პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს.
იგი მაშინ სცემეს, როცა აგრესიული ჯგუფების ქმედებებს იღებდა. ის ათობით ადამიანმა ალყაში მოაქცია და ურტყა ჯოხები და ფეხები. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, მას თვალებში გაურკვეველი ხსნარი შეასხეს და თვალების დაზიანებაც ამან გამოიწვია.
მას დამატებითი გამოკვლებები უტარდება.
მედიის 6 წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ორ მათგანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკაში რჩება ფორმულას ფოტოგრაფი, ვახო ქარელი, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდგინდა.
ალადაშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას პოლონეთის მოქალაქეც, რომელიც თვითმხილველების თქმით, ძალადობრივმა ჯგუფებმა საყურის ტარების გამო დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.
კომენტარები