ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის დაწვის გამო დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახი სახალხო დამცველს და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რომ ჩაერთონ ირაკლი ბებუას გათავისუფლების საქმეში. ამაზე დაკავებულის ბიძაშვილმა, თამუნა ბებუამ გადაცემა “კომენტარში” ისაუბრა.
“მოვუწოდებ სახალხო დამცველის აპარატს და დევნილთა სამინისტროს, რომელიც საერთოდ არ იფერთხავს ყურს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოკითხვის დონეზე მაინც მოიკითხონ ოჯახი და ჩააყენონ საქმის კურსში, ჩაერთონ მინიმალურ დონეზე მაინც საქმეში, რომ რაღაც წინსვლა გვქონდეს.
ოჯახის მოთხოვნა არის უცვლელი. ირაკლი უნდა გათავისუფლდეს უახლოეს მომავალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ირაკლი დიდხანს დაყოვნდეს საპატიმროში. ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს სახელმწიფო უწყებებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
მისი ცხრა თვიანი პატიმრობიდან გამომდინარე, დამძიმდა მისი მდგომარეობა. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას აწუხებს თავის და კუჭის ძლიერი ტკივილები. სახელწიფო უწყებები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ექიმმა გუშინ ინახულა, თუმცა ექიმის მხრიდან რა დასკვნა დაიდო, ჯერჯერობით ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის”
საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს.
მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
კომენტარები