ახალგაზრდა, წარმატებულმა ექიმ–პროქტოლოგმა გიორგი მერაბიშვილმა, კარგი განათლებითა და მრავალწლიანი, პრაქტიკული გამოცდილებით შეძლო თავის დამკვიდრება ქართულ სამედიცინო სივრცეში, ერთდროულად რამდენიმე კლინიკასთან თანამშრომლობს და ფიქრობს, რომ მისი პროფესია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე დგას, ამიტომ თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე ყველა პროცესს დროულად ეცნობა და დღემდე ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე.
გიორგი მერაბიშვილი: ჩემი მიმართულება საჭმლის მომნელებელი სისტემის ქირურგია, ენდოსკოპია და კოროლექტური ქირურგიაა, რაც დღეს ძალიან აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, რადგან საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებმა თავი იჩინა როგორც COVID 19-ის ეთ-ერთმა გამოვლინებამ და ხშირად იწვევდა უკვე არსებული დაავადების გამწვავებას.
– რა დაავადებებით მოდიან თქვენამდე პაციენტები?
– ესენია – ჰემოროიდული დაავადება, ქრონიკული და მწვავე ანალური ნაპრალი, სწორი ნაწლავის სხვადასხვა სირთულის ფისტულები, მწვავე პარაპროქტიტი, ასევე ონკოლოგიური პათოლოგიები, სწორი და მსხვილი ნაწლავის პოლიპები და კუჭის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები.
– პრევენციისთვის რა უნდა ვიცოდეთ?
– პრევენციისთვის სასურველია მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ვიკვებოთ სწორად, ასევე ზომიერი ფიზიკური აქტივობა, კუჭის მოქმედების რიტმის მოწესრიგება, პროქტოლოგიური დაავადებების გართულებას მინიმუმამდე დაიყვანს, უნდა შემცირდეს ყველა რისკფაქტორი – ხანგრძლივი ჯდომითი საქმიანობა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა…
40 წლის შემდგომ იზრდება სწორი და მსხვილი ნაწლავის დაავადებების განვითარების რისკი, ამიტომ ყოველგვარი ჩივილების გარეშეც აუცილებელია სწორი და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა. განსაკუთრებით კი იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვს დატვირთული ოჯახური ანამნეზი და გენეტიკური ფაქტორები ან აქვს რაიმე დამატებითი ჩივილები პროქტოლოგიური თვალსაზრისით, აუცილებელია მიმართონ ექიმს და არ დაიწყონ თვითმკურნალობა. რადგან ამ დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით მრავალი მითია გავრცელებული, რომელთაც ზიანის მოტანაც კი შეუძლიათ. საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ სწორი და მსხვილი ნაწლავის პოლიპები არანაირი კლინიკური ნიშნებით არ გამოვლინდება, მაგრამ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ, ამიტომ პრევენციას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
– დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ…
– პროქტოლოგია ძალიან ინტიმური დარგია და პაციენტი უშუალოდ უნდა შემოვიდეს ექიმთან კომუნიკაციაში, ექიმმა მას მაქსიმალურად უნდა მოუხსნას ყველა ის უხერხულობა რაც ამ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რათა შეკრიბოს სრული ანამნეზი და შეძლოს ადეკვატური დახმარების გაწევა, რაც საბოლოოდ განაპირობებს კარგ შედეგს, რაც ორიენტირებული იქნება შორეულ ხანგრძლივ რემისიაზე ან სრულ გამოჯანმრთელებაზე.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია გვიანი მომართვიანობა, როდესაც მცირე ინვაზიური ან თუნდაც კონსერვატიული მკურნალობა ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულია, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს ნებისმიერი გამონადენის (სისხლი, ლორწო), ნებისმიერი სახის ტკივილის, რომელიც არის კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებული, ჯდომის, სიარულის გაძნელების შემთხვევაში, რაც პირდაპირ კავშირშია, სწორი და მსხვილი ნაწლავის პათოლოგიებთან. არც ერთ შემთხვევაში, არ შეიძლება, რომელიმე პრობლემა დავტოვოთ უყურადღებოდ.
– ხშირად პაციენტები არჩევენ ხალხური მეთოდებით მკურნალობას, ამაზე რა აზრის ხართ?
– ჩვენ კატეგორიულ უარს ვამბობთ მსგავსი სახის მკურნალობაზე, რადგან პირველ რიგში, უნდა მოხდეს სწორი და ზუსტი დიაგნოსტიკა, პროქტოლოგიური დაავადებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს კლინიკური მიმდინარეობით. პაციენტებს, შესაძლოა, მსგავსი ჩივილები ჰქონდეთ სხვადასხვა პროქტოლოგიური დაავადებების დროს, ამიტომ აუცილებელია ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია იმისთვის, რომ მოხდეს ზუსტი დიაგნოსტირება და შესაბამისად ჩატარდეს ადეკვატური მკურნალობა.
