისი სახე, ამოიღონ ფირები. ამას ვითხოვ.
– შეგიძლიათ, რომ დაასახელოთ მათი გვარები?
– ერთ-ერთი ელენე ჩხაიძე იყო. მეორეს გვარს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მაღალია და გარეგნობით რუსს ჰგავს. ვინმე შემედავება იმაში, რომ საკითხავია, ციხის მწამებელი ექიმები ამჟამად კოვიდკლინიკებში რატომ მუშაობენ?
– თქვენ შოკისმომგვრელ ფაქტზე ლაპარაკობთ.
– ეს ასეა და მე ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ დედაჩემის მკვლელი გამოვავლინო. პატიმრები ყასბებს რომ ვეძახდით ჯალათ ექიმებს, ისეთი მწამებელი ექიმები კოვიდკლინიკაში რატომ არიან შერჩეული? წინა ინტერვიუში ხომ გითხარით, დედაც ამბობდა სიკვდილის წინ, ჯალათებთან მოვხვდიო. დედა მიბმული ჰყავდათ საწოლზე. ეს ფეხზე და ხელზე ეტყობოდა. მე დავუკავშირდი ელენე ჩხაიძეს და ვუთხარი, ყასბებს გეძახდნენ პატიმრები და კოვიდკლინიკაში როგორ მოხვდით-მეთქი?
– რა გიპასუხათ?
– პასუხი არ გამცა. მერე სულ მალე დედა გარდაიცვალა. ყველამ უნდა აგოს პასუხი. ამოიღონ ვიდეოფირი, რატომ მალავენ იმის სახეს, ვინც ნემსი გაუკეთა დედას? ახლა ხომ ცხადია, რომ ექიმები და პოლიციელები გაერთიანებულები არიან ამ საქმეში! უკვე მივმართე ამის შესახებ გენპროკურატურას, გენინსპექციას, სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას… პასუხი არ ჩანს. ლომჯარია, სადაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, იქ დადის. ჩემს საქმეზე კი ის დუმილს არჩევს. თქვენი გაზეთიდან ხმამაღლა ვაცხადებ: არ გაბედონ და გამოძიება არ ჩაატაროს აბაშის, სენაკის და ქუთაისის პროკურატურამ. ესენი კოვიდექიმთან ერთად არიან. ექიმები დავერბოვკებულები ჰყავთ და რაც უნდაც, იმას აკეთებინებენ.
სააკაშვილის ფაშისტური მმართველობის დროს ვახტან სართანია სენაკის პროკურორი იყო. ახლა ოცნებამ აბაშის პროკურორად დანიშნა და ეს ჯალათი პროკურორი აწარმოებს გამოძიებას დედაჩემის საქმეზე. პირველივე დღიდან ვითხოვ მის აცილებას, მაგრამ ვინ გისმენს. ვახტანგ სართანია არის იმ კლანის წევრი, რომელმაც 25 წლით გამიშვა ციხეში. მათ გამოგზავნილ ხალხს მე რომ ვენახე იმ ღამით, როცა ეზოში შემოცვივდნენ, როგორც ძაღლები მიაძინეს, ისე მიმაძინებდნენ, ოღონდ სამუდამოდ. მერე სხვას დააბრალებდნენ. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. თავდამსხმელებს ისეთი შეიარაღება ჰქონდათ, ასეთი შეიარაღება მხოლოდ უშიშროების სპეცრაზმს აქვს.
ახლა „ალიადან“ ისიც მინდა გავახმოვანო, ჩემი გონივრული ეჭვით შეიძლება ის ქალი მოკლან, დედას რომ ნემსი გაუკეთა. ჩემს გვამსაც იქვე ახლოს დააგდებენ, მერე პოლიცია იტყვის, ჩვენ მოვახდინეთ რამაზ გოგიას ლიკვიდაციაო და მკვდარს დააბრალებენ იმ ქალის სიკვდილს. 30 წელია ამათ უმსგავსობას ვუყურებ. მე ვითხოვ სახელმწიფო დაცვას. კიდევ ვის მივმართო, არ ვიცი. ამათ იმის ანალიზის უნარი არ აქვთ, რომ ჩემი ოჯახის ტრაგედია გასცდება ქვეყნის საზღვრებს და ეს არ იქნება კარგი. გონს მოეგონ, სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. პროკურორ სართანიას ხელი მოწერილი აქვს, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდეს და ჩვენ გადმოგვცენ 5 ეგზემპლარად. ეს არაფერი არ გაკეთდა ამდენი დღის განმავლობაში.
მე და ჩემმა ახლო ნათესავმა ჯიბო ფიფიამ, სასიმინდეში დამალულებმა, ჩვენი თვალით ვნახეთ როგორ შემოვიდნენ უკანა ეზოში. ჩვენ რომ მათ ვენახეთ, ორივეს მოგვკლავდნენ და ახალ სცენარს გაათამაშებდნენ. ამაზე დიდი უბედურება და განსაცდელი კიდევ რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, სახლში დედა მისვენია და მე სასიმინდეში ვიმალები, რომ კიდევ ახალი საფრთხე ავიცილო თავიდან. ყოველ წუთში ველოდები მათგან სიკვდილს. კიდევ გავიმეორებ, ახლა თქვენი გაზეთი, „ალია“ გვიფარავს. ყველამ ყველაფერი იცის და გაიგო და იქნებ, უკან დაიხიონ.
გამომძიებელ ზაალ გვასალიას ვუთხარი, სენაკის პოლიციის ინსპექტორი ბადრი აბუთიძე პირადად იმყოფებოდა ჩემს სახლში. მან მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12-ის ნახევარზე სახლში ვიყავი, გააგებინა და 10 წუთში მოვიდნენ უკანა ეზოდან. ჩვენ ამ დროს სასიმინდეში ვიყავით დამალული. ეს ყველაფერი ვუთხარი გამომძიებელს. მან მითხრა, ქუთაისში მივდივარო და მას შემდეგ არ გამოჩენილა. მერე დავუკავშირდი და მოვთხოვე ორივე ძაღლზე ექსპერტიზის ჩატარება. თუ ეს არ გააკეთეს, გამოდის, რომ მე ვიტყუები. აბა, როგორ უნდა დამიჯერონ.
სახელმწიფოსგან ვითხოვ დაცვას. ისინი მოახდენენ ჩემს ლიკვიდაციას, აბა, რისთვის იყო ამდენი კბილებამდე შეიარაღებული პირი ჩემს სახლში? სენაკის პოლიციის უფროსის მოადგილე ბათუ გუნავა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ჩემს დაკავებაში, ახლაც ეს გუნავა ფიგურირებს დედის გარდაცვალების შემდეგ პირველივე დღიდან ამ საქმეში.
გვიან, ჩემთან, სახლში, მოვიდა სენაკის პოლიციის უფროსი მაქაცარია. მე როცა გირეკავთ, არცერთი არ მოდიხართ, ჩვენება რომ მოგცეთ და ახლა რამ შეგაწუხათ-მეთქი? მაქაცარია შეგვპირდა, რომ მიცვალებულს ექსპერტიზას ჩაუტარებენ. მითხრა, ხვალ რუსთავში უნდა გადავიყვანოთო. ჩვენ ადრეც ვიყავით რუსთავში, მაგრამ პირობა დაარღვიეს და 5 საათის შემდეგ უკან წამოვედით. აი, ეს ყველაფერი ჩვენს ვითომ სახელმწიფოში ხდება. ადამიანებს სულს ხდიან. არც მკვდარი აინტერესებთ და არც ცოცხალი. ახლა იმის შიში მაქვს, ან მე არ გამიტაცონ და ან დედაჩემის გვამი არ გაიტაცონ.
მე ვერ შემაჩერებენ. დაიწყონ ექიმთა საქმის გამოძიება, რათა რაც შეიძლება მალე დადგეს სამართლებრივი შედეგი. თეთრი ხალათი არ უნდა გახდეს მკვლელების თავშესაფარი. ნამდვილი დოქტორ მენგელეს მიმდევრები რატომ უნდა დარჩნენ დაუსჯელები? ასე ხომ მათ სხვა მიმდევრებიც გაუჩნდებიან და ეს პროფესია შეიძლება სრულ სიმახინჯედ იქცეს. მთელი ცხოვრება თავში ჩარტყმულმა რატომ უნდა ვიარო, რომ ვერ დავადგინო, დედაჩემი რა ვითარებაში აღესრულა და ვინ არის დამნაშავე მის სიკვდილში? ვინც მე ხელს შემიშლის ამ ტკივილის გარკვევაში, ყველას შევებრძოლები, ბოლომდე დავიცავ კონსტიტუციურ უფლებებს. თუ ვინ გაუკეთა ნემსი, იმ ფირს არ მაჩვენებენ, არც აუდიოჩანაწერს მასმენინებენ. სატელეფონო ზარების ამოღებას ვითხოვ და ამასაც არ აკეთებენ. ქუთაისელ ექიმებს რუსთავში უკვე მეორედ აგზავნიან ექსპერტიზაზე, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ. მე ერთმა ადამიანმა, რამაზ გოგიამ, უნდა ვამხილო მთელი ეს კოჰაბიტანტური სისტემა ვაიექიმების, ვაიპოლიციელების, ვაიპოლიტიკოსების და ვაიჟურნალისტების შესრულებით რომ მოქმედებენ და ამიტომ არ ითვალისწინებენ ჩემს კანონიერ მოთხოვნებს. მე უარს ვაცხადებ სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებაზე და ავიყვან კერძო ექსპერტს. დიახ, ზემოთ აღნიშნული ფაქტები სრულ საფუძველს მაძლევს უარი განვაცხადო სახელმწიფო ექსპერტიზაზე.
თქვენთან საუბრისას შევიტყვე, რომ აბაშის პროკურორი ვახტანგ სართანია გაუნთავისუფლებიათ და მის ნაცვლად ვინმე გიორგი კოდუა დაუნიშნავთ.
– რას აპირებთ, ბატონო რამაზ?
– სხვა გზა არ დამიტოვეს. დედა უნდა დავასვენო პარლამენტის წინ. მთელი სენაკი ჩამოვა.
– რატომ მაინცდამაინც პარლამენტის წინ?
– რადგან საქართველოს პარლამენტის წევრები იმპერატიული მანდატით არიან აღჭურვილნი და სრულიად საქართველოს წარმოადგენენ. ჰოდა, აგონ პასუხი საქართველოს ხალხის წინაშე, რადგან პარლამენტი არის ქვეყანაში პოლიტიკის დამდგენი და ეს პოლიტიკა ადამიანებს ასე სამარცხვინოდ კლავს, ჭირისუფალს აბუჩად იგდებს, ემუქრება და აშინებს. მაშინ ზუსტადაც პარლამენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, თუ არ იმოქმედებს!
კომენტარები