ქვეყანაში მასიური ვაქცინაცია დაიწყო, როგორც გვეუბნება ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა.
“ალია” ცდილობს გაარკვიოს, რას ნიშნავს მასიური ვაქცინაცია?
როგორ განმარტავდა ამას პრემიერი ღარიბაშვილი, 2 ივლისს?
ირაკლი ღარიბაშვილი:
“ჩვენი გათვლებით, დღეში, დაახლოებით, 20-დან 25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ.”
2 ივნისი, თამარ გაბუნია:
“მასიური ვაქცინაცია ზაფხულის ბოლოდან არის დაგეგმილი. ქვეყანაში ვაქცინირებულთა 60 %-ს რომ მივაღწიოთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეში დაახლოებით 15-17 ათასი ადამიანი უნდა აიცრას. ვინც იკეთებენ ვაქცინას, დაახლოებით პირველი აცრის შემდეგ 60-70 %-ით არიან დაცული ინფიცირებისგან და უფრო მეტად მძიმე ფორმებისგან.”
30 მარტი, ამირან გამყრელიძე:
“ივლისიდან ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, მასობრივი აცრების ცენტრები გაიხსნება. შესაბამისი მარაგების შექმნის შემდეგ, ამ ცენტრების გამტარუნარიანობა დღეში 3000-4000 აცრა იქნება.”
ახლა კი, “ალია” გაჩვენებთ ციფრებს:
5 ივლისი, ოფიციალური მონაცემი:
სულ ჩატარებული აცრები : 269,154
ერთი დოზით აცრილი : 162,115
ორი დოზით აცრილი : 107,039
6 ივლისი, ოფიციალური მონაცემი:
სულ ჩატარებული აცრები : 272,810
ერთი დოზით აცრილი : 165,433
ორი დოზით აცრილი : 107,377
სხვაობა:
3 656 აცრა
თამარ გაბუნიამ გუშინ განაცხადა, რომ 20 000 ჯავშანი იყო, დღეს კი განაცხადა, რომ 100 000 ჯავშანია უკვე, თუმცა, დაპირებული 15 და 20 ათასის ნაცვლად, აიცრა მაინც იმდენივე, რამდენიც იცრებოდა მასიური ვაქცინაციამდე, 3-4 ათასი.
რა ხდება? მასიური ვაქცინაცია დაიწყო, თუ მასიური რეგისტრაცია?
რატომ?, როგორ ვაპირებთ ამ ტემპით წლის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტის აცრას? თუ არ ვაპირებთ?
როგორც ბატონი ამირანი იტყოდა, კიდევ ერთი-ორი კვირა უნდა დაველოდოთ?
24 ივნისი, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:
“შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრტიკულად მივიჩნევთ. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც ადამიანებს იცავს მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან და, როდესაც ქვეყანაში დღეს ვაქცინა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ამდენად, ამ მიმართულებით ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი”
თუ მასალაში გამოყენებული, რომელიმე ოფიციალური მონაცემი არასწორადაა მოყვანილი, თუ მასიური ვაქცინაცია “სხვა ორშაბათიდანაა” დაანონსებული და რამე “შეგვეშალა”, “ალია” სიამოვნებით მოუსმენს ჯანდაცვის სამინისტროს, ან პრემიერის სამსახურს.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები