ლევან ჯავახიშვილი, ალია
ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს. ზაზა ხატიაშვილი მერობის კანდიდატად ოთხმა პარტიამ დაასახელა: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ (გოჩა ჯოჯუა), „ქართული არჩევანი“ (ბეჟან გუნავა), „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ (მამუკა ტუსკაძე) და „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა). რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, თბილისის მერობისთვის ბრძოლა? „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს ზაზა ხატიაშვილი უპასუხებს.
– ჩემი სიცოცხლის ნახევარი სამართლიანობისთვის ბრძოლას შევალიე – სამართლიან სასამართლოს, ადამიანის უფლებების დაცვას, ადამიანების ღირსების დაცვას. ამ წლებში ვერ ვნახე ადამიანი, რომელიც ხალხზე იზრუნებდა, ხალხს დაეხმარებოდა და განცხადების დონეზე არ შემოიფარგლებოდა იმის თქმით, რომ იცი, რა? მე მინდა სამართლიანი მართლმსაჯულება, მინდა სამართლიანი სახელმწიფო, არაკორუფციული სახელმწიფო ინსტიტუტები. მარტო ლაპარაკობენ ამდენი ხანია. ადვოკატთა ასოციაციიდან როდესაც წამოვედი, მირეკავდნენ ადვოკატები, ზაზა გვიშველე, ამოიღე ხმა, ესა და ეს უბედურება ხდება და ყველა ჩუმად არისო. სულ იმის ფიქრში ვიყავი, რა შემეძლო ამ ადამიანებისთვის გამეკეთებინა, რით დავხმარებოდი ჩვენს მრავალმხრივ გაჭირვებულ საზოგადოებას. ჰოდა, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ თბილისის მერობის პოსტზე ვიყარო კენჭი და თბილისელების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო. ადვოკატთა ასოციაცია ჩავიბარე დაქცეული და გაუბედურებული და ევროპაში პირველ ადგილზე გავიყვანე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტს რომ ვტოვებდი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ დამაჯილდოვა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, ასეთი ასოციაცია ევროპაში არ არისო. კი არ ვტრაბახობ, კითხე ნებისმიერ ადვოკატს, გაიხსენეთ, რა დღეში იყო ასოციაცია და დღეს როგორი ავტორიტეტი აქვს. ვერ ვნახე ჩემნაირი თანამდებობის პირი, რომელიც ხალხზე იზრუნებდა, რომელიც ყველა ადამიანს დაეხმარებოდა და რაც მთავარია, ფულს არ მოიპარავდა. ადვოკატთა ასოციაციიდან რომ წამოვედი, აღმოჩნდა, რომ 8 წელიწადში 7 000 ლარი იყო ბენზინის ხარჯი, მეტი არა. თავმჯდომარედ რომ მივედი, გავყიდე ასოციაციის კუთვნილი მანქანები, არც მე მემსახურებოდა მანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ჩემი პირადი მანქანით დავდიოდი სამსახურში და ბენზინსაც ჩემი ფულით ვასხამდი. ეს 7 000 ლარიც, რაიონებში რომ მიწევდა წასვლა, იმ ბენზინის ხარჯია. მისვლისთანავე განვაცხადე, რომ თანამშრომლებზე პრემია არ გაიცემოდა და სისრულეშიც მოვიყვანე. ნებისმიერი კონკურსი, რაც ასოციაციაში ჩემი თავმჯდომარეობისას