– რა შეიცვალა თანამედროვე მედიცინაში იმისთვის, რომ ნაკლებ ინვაზიური იყოს ქირურგიული ჩარევები?
– მედიცინის განვითარებასთან ერთად განვითარდა კოროლექტური ქირურგია, წინა პლანზე წამოვიდა ლაპაროსკოპიული ქირურგია, მცირე პროქტოლოგიაში აქტიურია ე.წ უსისხლო მკურნალობის მეთოდები – ლაზერული ოპერაციები, რომელიც რეაბილიტაციის ბევრად ნაკლებ დროს საჭიროებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ასევე ნაკლებია ტკივილის ინტენსივობა და პაციენტი სწრაფად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
– რა ტიპის საკვებზე უნდა ვთქვათ უარი პროქტოლოგიური პრობლემების დროს?
– ცხარე, მწარე, მჟავე, ძმრიანი, ნიგვზიანი, შებოლილი, გადაკმაზული საკვები, ე.წ. სწრაფი კვება, ალკოჰოლი მაქსიმალურად უნდა იქნას შემცირებული თუ პაციენტს აქვს ესა თუ ის სიმპტომატიკა.
– რამდენიმე კლინიკაში მუშაობთ, თქვენთვის როგორც პროფესიონალისთვის, რა აუცილებელ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კლინიკა, იმისთვის, რომ შედგეს თქვენი თანამშრომლობა?
– გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტის უსაფრთხოებას, ამიტომ კარგ კლინიკაში უნდა იყოს პაციენტისთვის უსაფრთხო გარემო, კლინიკას უნდა ქონდეს გართულების მართვის შესაძლებლობა, რათა რთულ სიტუაციაში იქვე მოხდეს ადეკვატური დახმარების აღმოჩენა. ჩემი მიმართულება იმდენად სპეციფიკურია, რომ ექიმს მუშაობისთვის სჭირდება შესაბამისი გარემო პირობები – უნდა ქონდეს ჰიგიენური პროცედურების ჩატარების საშუალება, კლინიკაში უნდა იყოს სისუფთავე, სიმშვიდე და დღევანდელ პირობებში მნიშვნელოვანია, კოვიდისგან იზოლირებული სივრცე.
დღეს ვთანამშრომლობ ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერასთან“, „ევექსის“ ჰოსპიტლებთან და ამბულატორიებთან, ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რომელიც ამ ეტაპზე, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს იღებს, მაგრამ უახლოეს მომავალში, ალბათ განახლებულ გარემოში დავბრუნდებით.
– რამდენად მოქმედებს ინფექციური დაავადებები პროქტოლოგიური პრობლემების გართულებებზე და რა უნდა იცოდნენ წყვილებმა?
– ინფექციური დაავადების შემთხვევაში, სწორი ნაწლავის დაავადებების განვითარების საკმაოდ მაღალი რისკია, არის ინფექციური დაავადების ერთ-ერთი მიმდინარეობა ე.წ მახვილწვეტიანი კონდილომები, ეს არის პაპილომა ვირუსისგან გამოწვეული გადამდები დაავადება, დროთა განმავლობაში რაოდენობრივად იზრდება კონდილომები და არის მათი გადაგვარების რისკი. ამიტომ ამ ტიპის პაციენტებმა დროულად უნდა მიმართონ ექიმს, რათა მოხდეს ორივე პარტნიორის მკურნალობა.
– რას ნიშნავს თქვენთვის პაციენტი?
– ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, პაციენტის პრობლემის გააზრება და მისთვის სწორი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ჩემი ყოველდღიური ამოცანაა. ამაში დიდ დახმარებას მიწევს დიაგნოსტიკური, ენდოსკოპიური პროცედურები, გასტროსკოპია და კოლონოსკოპია, რომელიც საჭმლის მომნელებელი დაავადებების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტია.
– მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობით არ შემოიფარგლებით და პარალელურად, ლექციებს კითხულობთ თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, როგორ მოახერხეთ ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამდენი?
– ვფიქრობ, ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ისე ვერ გახდები კარგი ექიმი, თუ 24 საათის განმავლობაში არ მუშაობ საკუთარ თავზე, მედიცინა ყოველ წუთში ვითარდება და საჭიროა, ფეხი აუწყო ამ პროცესს.
– როგორც ვიცით, ოჯახში ერთადერთი ექიმი არ ხართ…
– დედა ფარმაცევტია, მეუღლე – ია აღდგომელაშვილი – ანესთეზიოლოგი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს. იქ კეთდება საკმაოდ მასშტაბური ოპერაციები, მათ შორის, გადანერგვები, სადაც ია აქტიურადაა ჩართული და მასაც ჩემსავით მძიმე ფიზიკური დატვირთვა აქვს, ერთი შვილი გვყავს – 9 თვის ქეთევანი.
ნინო დიდებულიძე
კომენტარები