რუსთაველის გამზირზე აგრესიული ჯგუფების მხრიდან განხორციელებულ მასტაბურ ძალადობას, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა იხსენებს. ჟურნალისტი დეტალურად ყვება მასზე თავდასხმის ფაქტს და ამბობს, რომ “ჟურნალისტები ხელისუფლებამ სამაგალითოდ დასაჯა”.
“მოძრაობა “სირცხვილიამ” იცოდა, რომ დაიძრნენ მათი ოფისისკენ. ინფორმაცია ჰქონდა პოლიციასაც, 60 კაციან მასას მოყვებოდა 1 პოლიციელი, რომელიც საერთოდ რას აკეთებდა არ ვიცი. უბრალოდ ფორმა მოდიოდა თავისთვის. ესენი გამიზნულად მოდიან, რომ ვიღაც უნდა ჩაქოლონ და 1 პოლიციელი მოყვება.
კიბეზე ვიყავით სადარბაზოში. ჯერ მცემეს ადგილზე, კამერა წამართვეს და დამიმტვრიეს, ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს და დაუმტვრიეს. მერე ორივე მხრიდან ჩაგვქოლეს და კიბიდან გადამაგდეს და დაბლა დაგდებულზე თავში და სახეში ფეხებს მირტყავდნენ,”- იხსენებს “დღის კურიერში” ლექსო ლაშქარავა.
მისივე თქმით, აგრესიული ჯგუფების დიდი ნაწილი თბილისელები არ იყვნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, რადიკალები მთიდან ჩამოყვანილი ხალხი იყო. ლექსო ლაშქარავა მიიჩნევს, რომ მასა დავალებას ასრულებდა.
“ესენი იყვნენ ტყვიები. იარაღი ვის ეკავა ხელში? ეს ხალხი იყო ყველა მართული, ბრბოს ჰქონდა დავალება, რომ მედია გაენადგურებინათ. პოლიცია განზე იდგა, ხელი არ უნდა შეეშალა. ეს ვანდალიზმი იყო საპატრიარქოს და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილება. მღვდლებმა იქადაგეს, საპატრიარქომ სიძულვილი დათესა. 2003 წლიდან ტელევიზიაში ვარ, არასდროს ასეთი რამ არ მომხდარა, რომ ტელევიზიებს ჟურნალისტები გადაღებიდან გაეთხოვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, 26 მაისსაც მსგავსი რამ არ მომხდარა. ეს იყო მიზანმიმართული, “გაპრავებული”… მთავრობამ სამაგალითოდ დაგვასაჯა ალბათ ჩვენი საქმიანობის გამო,”- აღნიშნა “დღის კურიერში” ლექსო ლაშქარავამ.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები