ლევან ჯავახიშვილი, ალია
ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს. ზაზა ხატიაშვილი მერობის კანდიდატად ოთხმა პარტიამ დაასახელა: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ (გოჩა ჯოჯუა), „ქართული არჩევანი“ (ბეჟან გუნავა), „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ (მამუკა ტუსკაძე) და „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა). რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, თბილისის მერობისთვის ბრძოლა? „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს ზაზა ხატიაშვილი უპასუხებს.
– ბატონო ზაზა, ყველა მეტ–ნაკლებად ძლიერ პოლიტიკურ ძალას თავისი ელექტორატი ჰყავს და ვინც არ უნდა დააყენონ მერობის კანდიდატად, წინასწარ იციან, დაახლოებით რამდენ ხმას აიღებს მათი კანდიდატი, თუნდაც მხოლოდ პარტიის ხარჯზე. თქვენ დაგიპირისპირდებიან, რაც ნაღდი ვიცი, „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ საკუთარი სატელიტებით და შესაძლოა, მათ კიდევ სხვა პარტიები ჩაიბან, გიორგი გახარიას და გიორგი ვაშაძის პარტიები. მაგათ ძველი ამომრჩეველი ჰყავთ, ერთგვარად დარეზერვებული მინიმუმი, გახარიას გარდა. თუმცა, გახარიას „ქართული ოცნების“ ბევრი მომხრე მისცემს ხმას. ამ ფონზე, რა შანსი გაქვთ წარმატებისა და ამომრჩევლის რომელი კატეგორიის იმედად ხართ?
– ოპოზიციური სპექტრი შევიდა იმ პარლამენტში, რომლის არჩევნებიც ივანიშვილმა გააყალბა და რასაც თვეები იძახდნენ და დღესაც ამბობენ უკვე გადეპუტატებული ოპოზიციონერები. ვიმეორებ, ეს იყო ივანიშვილის პარლამენტის ლეგიტიმაცია. ის ხალხი, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და მოითხოვდა, არ შესულიყვნენ პარლამენტში, მოტყუებული დარჩა. ამ ხალხის ხმების დიდი ნაწილი ხმას მე მომცემს. მინიმუმ, 20%–ს. მე მაგ ოპოზიციის ადგილას რომ ვიყო, საერთოდ არ დავაყენებდი არჩევნებზე მერობის კანდიდატს, რადგან ხალხი მოატყუეს. გახსოვს, ადრე ინტერვიუში გითხარი, ეგენი თუ პარლამენტში არ შევლენ, ივანიშვილს საშობაო გოჭივით შეწვავენ–მეთქი. პარლამენტში მათი არ შესვლით, ივანიშვილის რეჟიმის დასასრული უნდა დაწყებულიყო, ახალ საპარლამენტო არჩევნებსაც ჩაატარებინებდნენ, რომელსაც ვერ მოიგებდნენ და მერე პასუხსაც მოსთხოვდნენ ყველაფერზე, რაც ჩაუდენია. ამათ კი, ამ ყველაფერზე უარი თქვეს, რეჟიმს სული შთაბერეს და არსებობის ვადა გაუხანგრძლივეს. რომელი ნორმალური ოპოზიცია გააკეთებდა ამას? არც ერთი. ასევე, ხმას მომცემს ის ხალხი, ვინც არ დადის არჩევნებზე, არც ერთ პარტიას არ აძლევს ხმას და ბოლო არჩევნებზე მათი რაოდენობა 50%–ზე მეტი იყო. „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას არ მომცემს, ეს ვიცი. ეროვნული და სუფთა წარსულის მქონე კანდიდატი მე ვარ და ეს ხალხი, ზემოთ ვინც გითხარი, სწორედ ასეთ კანდიდატს ელოდება. თავს კი არ ვიქებ, მაგრამ სუფთად ვიცხოვრე და ვისაც სუფთა ადამიანი უნდა თბილისის მერად, ის ხალხი მომცემს ხმას. მე ვიქნები ძალიან კონკურენტუნარიანი კანდიდატურა, ტელევიზიებმა საერთოდ რომ არ მახსენონ და ისიც რომ არ თქვან, ზაზა ხატიაშვილი თბილისის მერად იყრის კენჭსო. ივანიშვილს ჩემი რატომ ეშინია? ანდა კალაძეს? ფულის კეთება და მაფიოზობა სისხლში აქვთ და მე ფულის უკანონოდ შოვნა არც დამსიზმრებია. გავხდები თბილისის მერი და დავასრულებ მერიაში ამ კორუფციულ და ნეპოტისტურ მმართველობას თბილისში. ერთიც უნდა ვთქვა აუცილებლად. მე მოვდივარ ანტინარკოტიკული პროგრამით. თბილისში იმდენი დაბოლოლი ახალგაზრდა დადის, გული გაგისკდება. ეს ხდება ხელისუფლების დანაშაულებრივი უყურადღებობისა და დაუდევრობის გამო, ხელისუფლების სიბინძურის გამო. ეს უნდა დასრულდეს. ამას სასწრაფოდ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რომ ვიყავი, ამისთვის ვომობდი, მაგრამ სახელისუფლებო მაფიოზური წრე ვერ გავარღვიე. ან როგორ უნდა გამერღვია? თავად ბიძინა ივანიშვილი აპირებდა საქართველოში მარიხუანას პლანტაციების გაშენებას, პარლამენტი მისთვის საგანგებო კანონის მიღებას აპირებდა, ამის უფლება რომ ჰქონოდა. კონკრეტული დეპუტატები კი იძახდნენ, კი, მარიხუანას კულტივაცია უნდა მოხდეს საქართველოში, ეს ბიუჯეტში დიდ ფულს შემოიტანსო. კიდევ კარგი, ეკლესია აქტიურად გამოვიდა ამის წინააღმდეგ, თორემ ივანიშვილი თავისას გაიტანდა. თბილისის მერია დაბეჭდავს წიგნებს, სადაც დეტალურად იქნება მოთხრობილი ნარკოტიკის მოხმარების საშინელი შედეგების შესახებ და სკოლებში ისწავლიან ამას მოსწავლები, როგორ ფიზიკას და მათემატიკას და გამოცდასაც ჩააბარებენ. ამას ჩემს მეტი არავინ გააკეთებს. კაზინოებს გავიტან თბილისიდან ქალაქგარეთ. ადრე იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა. პარიზში ერთი კაზინო არ არის, აკრძალულია, ესენი ადგნენ და საპატრიარქოს გვერდზე გახსნეს კაზინო. კიდევ მაქვს ერთი იდეა და ამასაც საქმედ ვაქცევ. სადაც არ შეიძლება, იქ მაღალსართულიანი კორპუსების აშენება აიკრძალება. იმ სამშენებლო კომპანიებს კი, ვინც სამშენებლო ბიზნესით არიან დაკავებული, მშენებლობის ნებართვა მხოლოდ მაშინ მიეცემათ, თუ თბილისში 1000 ხის დარგვის ვალდებულებას აიღებენ. ეს პირობა ჩაიდება ნებართვაში და თუ ხეებს არ დარგავენ, ნებართვა შეუჩერდებათ. ჰო, პრემია–დანამატების სისტემა აღარ იქნება თბილისის მერიაში. კაცო, ვიღაცას შეიძლება ეკუთვნის ის პრემია, ბევრი იმუშავა, რაც არ ეკუთვნოდა, იმაზე მეტი იმუშავა, მაგრამ ჩვენ ვართ გაჭირვებული ქვეყანა, ბავშვები შიმშილობენ და რა დროს პრემია–დანამატია? უფასო სასადილოების ნაცვლად, სადაც მართლა მათხოვრული მენიუებია, რესტორნებში შეიტანს მერია პროდუქტს და სოციალურად დაუცველები, ვისაც ეკუთვნის, რესტორნებში შევლენ და იქ შეჭამენ. საკანონმდებლო აქტები გამოვა და რესტორნებს დაევალებათ, დავუშვათ, 12–დან 4 საათამდე ამ ხალხს გაუმასპინძლდნენ და საუკეთესი საჭმელ–სასმელი მიართვან. ვიმეორებ, მერია შეიტანს პროდუქტს და რესტორნებში დამზადდება საჭმელი, რაც მკაცრად გაკონტროლდება. რესტორნების მეპატრონეები მილიონებს შოულობენ ეს სოციალური პასუხისმგებლობა რომ აიღონ თავიანთ თავზე, არაფერი დააკლდებათ. არ ერთი მშიერი ადამიანი არ იქნება თბილისში. არც ერთ ადამიანს არ უნდა ეძინოს ქუჩაში, მიწისქვეშა გადასასვლელში… ამისთვის დიდი თავშესაფარი აშენდება და ეცოდინებათ უსახლკარო ადამიანებს, რომ იქ მივლენ და დაიძინებენ. ერთი თუ არ ეყოფა, რამდენიც საჭიროა, იმდენი ასეთი თავშესაფარი აშენდება.
კომენტარები