ჩატარებულა, იყო გამჭვირვალე, ღია, ვინმეს ახლობლობით და ნათესაობით არავის არ მოუგია არც ერთი კონკურსი. ერთი თეთრი მოპარულა კი არა, არ გახარჯულა არამიზნობრივად ადვოკატთა ასოციაციაში. თუ თბილისელი ამომრჩეველი ინებებს და ამირჩევს თბილისის მერად, ამ ხალხს ვაჩვენებ, როგორი უნდა იყოს მერი, როგორ უნდა ზრუნავდეს მათზე, დღე და ღამ როგორ უნდა აგვარებდეს მათ პრობლემებს, როგორც პირადს, ისე ქალაქისას. მერი უნდა ზრუნავდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, მერიაში ნეპოტიზმისა და კორუფციის აღმოფხვრაზე, კომპეტენტური და პატიოსანი კადრების მოზიდვაზე… რა ვიცი, უამრავი რამ არის გასაკეთებელი, არჩევნებამდე საკმაო დროა და კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედები თბილისისა და თბილისელების პრობლემებში. ნეპოტიზმი ავიღოთ. თბილისის მერია, გამგეობები და მათ დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურები, გადავსებულია „ქართული ოცნების“ მომხრეებითა და ამ ხელისუფლების გავლენიანი ჩინოვნიკების ოჯახის წევრებით, ნათესავებით, მეგობრებით… არის შემთხვევები, ხალხი სამსახურში არ დადის და ხელფასს იღებენ, თან საკმაოდ სოლიდურს, ამ დროს სოციალურად გაჭირვებული ადამიანი მიდის მერიაში, გამგეობებში ერთჯერადი დახმარების სათხოვნელად და 150 და 200 ლარიან დახმარებაზე უარს ეუბნებიან. უამრავია ასეთი შემთხვევა. მერი რომ გავხდე, ყველა კონკურსი იქნება გამჭვირვალე, რომელიმე ტელევიზიაში მერია იყიდის სარეკლამო დროს და პირდაპირ ეთერში ჩატარდება ეს კონკურსები, გასაუბრებები და საზოგადოება შეაფასებს ყველაფერს. შემთხვევითი და ვიღაცების ახლობლები, მერიის სტრუქტურებში ვერ მოხვდებიან. ასე იქნება, ვიმეორებ, ყველა კონკურსზე, უფროსი სპეციალისტის ვაკანსია იქნება თუ მსხვილი სამსახურის მენეჯერისა. კორუფცია კიდევ ცალკე პრობლემაა. როგორც ადვოკატთა ასოციაციაში დავზოგე ფული, ეგრე დავზოგავ მერიის ბიუჯეტსაც. მინიმალური ხარჯებით უნდა მიაღწიო მაქსიმალურ შედეგს. ეს იყო ჩემი პრინციპი ადვოკატთა ასოციაციაში და ამ პრინციპით ვიმუშავებ თბილისის მერად, ამ პრინციპით იმუშავებს მერიის ყველა თანამშრომელი, რომელთაც ბიუჯეტის ხარჯვასთან ექნებათ საქმე. ან ამ ყბადაღებულ ტენდერებს რით ვერ მიხედეს მერიაში? ხედავენ, უზარმაზარი ფული მიდის თბილისის ბიუჯეტიდან მავანთა ჯიბეებში და მდიდრდებიან ვიღაცები. ამის აღმოფხვრაც ძალიან იოლია. არ უნდა ჩაუჯდე წილში არც ერთ ბიზნესმენს, არ უნდა აიღო მათგან „ატკატი“ და მორჩება ამით ეს კორუფცია. ცხადია, თანამშრომლები და ტენდერებიც უნდა გააკონტროლო. ამასაც გავაკეთებ, რომ ვინმეს არ წაუცდეს ფული და არ მოიპაროს ბიუჯეტიდან. მერს ყველა ტენდერში ჩახედვის უფლება აქვს. თუმცა, თუ პატიოსანი ხალხი მოვიზიდე მერიის სტრუქტურებში და ასეც იქნება, ეს პრობლემა მალევე მოგვარდება. აბა, დღეს რაც ხდება, ის არის საქმე? მოაგებინებენ ტენდერს თავიანთ ახლობლის ფირმას, მისცემენ უზარმაზარ ფულს, დააგებინებენ ასფალტს და გაიხედავ, 2–3 წელიწადში ის ასფალტი აყრილია. უხარისხო მასალით არის გაკეთებული და იმიტომ აიყარა. მერე, ხელახლა აცხადებენ ტენდერს და იმავე გზაზე, ასფალტს ისევ იმ ფირმას აგებინებენ, რომლის დაგებულიც უვარგისი იყო და აიყარა. ამ ასფალტის დაგებაში ძალიან დიდ ფულს შოულობენ და ეს პირადად კახი კალაძის ბიზნესია. ამას წინათ, ტელევიზორში ვუყურებდი, გიგი უგულავა იჯდა და იძახდა, მე 50 მილიონისთვის დამიჭირეს და კახი კალაძეს 1 მილიარდ 400 მილიონი აქვს მოპარული და ხმას არ სცემენო. კაცო, იმ უგულავას ხომ აგებინე პასუხი, ორჯერ იჯდა ციხეში და ერთხელ მაგ 50 მილიონის გამო, ადექი და ამ კახი კალაძის საქმეებიც გამოიძიე. ამის ნაცვლად, ადგება კალაძე, კიდევ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას თბილისის მერობაზე და ხალხს მხარდაჭერას მოსთხოვს. იმ ხალხს, ვისი მილიონებითაც უკანონოდ გამდიდრდნენ მერიის მაღალჩინოსნები. იმხელა ფული იშოვნეს, მაგათ ათ თაობას ხელი აღარ ექნებათ გასანძრევი, ეყოფათ. მერი თუ გავხდი, ყველა ყოფილ მერს, უკან მოვატანინებ, რაც ფული მოიპარეს. ყველა ტენდერს, რომლებშიც დანაშაულის ნიშნები იკვეთება, გადავცემ გამოძიებას და ვისაც დაუმტკიცდება დანაშული,ჩაწყობით, და მამაძაღლობით ტენდერების მოგება, ყველა ის ბიზნესმენი უკან დააბრუნებს ბიუჯეტში ფულს. ვინც მათ ეხმარებოდა და „ატკატს“ იღებდა, ის ჩინოვნიკებიც დააბრუნებენ ფულს, იმ „ატკატს“. გამოძიება ბევრს ამას არ აკმარებს და ამ ხალხს სხვაგვარადაც მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. თითოეულ მოპარულ თეთრს დავუბრუნებ თბილისელებს.
ახლა ერთს ვიტყვი. შენ რომ დამირეკე, ძალიან გამიხარდა, შენ ყოველთვის იყავი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით. ერთი კვირაა, რაც განვაცხადე, რომ თბილისის მერობის კანდიდატად უნდა წარვადგინო თავი-მეთქი და არავინ შემხმიანებია. ცოდვას ვერ ვიტყვი, „ალიას“ ყოფილი ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი სააგენტოში უშვებს ჩემზე ნიუსებს. ეს იმიტომ ხდება, რომ მარტო ორი პოლიტიკური ძალა და მათი მათი კანდიდატები უნდა იყვნენ ტელევიზიებში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობისა“ და მათი სატელიტი პარტიებისა, სხვებს ახლოს არ იკარებენ. მე ახლა ბიძინა ივანიშვილს რომ გავურიგდე, „ქართული ოცნების“ სატელიტი ვიქნები-მეთქი, ტელეკომპანია „იმედზე“ დღეში სამჯერ მიმიწვევენ.
– წლებია გიცნობთ, თქვენს კეთილ ზრახვებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ძლევამოსილ მაფიასთან მოგიწევთ დაპირისპირება. ეს ხალხი, რომლებიც თბილისის ბიუჯეტს წლებია წურბელებივით არიან მისეულნი, ასე ერთბაშად არ დანებდებიან. მაგათ იოლად ვერ მოერევით. რისი იმედი გაქვთ?
– არ ვფიქრობ, რომ იოლად მოვერევი. ნებისმიერი, სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლისთვის მზად ვარ. ბევრი მიბრძოლია და მათ შორის, ძალიან გავლენიან ადამიანებთან, მაფიოზები რომ უწოდე, მაგნაირებთან, მაგრამ უკან არასდროს დამიხევია და არც გარიგებაში შევსულვარ მათთან. ადვოკატთა ასოციაციას მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა, მაგრამ რაც არ მეკუთვნოდა, ერთი თეთრით ზედმეტის აღებას გულში როგორ გავივლებდი? მილიონია ლარზე მეტი გრანტები ტრიალებდა ასოციაციაში და მიზნობრივად იხარჯებოდა ყველა თეთრი. მოვერევი ყველას, ვინც კორუფციაშია გარეული. ყველა ასეთი ჩინოვნიკი, მინიმუმ, სამსახურს დატოვებს. მოვიყვან წესიერ ხალხს, ვინც არც თავად მოიპარავს, არც ტენდერებში თუ სხვა მაქინაციებში არ გაურიგდებიან ბიზნესს და ეს კორუფციული სქემა ჩამოიშლება. დღეს უნდა იყო მონა და კორუმპირებული, რომ ყურებიდან ჰყავდე დაჭერილი ხელისუფლებას და პროტესტიც არ ვერ წამოგცდება ხელისუფლებაზე, რადგან თუ წამოგცდა, მეორე დღესვე შენი კორუმპირებულობის დამადასტურებელ ფაქტებს საგამოძიებო ორგანოებს გადასცემენ. მონობა და კორუმპირებულება, დღეს ეს არის კადრების შერჩევის კრიტერიუმი. მერი თუ გავხდი, ყველას ჩამოვყრი თანამდებობიდან. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი, რაც მთავარი პროკურორის საპირწონე თანამდებობაა სამოქალაქო საზოგადოებაში და არ მყავდა პერსონალური სამსახურებრივი მანქანა და არც მერობის დროს მეყოლება. ვივლი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, საკუთარი მანქანით და ძალზე იშვიათად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიყენებ მერიის მომსახურე მანქანებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად ვივლი, რათა ხალხს შევხვდე და უშუალოდ მათგან გავიგო უშუალოდ მათი, მათი უბნებისა და დასახლებებისა თუ მთლიანად ქალაქის პრობლემები. არც მერის მოადგილეებს და არავის ეყოლება პერსონალური ავტომობილი. იქნება მერიაში მომსახურე მანქანები. ვისაც სასწრაფოდ დასჭირდება, დარეკავს გარაჟში, მოვა მანქანა მძღოლითურთ და წაიყვანს და მოიყვანს. ვიღაცას დასჭირდება მანქანა, ვთქვათ, რაიონში მივლინებისთვის, ის განცხადებას დაწერს და მანქანა მოვა და მოემსახურება. ისე არ იქნება, ამოდებული რომ ჰყავთ მანქანები, პირად საქმეებზეც მაგით დადიან და შვილები სკოლებში და უნივერსიტეტებში დაჰყავთ, ოჯახების მოურავები და მეურნეები კიდევ მარკეტებში და ათას ადგილას დაჰყავთ. რასაც თბილისის მერია ბენზინს ხარჯავს, იმის მეათედს არ ხარჯავენ ლონდონის, პარიზის, ბერლინის მერიები. სირცხვილია, რა, მართლა და მართლა! მერიას ეყოლება მხოლოდ ელექტრომობილები და ეს უდიდესი შეღავათი იქნება ქალაქის ეკოლოგიისთვის, არსებულ მანქანებს გავყიდი და სხვა საქმეს მოვახმარ. იმ მილიონ ხეს, დავით ნარმანიას რომ უნდა დაერგო, მე მართლა დავრგავ და თავად თბილისელები მიხედავენ ამ ხეებს, ვიდრე გაიზრდებიან. მოხალისეები, ქალაქისა და ბუნების მოყვარული ხალხი მიხედავს, კორპუსებში ხალხი თავად აირჩევს ჯგუფებს, რომლებიც მიხედავენ ამ ხეებს. ახლა დარგავენ, ტელევიზიებით გააპიარებენ, გაიხედავ ორ–სამ თვეში და იმ ნარგავების ნახევარი გამხმარია, ან გადატეხილია, ან ტოტები აქვს დამტვრეული ვანდალების მიერ. ამ ვანდალებსაც მიხედავენ თბილისელები. საბედნიეროდ, თბილისზე შეყვარებული და ამაგდარი ხალხი უფრო მეტია ამ დალოცვილ ქალაქში, ვიდრე ისინი, ვინც ცდილობენ, რაიმე დაუშავონ თბილისს.
ლევან, ნებისმიერ ადვოკატს ჰკითხე, მათ როდესაც უჭირდათ, მე სად ვიყავი? მათ ოჯახებში ვიყავი, მათ მშობლებთან და შვილებთან ვიყავი. ვისაც სად უჭირდა, იქ ვიყავი. კაბინეტი მქონდა ასოციაციაში და იქ არ ვჯდებოდი, უხერხულობის განცდა მქონდა რაღაცნაირი. ბრიუსელში ჩავდიოდი და შიმშილობას ვაცხადებდი, ამით ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოსთვის ვიბრძოდი. გეტყვი, კიდევ რატომ გადავწყვიტე ჩემი კანდიდატურის დაყენება. დღეს პოლიტიკოსი არ არის, ვისაც ხალხი ხმას მისცემს შემოდგომაზე. ყველა ის პოლიტიკოსი, რომლებიც ლამის დედას იგინებოდნენ, პარლამენტში არ შევალთო, გაიქცნენ და შეცვივდნენ პარლამენტში. ჩემი პირადი აზრია და არავის ვლანძღავ, ამით ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაცია მოახდინეს. აქედან გამომდინარე, როდესაც მეუბნებიან, ფული შენ არ გაქვს, გავლენიანი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა არ გაქვს და რატომ უნდა იყარო კენჭი, რისი იმედი გაქვსო, ამ ხალხს ვპასუხობ, რომ მე არავისთან ბრძოლა არ მჭირდება. ადამიანები, რომლებიც თვეები იძახდნენ, არჩევნები გაყალბდა და არ შევალთ პარლამენტშიო, ამ მართლა გაყალბებულ პარლამენტში შევიდნენ. არადა, თვითონ აქვეყნებდნენ გაყალბების ფაქტებს, ცსკო–ში თუ საუბნო და საოლქო კომისიებში ხელახლა გადაწერილ ოქმებს. ივანიშვილმა უნამუსოდ გააყალბა არჩევნები. მომავალი ადგილობრივი არჩევნებიც გაყალბდება და ვინც მეორე ადგილზე გავა, ის გაურიგდება „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, ახლა ჩართავენ საქმეში ტელევიზიებს, ვფიქრობ, ამიგორებენ შავ პიარს, რომ მე არ გავიდე მეორე ადგილზე, რადგან ივანიშვილს არ გავურიგდები, არ მივცემ საშუალებას, დაიწეროს იმდენი ხმა, რამდენიც უნდა. მე არ გავჩუმდები ბოლომდე, ესენი ბოლოს გაჩუმდნენ. მე ჩემს ყველა ხმას დავიცავ. რომან გოცირიძემ თქვა, „ნაცმოძრაობის მიზანია, მთავარი ოპოზიციური ძალა იყოსო“ და აღწევენ დღემდე ამ მიზანს. ჩემი მიზანი ეგ არ არის, ჩემი მიზანია, თბილისის მერი გავხდე და ხალხს ღიმილი დავუბრუნო სახეზე. დამიკეტავენ ტელევიზიებს? რა ვქნა ახლა, მე ფული არ მაქვს, არ მომიპარავს ის ფული, არც ბიზნესმენი ვარ და არც მსხვილი დამფინანსებლები მყავს. ბილბორდებს ვერ დავკიდებ და ტელევიზიებში სარეკლამო დროს ვერ ვიყიდი. ბეჭდური და სოციალური მედიის იმედი მაქვს, დამიდგებიან გვერდში. ჩემი 2 ბილბორდი იქნება თბილისში და იმათაც ადვოკატები, საადვოკატო კომპანიები მიკეთებენ. შევხვდები ხალხს, მოვუსმენ, ისინი ჩემსას მოისმენენ და ეს იქნება ჩემი საარჩევნო კამპანია. თბილისელებმა კარგად იციან, ვინ არის ზაზა ხატიაშვილი და როგორ უცხოვრია.
– არაერთი ტელევიზიისა და ჟურნალისტის გვერდით დამდგახართ, როდესაც მათ უჭირდათ. ზოგ ტელევიზიას დახურვის საფრთხე ემუქრებოდა, ზოგ ჟურნალისტს გადაცემებს უხურავდნენ. მათ ყველა საპროტესტო აქციებზე დადიოდით, სოლიდარობას უცხადებდით, სიტყვით გამოდიოდით მიტინგებსა და ტელევიზიებში, მაგრამ მათგან არც ერთს არ გახსენებიხართ. ერთი ნიუსიც კი არ გაუშვია რომელიმე ტელევიზიას, რომ მერობის კანდიდატობას აპირებთ. იმაზე არაფერს ვამბობ, არც ერთმა ტელევიზიამ არ დაგიძახათ და ეთერი არ დაგითმოთ. რატომ მოიქცნენ ასე უმადურად?
– არ ვიცი… მე მორწმუნე ადამიანი ვარ და უფალი გეუბნება, არავისზე გული არ მოგივიდესო. ის ადამიანები თვითონ მოვლენ ჭკუაზე. იცი, რა არის? დღეს, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩემი საპირწონე კანდიდატი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ეყოლება. სააკაშვილისა და ივანიშვილის რეჟიმებთან არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავსულვარ. პირიქით, ორივეს ვებრძოდი. ორივე რეჟიმს მოვუგე სტრასბურგის სასამართლოში საქმეები, მართლმსაჯულების არასწორი რეფორმის საკითხებში ორივეს ვეწინააღმდეგებოდი და არა მარტო ჩემი, ხალხის პროტესტი ამ საკითხის მიმართ, ევროპაში გამქონდა. სააკაშვილის პერსონა ნონ-გრატად ცნობა მოვითხოვე. ყოველთვის ადამიანის უფლებების გვერდით ვიყავი, ვიცავდი. ჟურნალისტების უფლებებს იმიტომ კი არ ვიცავდი, რომ მერობის კანდიდატი რომ გავხდებოდი და მერე მათ მივეწვიე ტელევიზიებში, იმიტომ ვიცავდი, რომ არ შეიძლება ჟურნალისტთა კორპუსს ქვეყანაში საქმიანობისა ეშინოდეს და რეპრესიების ქვეშ იყოს. იციან, მე მოვდივარ იმიტომ, რომ თბილისს ვაჩვენო, როგორი უნდა იყოს პატიოსანი მერი. მე თუ თბილისს იმის 20% გავუკეთე, რაც ადვოკატთა ასოციაციაში შევძელი, თბილისი შევა ევროპის საუკეთესო დედაქალაქების ათეულში. ამიტომ, დღეს ივანიშვილის რეჟიმი და მასთან შეხმატკბილებული ოპოზიცია, ყველანაირად შემებრძოლება. არადა, მართლა მიკვირს, რატომ არ მაშუქენებ ტელევიზიები, ძალიან მიკვირს. არადა, ეს ხალხი ყოველდღე მიწვევდა ეთერში. ეტყობა, ვიღაცებმა უთხრეს, აღარ მოიწვიოთო და აღარ მიწვევენ. თუ ასე არ არის, მაშინ დამიძახონ. არავის ლანძღვას არ ვაპირებ. მათ სინდისზე იყოს ჩემი ასეთი იგნორირება.
კომენტარები