საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, “ფორმულასთან” ამბობს:
”ჩემი შეფასებით და რწმენით, რომელიც ემყარება ცოდნას და პოლიტიკურ გამოცდილებას, ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ გახარიას მიერ პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება ივანიშვილის პროექტია.
ისინი შეიკვრებიან არა ღია პოლიტიკური ალიანსით, არამედ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ.
ივანიშვილი არამარტო ინარჩუნებს ძალაუფლებას, თუ არ მოხდა ამ რეალობის სწორი გაშიფვრა, ივანიშვილმა შესაძლებელია 2-3 ასეთი ჯგუფის შემთხვევაში, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი სტაბილურობა.
უნდა მოხდეს ოპოზიციის და ფსევდოოპოზიციის ლუსტრაცია – ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
როდესაც პოლიტიკოსი აკრიტიკებს არა ხელისუფლებას და მის პოლიტიკას, არამედ აკრიტიკებს ოპოზიციას – ეს პირველი ნიშანია ლუსტრაციისთვის – პოლიტიკური ლოგიკიდანაა ამოვარდნილი, როცა არ უპირისპირდება ხელისუფლებას, ესე იგი ოპოზიციური არ არის.
და მეორე, ეძებს მოწინააღმდეგეებს ოპოზიციის გუნდშივე, ეს არსობრივად, აბსურდული პოლიტიკაა. როდესაც ხარ ოპოზიციონერი და თავს ესხმი მეორე ოპოზიციონერს, შენ მისი ამომრჩველის ხმას მაინც ვერ წაიღებ, მარტო ზიანის მიყენებას ახერხებ მეორე ოპოზიციონერისთვის, მაგრამ როდესაც ოპოზიციაში ხარ და თავს ესხმი ხელისუფლებას, შენ პოტენციურად მისი ამომრჩევლის წამოყვანა შეგიძლია – აი, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მარტივად შეიძლება განვსაზღვროთ, რომელია ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც შედიან ოპოზიცია-ოპოზიციასთან დაპირისპირებაში და ავიწყდებათ, რომ მთავარი პოლიტიკური ბერკეტი ამ ეტაპზე, არალეგიტიმურად, ჩემი აზრით, უჭირავს “ოცნებას”.
ქართველ ამომჩეველს გამჭრიახი თვალი აქვს, ანალოგიური მცდელობა იყო მოქალაქეთა კავშირის დროსაც, ანალოგიური მცდელობა იყო ნაციონალური მოძრაობის დროსაც, მაგრამ კულუარულად გარიგებული ოპოზიცია, მაინც ვერ ახერხებდა ამომრჩევლის ხმების მიღებას.
რაც შეეხება გახარიას, ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკოსზე, რომელმაც თავის თავზე აიღო საქართველოს მოქალაქეების მიმართ რეპრესიების გატარება და არა მხოლოდ 20 ივნისის ღამეს, შემდგომად, როცა საქართველოში გაჩნდნენ პოლიტიკური პატიმრები… ასეთი მძიმე პროექტები არც შევარდნაძეს ჰქონდა და არც სააკაშვილს, როცა სთავაზობდა თავის ვარიანტს ოპოზიციას. ვერ ვიხსენებ პოლიტიკოსს, ვისაც საქართველოში რეპრესიები აპატიეს, ის რეპრესიები, 20 ივნისის ღამე და შემდგომი პერიოდი, ასეთი ბიოგრაფია არავის არ აპატიეს საქართველოში.
კომენტარები