ქუთაისში 21 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები კლინიკა ბომონდის ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ, მათ დასჯას ითხოვენ და ამბობენ, რომ მას თანმდევი დაავადებები არ ჰქონია. შემთხვევა 20 ივნისს მოხდა.
“ტვ პირველთან” გარდაცვლილის მეუღლე ამბობს:
“თავისი ფეხით ჩამოვიდა მანქანიდან და შიგნით შევიდა. სრულიად ჯანმრთელი იყო, ერთხელ ჰქონდა ხერხემალზე ოპერაცია გაკეთებული, ისიც რა შუაშია? ვინც იქ იყო, ჩემი აზრით, ყველას ბრალია. დიაგნოზიც ვერ დასვეს, რით გარდაიცვალა, ვერ გვეუბნებიან. დაწერეს, თანმხლები დაავადებებით გარდაიცვალაო, ვერ ამბობენ, რით გარდაიცვალა”. – ამბობს ის.
კლინიკა “ბომონდი” სოციალურ ქსელში, ინფორმაციას ავრცელებს:
“კლინიკა ბომონდი კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. გვესმის, რომ საქმეზე არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და სოციალურ სივრცეში ამავე საზოგადოების მხრიდან მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. „კლინიკა ბომონდი“ არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე სამედიცინო დაწესებულება. კლინიკა პატივს სცემს თითოეული მისი პაციენტის ინტერესებს, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას და სწორედ აღნიშნული მიზეზით, მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, თავს იკავებს საქმესთან დაკავშირებით დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებისგან. ამავდროულად, გვსურს მოვუწოდოთ საზოგადოებას, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და გამოძიების შედეგებს”
თუმცა, “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, კლინიკა “ბომონდი” 21 ივნისს ღიად ამბობდა, რომ 21 წლის მშობიარე თანმხლები დაავადებების გამო გარდაიცვალა:
“გვსურს გამოვეხმაროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “კლინიკა ბომონდში” შემოყვანილი 21 წლის გოგონა მშობიარობას გადაყვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა.”
“ალიას” შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარები