ამერიკელი ტელემსახიობი, კინოაკადემიის ჯილდოს, „ოსკარის“ სამგზის ლაურეატი, ლეგენდარული მერილ სტრიპი იუბილარია.
მსახიობს 72 წელი შეუსრულდა დღესდღეობით ძნელად წარმოსადგენია არსებობდეს კინომოყვარული, რომელიც პატივს არ სცემს მის უსაზღვრო ტალანტს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მანამდე, სანამ მერილი ცნობილი მსახიობი გახდებოდა, ის ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში მიმტანად მუშაობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლეგენდარული მსახიობის ნამდვილი სახელი მერი ლუიზა სტრიპია. მერილი კი მამის მიერ შერქმეული მეტსახელია. სტრიპს სახელი დედის და ბებიის, ასევე დედამისის საუკეთესო მეგობრის პატივსაცემად დაარქვეს.
შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ დაწყებით სკოლაში მერილი ბულინგის მსხვერპლი იყო. მას გარეგნობის გამო თანაკლასელები ხშირად დასცინოდნენ.
„შავი და უხეში თმა მქონდა, უსწორმასწორო კბილებისა და დიდი სათვალეების წყალობით ყოველთვის ვიქცევდი ყურადღებას“,- იხსენებს მსახიობი.
თუმცა, გამოსაშვებ საღამომდე სტრიპი ქერათმიან ლამაზმანად იქცა, მან სათვალეები ლინზებით ჩაანაცვლა და მეტიც, საღამოს დედაფალიც კი გახდა.
სხვა საინტერესო ფაქტები მერილ სტრიპზე:
- მერილ სტრიპი ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში ძირითად სამსახიობო ნომინაციებში ყველაზე ხშირად ნომინირებული მსახიობია.სტრიპის ანგარიშზეა 21 ნომინაცია და 3 „ოსკარი“. ხოლო „ოქროს გლობუსზე“ ის 30-ჯერ იყო ნომინირებული.
- მერილ სტრიპის სამი ქალიშვილიდან ორი, მიმი და გრეისი, საკმაოდ წარმატებული მსახიობები არიან. მიმი გამერი, შესაძლოა, გახსოვდეთ სერიალიდან „კარგი ცოლი“, ხოლო გრეისი „ამერიკული საშინელებათა ისტორიიდან“.
- აშშ-ში 27 მაისი მერილ სტრიპის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 27 მაისს ამერიკაში ლეგენდარული მერილ სტრიპის დღეს აღნიშნავენ. ეპიცენტრი კი, რა თქმა უნდა, ლოს-ანჯელესია, სადაც გამოფენები და კინოჩვენებები ეწყობა.
- 2014 წელს ბარაკ ობამამ მერილი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.
- კარიერის დასაწყისში, კინგ-კონგის კასტინგზე მისულს პროდიუსერმა მას მახინჯი ქალი უწოდა.
- 1965 წელს ის The Beatles-ის კონცერტს დაესწრო და ხელში პოსტერი წარწერით „მე მიყვარს პოლი“ ეჭირა.
- სტრიპის პირველი სიყვარული მსახიობი, ჯონ კაზალე მერილზე 13 წლით უფროსი იყო. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა სტრიპის სახელი არაფრისმთქმელი იყო. ურთიერთობის 2 წლის თავზე კაზალე სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მამაკაცს დიაგნოზი დაუსვეს, სტრიპმა შვებულება აიღო, რათა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფილიყო. როგორც ამბობენ, მერილ სტრიპი მასთან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა და ამ ამბის შემდეგ ხანგრძლივი დეპრესია ჰქონდა. როგორც სხვადასხვა გამოცემები წერდნენ, ამ ტრაგიკულმა ამბავმა მერილზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და მეტიც, ის ამ თემაზე არასდროს საუბრობს.
- მერილ სტრიპმა აღიარა, რომ „ეშმაკი ატარებს პრადას“ გადაღებისას თავს უბედურად გრძნობდა. როგორც მსახიობი ამბობს, ის ბოლომდე ცდილობდა როლში შესულიყო და ყინულის ბოსი ეთამაშა.
„ეს საშინელება იყო. დეპრესიაში ვიყავი. თუმცა, ალბათ ეს ის ფასია, რასაც ბოსად ყოფნის დროს იხდი“,- ამბობს მერილი.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები