2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, რომელთაგან ყველაზე მეტი აპლიკანტი წელს ისტორიის არჩევით გამოცდაზე გავა. ისტორია რეგისტრაციის დროს 22 200-მდე აბიტურიენტმა დააფიქსირა.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულა 60 იქნება, გამოცდის ხანგრძლივობა კი 2 საათით და 40 წუთით არის განსაზღვრული. რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოიცავს მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან XX საუკუნის ჩათვლით. საქართველოს ისტორია განხილულია არა დამოუკიდებლად, არამედ მსოფლიო ისტორიის კონტექსტში, მსოფლიო ისტორიაში მიმდინარე პროცესების ჭრილში. 2021 წელს ისტორიის საგამოცდო საკითხებს ცვლილებები არ შეხებია. ის კვლავ 8 სახის დავალებისგან შედგება, რომელთა შორის არის დახურული დავალება, მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგება, ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი, ვიზუალური წყაროს ანალიზი, რუკის ანალიზი, პრობლემის ანალიზი, მოვლენის შეფასება და წერილობითი ისტორიული წყაროს ანალიზი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები ისტორიის გამოცდების ტესტური დავალების შესრულებისას, ტექნიკურ და შინაარსობრივ შეცდომებს უშვებენ. ტექნიკური ხასიათის შეცდომაში იგულისხმება ძნელად გასარჩევი, ხარვეზებით შევსებული პასუხების ფურცელი, რომელშიც ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური და ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. რაც შეეხება შინაარსობრივი ხასიათის შეცდომებს, სხვადასხვა ხასიათის პრობლემა იკვეთება, მაგალითად: ტესტურ დავალებაში დასმულ შეკითხვაზე ზოგჯერ აბიტურიენტები სცემენ არა კონკრეტულ, არამედ ზოგად პასუხს, რომელიც სხვა ნებისმიერ კითხვას მიესადაგება. მსგავსი პასუხები არ გასწორდება და აბიტურიენტები კონკრეტულ კითხვებზე უნდა კონცენტრირდნენ.
კიდევ რა ტიპის შეცდომები იკვეთება ტესტის გასწორების დროს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება აბიტურიენტებმა ტესტზე მუშაობისას, აღნიშნულთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE ესაუბრა ისტორიის პედაგოგებს, რომელთაც მრავალწლიანი კავშირი აქვთ აბიტურიენტებთან.
ნიუტონის თავისუფალი სკოლის ისტორიის მასწავლებელმა და სასკოლო განათლების ტრენინგ ცენტრის ტრენერმა არჩილ თაბუკაშვილმა, საუბრის დროს გამოჰყო ის ძირითადი შეცდომები, რომელსაც აბიტურიენტები გამოცდის მსვლელობის დროს უშვებენ. არჩილ თაბუკაშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიის გამოცდაზე ყველაზე მნიშნელოვანი არის დეტალებზე ორიენტირებულობა და კითხვების სწორად გაგება.
„ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის არასწორად გაგებული კითხვა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტი ზედმიწევნით გაეცნოს შეკითხვას და გააანალიზოს რა არის საკვანძო კითხვა, რას გვეკითხებიან. ზოგჯერ აბიტურიეტის პასუხში ჩანს მხოლოდ ნაწილი, იმისა რაც გვკითხეს; ზოგჯერ კი უფრო მეტს წერენ ვიდრე მოეთხოვებათ. ეს ყველაფერი კი ხელს უშლის მაქსიმალური ქულის მიღებას. აუცილებელია დააკვირდნენ რამდენ ქულიანია შეკითხვა. თუ შეკითხვა არის 2 ან 3-ქულიანი, მას მოეთხოვება რამდენიმე კომპონენტის ჩამოწერა. რაც შეეხება რუკას, რუკაზე მუშაობის დროს, ყველაზე გავრცელებული შეცდომები დაკავშირებულია იმასთან, რომ დავალების დაწყებამდე მოსწავლეები დეტალურად არ ეცნობიან რუკის პირობით აღნიშვნებს; ილუსტრაციის ანალიზის დროს კი, ყველაზე გავრცელებული შეცდომა აბიტურიენტებისგან დაკავშირებულია ფრაგმენტებთან და დეტალებთან, რომლის გამორჩენაც პასუხის არასწორად ჩამოყალიბებას იწვევს“, – განაცხადა არჩილ თაბუკაშვილმა.
ისტორიის მასწავლებელი და ტრენერი მოსწავლეებს ურჩევს გვერდზე გადადონ ნერვიულობა და მაქსიმალურად იყვნენ კონცენტრირებული საგანზე, ტესტზე და შეკითხვებზე.
მსგავსი ტიპის შეცდომებზე გაამახვილეს ყურადღება ისტორიის ცენტრის „იცა“ პეგაგოგებმა გიორგი არქანიამ და გიგი გიოშვილმაც.
მათი რჩევაა, რომ აბიტურიენტებმა პირველ რიგში ისტორიული მოვლენების ანალიზზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ამბობენ, რომ ისტორიის გამოცდა არ ითვალისწინებს აბიტურიენტის გამოცდას თარიღების ცოდნაში, მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგების დავალებაშიც კი შესაძლებელია ზუსტი თარიღები არ ახსოვდეთ, მაგრამ ლოგიკურად უნდა დაადგინონ დასახელებულ მოვლენებს შორის ქრონოლოგიური ბმა. ისტორიის გამოცდა უმეტესწილად ლოგიკურ აზროვნებაზე, არგუმენტების ჩამოყალიბებაზე, ისტორიული წყაროს, რუკის, მოვლენებისა და პიროვნებათა მოღვაწეობის ანალიზზეა აგებული. აბიტურიენტებმა უნდა გამოამჟღავნონ კრიტიკული აზროვნება, რაც, რა თქმა უნდა, პროგრამული საკითხების ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
„პირველ რიგში ნერვიულობის ფაქტორს უნდა სძლიონ. დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ საგამოცდო ტესტში ყველაფერი სასკოლო პროგრამიდან შეხვდებათ, უნდა უპასუხონ იმ საკითხებს, რომელსაც მასწავლებელთან ერთად გადიოდნენ.
ვურჩევდით, რომ ერთ შეკითხვაზე და დავალებაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გაჩერდნენ, თუკი რამე ეეჭვებათ, ყველაზე მეტად სავარაუდო პასუხი უნდა ჩაინიშნონ და კითხვის ნიშანი დაუსვან, რათა ბოლოს კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ მას და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ“, – აღნიშნეს პედაგოგებმა და დაამატეს, რომ გამოცდაზე გასვლამდე სასურველია რამდენჯერმე ჩაატარონ გამოცდის მოდელირება, რათა ისწავლონ დროის სწორად გადანაწილება. პასუხების შევსების დროს არ აჩქარდნენ და აუცილებლად იმუშაონ ე.წ „შავ“ ფურცელზე.
აქვე დამატებით გთავაზობთ ხშირად აბიტურიენტების მიერ ისტორიის საგანთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს, რომელზე პასუხებიც შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა გამოაქვეყნა:
-მე-11 და მე-12 კლასების სახელმძღვანელოებით რომ მოვემზადოთ, საკმარისი იქნება?
-დიახ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამა არ სცდება მე-11 და მე-12 კლასების გრიფირებულ სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას.
-თუ მიენიჭება უპირატესობა იმ აბიტურიენტს, რომელიც სახელმძღვანელოების გარდა სხვა ისტორიულ წყაროებსაც იცნობს?
-მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი საკითხი არ სცილდება სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას, კარგი იქნება, თუ აბიტურიენტები გაეცნობიან კლასგარეშე ისტორიულ ლიტერატურას, ამით ისინი მეტად განივითარებენ არგუმენტირებული მსჯელობის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, ანალიზისა და შეფასების უნარებს, რაც ბუნებრივია მაღალი ქულის მიღებაში დაეხმარება მათ.
-კარიკატურა ან პლაკატი თუ შეგვხვდება 2021 წლის ტესტში და რომელ დავალებაში?
-კონკრეტულად კარიკატურა ან პლაკატი შესაძლოა არ იყოს ტესტში შეტანილი, თუმცა მე-20 დავალებაში აუცილებლად შეგხვდებათ რაიმე სახის ვიზუალური მასალის ანალიზი.
-ფაქტობრივი ცოდნის გარდა, კიდევ რას ამოწმებს ისტორიის ტესტი?
-ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის საგამოცდო პროგრამა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოიცავს მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან XX საუკუნის ჩათვლით. საქართველოს ისტორია განხილულია არა დამოუკიდებლად, არამედ მსოფლიო ისტორიის კონტექსტში, მსოფლიო ისტორიაში მიმდინარე პროცესების ჭრილში. ისტორიის ტესტი ამოწმებს როგორც ფაქტობრივ ცოდნას და მისი გამოყენების უნარს, არამედ ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, ისტორიულ პროცესებს შორის მიმართების დადგენა, პრობლემის გააზრება, ანალიზი და შეფასება.
კომენტარები